„ნაციონალური მოძრაობა“ და გაერთიანებული ოპოზიცია აქციებისა და შეხვედრების შესახებ ნებისმიერ გეგმას თავად აცხადებს და ნამდვილად არ საჭიროებს ვინმეს [კალაძის] მხრიდან აპეკუნობას", - ასე გამოეხმაურა ენმ-ს წევრი ზურაბ მელიქიშვილი თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას.
როგორც დღეს კალაძემ განაცხადა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" 25 სექტემბერს მერიას ოქტომბერში სამი დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირის გადაკეტვის მოთხოვნით მიმართა. კახა კალაძის თქმით, ოპოზიცია 19-20-21 ოქტომბერს 10:00-დან 18:00 საათამდე თბილისში, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე გეგმავს წინასაარჩევნო შეკრებას და მსვლელობას.
მელიქიშვილმა „ლიბერალს" უთხრა, რომ გაერთიანებულ ოპოზიციის აქვს თავისი სტრატეგია და კამპანიის განმავლობაში გარკვეულ აქცენტებს იღებს. მისი თქმით, საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ბევრი გადაწყვეტილება წინმსწრებად იგეგმება. „მოთხოვნა შესაძლოა, ბევრ სხვა თარიღზე ყოფილიყო, თუმცა კამპანიის დროს შტაბი განსაზღვრავს, სად რა შეხვედრა იგეგმება. აღნიშნულ თარიღებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს რეგიონებში, დასავლეთ საქართველოში შეხვედრები აქვს დაგეგმილი", - ამბობს მელიქიშვილი და დასძინენს, - „ნებისმიერ მსვლელობას, რომელიც შეიძლება საქართელოში ჩატარდეს, საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს და მერის დაცვას არ საჭიროებს. მთავარია, დანიშნულმა მერმა არც ერთ აქციას ხელი არ შეუშალოს. ზოგადად, ნებისმიერი აქციის ან შეხვედრის თარიღი დღის წესრიგიდან გამომდინარე ხშირად იცვლება. ბუნებრივია განცხადების შეტანა წინმსწრებად ხდება, მაგრამ რას ემსახურება კალაძის განცხადება, ეს თავად მას ჰკითხეთ. ნებისმიერ ქალაქში, ნებისმიერი მსვლელობის უსაფრთხოებას კონსტიტუცია განსაზღვრავს და არა ივანიშვილის მიერ დანიშნული მერები და გამგებლები. მთავარია, მათ პროცესს ხელი არ შეუშალონ და იმ ჩასვრილ პროცესს მიხედონ, რომელიც საქართველოშია".