სახელმწიფო, რომელიც ვერ უზრუნველყოფს, რომ ნარკოტიკები აღმოიფხვრას და ასეთი დოზით არ იყოს ქვეყანაში შემოსული, მე ვერ დავუჯერებ, რომ ის თუნდაც სამედიცინო თვალსაზრისით ამ ყველაფერის რეგულაციას მოახდენს, - ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დეკანოზმა მოზარდებში მარიხუანის მოხმარების გაზრდილ შემთხვევებზე ისაუბრა და არსებული სიტუაცია 90-იან წლებს შეადარა, როდესაც ნარკოტიკი ახალგაზრდებისთვის იოლად ხელმისაწვდომი იყო.
მისი თქმით, პარლამენტში მარიხუანის კულტივაციასთან დაკავშირებით წარდგენილ კანონპროექტს საპატრიარქო რადიკალურად ემიჯნება და არანაირ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს.
„სახელმწიფო, რომელიც ვერ უზრუნველყოფს, რომ ნარკოტიკები აღმოიფხვრას და ასეთი დოზით არ იყოს ქვეყანაში შემოსული, მე ვერ დავუჯერებ, რომ ის თუნდაც სამედიცინო თვალსაზრისით, ამ ყველაფერის რეგულაციას მოახდენს. წარმოუდგენელია ასეთი რამ! რატომ მეპარება ამაში ეჭვი? ჯერ ერთი, ამ თემებზე ჩვენ გვესაუბრება შსს და არ გვესაუბრება ჯანდაცვის სამინისტრო. თუ ეს ყველაფერი სამედიცინო თვალსაზრისითაა, რატომ არ საუბრობს ჯანდაცვის მინისტრი? რატომ არ გამოვიდა ამ ინიციატივით ჯანდაცვის სამინისტრო და რატომ გამოდის შსს? კიდევ, ჩვენ გვესაუბრებოდნენ, რომ მარიხუანა, რომლის კულტივაცია უნდა მოხდეს, არის არამათრობელა საშუალება. თუ არამათრობელა საშუალებაა, რატომ უნდა შემოვღობოთ ის ზონა?! რატომ უნდა იყოს დაცული? ვისგან უნდა დავიცვათ, ვინ მოიპარავს, მარიხუანა თუ მათრობელა საშუალება არ არის? მისგან ზეთებს ადამიანი თავისით ვერ გამოხდის. ძალიან ძვირადღირებული აპარატურა სჭირდება, რითაც მარიხუანა უნდა დაამუშაონ. მე არ მინახავს ვენახი, რომელსაც პოლიცია იცავს", - განაცხადა დეკანოზმა.
მისივე თქმით, დღეს ხდება ნარკოტიკის პროპაგანდა, რაზეც მომხმარებელთა გაზრდილი რაოდენობა მეტყველებს. დეკანოზის თქმით, საჭიროა მარიხუანის მოხმარებისთვის რეგულაციების დაწესება და მომხმარებელ პირთა რეგისტრირება.
„დღეს ქვეყანაში ასეთი რეალობაა: ადამიანი, რომელიც იძახის, რომ მარიხუანის მომხმარებელია, საპრეზიდენტო კანდიდატად გვყავს ქვეყნაში. ამბობს, რომ პრეზიდენტი უნდა გავხდე თქვენი. წარმოგიდგენიათ, რა დასაცინები ვართ!" - განაცხადა მან.
მისივე თქმით, ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა და ასეთი ადამიანების წარმოჩენა თითქმის არ ხდება.