რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძე დააკავეს. შსს-ს ცნობით, ის პოლიციელზე თავდასხმის მუხლით არის დაკავებული.
აქციის მონაწილე და თვითმხილველი გიორგი მათიაშვილი „ლიბერალთან“ ჰყვება, რომ წვიმის შემდეგ ზაზა სარალიძე პარლამენტის წინ დაბრუნდა. მას საწოლებზე ბანერის გადაფარება სურდა, რათა წვიმისგან დაეფარათ ის და ამას მოჰყვა დაპირისპირება. მისი თქმით, პოლიცია წავიდა პროვოკაციაზე, რა დროსაც ზაზა სარალიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მათ და ამას მოჰყვა დაძაბულობა და სარალიძის დაკავება.
„დაახლოებით 40 წუთის წინ, ძლიერი წვიმის შემდეგ ზაზა დაბრუნდა. რომ მოვიდა საწოლზე ბანერის გადმოფარებას ვცდილობდით, რის შემდეგაც მოვიდა პოლიცია, ეს დღეები სულ ეს კონფლიქტი გრძელდება, რომ საწოლებზე ცელოფნებს გვაფარებინებენ და წყალი ჩადის. პოლიცია მოვიდა, პროვოკაციაზე წავიდნენ, გამოიწვიეს ზაზა და ზაზამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. რის შემდეგაც იყო დაძაბულობა, რა დროსაც მოხდა ზაზას დაკავება. ჩასვეს მანქანაში და მასთან ერთად დააკავეს ორი ჩვენი მეგობარი“, - განაცხადა აქციის მონაწილემ გიორგი მათიაშვილმა.
შსს: ჯოხით შეიარაღებული ზაზა სარალიძე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს
შსს-ს ცნობით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ზაზა სარალიძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაკავებულია ასევე ზაზა სარალიძის თანმხლები ორი პირი.