მარიხუანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონში ასახვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს იურიდიულმა კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, კომიტეტმა მხარი კანონპროექტს რედაქციული შენიშვნების გათვალისწინებუით დაუჭირა.
რაც შეეხება სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვას, აღნიშნული ნორმა მომავალი წლის 1-ელი აპრილიდან შევა ძალაში და პირი დაისჯება სისხლის სამართლის წესით - ჯარიმით ან თავისუფლების ერთ წლამდე აღკვეთით დაისჯება.
„კანონპროექტის განხილვის პროცესში დაისვა კითხვები, იყო თუ არა მზად სამართალდამცავი ორგანო შესაბამისი ტესტებითა და შემოწმების შესაბამისი პროცედურისთვის. ეს ნორმა 2019 წლის აპრილამდე არ ამოქმედდება. იქამდე მოხდება სრულად მომზადება, მოწესრიგდება, რათა მძღოლის შემოწმება კანონის სრული დაცვით მოხდეს და მოესწროს მოქალაქეთა ინფორმირებულობა“, - განაცხადა ბესელიამ.
---
აღნიშნული პროექტი რამდენიმე კანონში ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის -ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში.
კანონპროექტში ვკითხულობთ, მცენარე კანაფის ან მარიხუანის მოხმარება ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, სასამართლოში, აეროპორტში, სამედიცინო ან/და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა- ნაგებობებში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მათ შორის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტში), ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში ან/და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილას, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით.
იმ შემთხვევაში, თუ პირი განმეორებით ჩაიდენს ამ სამართალდარღვევას, მაშინ ჯარიმა 1000 ლარიდან 1500 ლარამდე გაიზრდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ მარიხუანის მოხმარება ასევე იკრძალება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილისა.
წაიკითხეთ ვრცლად კანონპროექტის შესახებ ბმულზე;
მარიხუანის მცირე ოდენობით ფლობა ისევ 500 ლარით დაჯარიმდება - კანონპროექტი
ქუჩაში, პარკში, კაფეში მარიხუანის მოხმარება 500-დან 1000 ლარამდე დაჯარიმდება - კანონპროექტი