67% ნარკოდამოკიდებულ პირებს მეზობლებად არ ისურვებდნენ, - CRRC-საქართველომ „სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია საქართველოში: საზოგადოების განწყობა და ინფორმირებულობა“ - კვლევა ჩაატარა.
„გამოკითხვის ფარგლებში მონაწილეებს ეთხოვათ, დაესახელებინათ ის ჯგუფები, რომლებსაც მეზობლებად არ ისურვებდნენ. მათ შეეძლოთ, მოენიშნათ იმდენი ჯგუფი, რამდენიც სურდათ. ყველაზე ხშირად, მონაწილეები ნიშნავდნენ ნარკოდამოკიდებულ პირებს (67%) და კრიმინალებს (67%), ხოლო შემდეგ ლგბტ ადამიანებს (54%). სხვა ჯგუფები რესპონდენტთა მხოლოდ მცირე ნაწილმა დაასახელა, რაც ამყარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ უმცირესობის ჯგუფებს შორის, საქართველოში ნეგატიური განწყობა ყველაზე მეტად ლგბტ ადამიანების მიმართ არსებობს", - აღნიშნულია კვლევაში.
კვლევის მეთოდოლოგია:
საზოგადოების მიერ ზემოაღნიშნული საკითხების აღქმის შესაფასებლად, CRRC საქართველომ ჩაატარა კვლევა შერეული მეთოდების გამოყენებით. თვისებრივი მონაცემების შესაგროვებლად კვლევა ითვალისწინებდა ჩაღრმავებულ ინტერვიუებსა და ფოკუსჯგუფებს უმცირესობების სხვადასხვა ჯგუფისა და ეთნიკური ქართველების მონაწილეობით. რაც შეეხება რაოდენობრივი მონაცემების შეგროვებას, ამ მიზნით, CRRC-საქართველომ ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა წარმომადგენლობითი კვლევა, რომლის მიღწეული შერჩევის ზომაც იყო 2205 რესპონდენტი, ხოლო საშუალო ცდომილების ზღვარი - 2.9%. შერჩევა მოიცავდა საქართველოს იმ ტერიტორიების წარმომადგენლობით სამიზნე ჯგუფებს, სადაც მოსახლეობის ძირითადი ენაა სომხური ან აზერბაიჯანული. კვლევა, ასევე, წარმომადგენლობითია ქვეყნის მასშტაბით.