
„თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებით, დღეს სახეზე არ არის საპარლამენტო არჩევნების ვადაზე ადრე ჩატარების არც ობიექტური საჭიროება და არც კანონიერი საფუძველი. ასევე, როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში არცერთ კანდიდატს არ უჭერენ მხარს.
„ამგვარად, „თავისუფალი დემოკრატები“ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას ვერც „ნაციონალური მოძრაობის“ და ვერც „ქართული ოცნების“ მომავალ საქმიანობაზე და, შესაბამისად, ვერ მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებში რომელიმე ამ პოლიტიკური ძალის კანდიდატის მხარდაჭერისაკენ.
საჭიროდ მიგვაჩნია აღვნიშნოთ, რომ ქვეყნის დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისათვის არ იქნება სასარგებლო საპარლამენტო არჩევნების კონსტიტუციურ ვადაზე ადრე ჩატარება. დღეს სახეზე არ არის საპარლამენტო არჩევნების ვადაზე ადრე ჩატარების არც ობიექტური საჭიროება და არც კანონიერი საფუძველი“, - ნათქვამია განცხადებაში.
„თავისუფალი დემოკრატები“ ხელისუფლებას მიმართავენ:
- უზრუნველყოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სამართლიანად და მშვიდობიანად ჩატარება. არჩევნებში ობიექტურად დაფიქსირებული ნებისმიერი შედეგი, მეორე ტურში მონაწილე რომელი პოლიტიკური ძალის სასარგებლოც არ უნდა იყოს ის, მიიღოს ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებად და არავითარ შემთხვევაში არ შეეცადოს მის დამახინჯებას;
- მაქსიმალურად სწრაფად დააყენოს პარლამენტში საკითხი მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ეს, ერთი მხრივ, უპასუხებს პოლიტიკური სპექტრის და სამოქალაქო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მოთხოვნას და რაც მთავარია, ხელს შეუწყობს ამომრჩევლის ნების პროპორციულად, სამართლიანად ასახვას არჩევნების შედეგებზე.