Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კოალიცია: ჰააგამ შესაძლოა პასუხისგებაში მისცეს, როგორც ქართველი, ისე რუსი მაღალჩინოსნები

22 ნოემბერი, 2018 16:34

„საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის“ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში მიმდინარე დისკუსიებმა ნათლად წარმოაჩინა, რომ საზოგადოებას არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია ამ პროცესისა და მასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, განცხადებაში მოტანილია გარკვეული განმარტებები წარმართულ დისკუსიებთან დაკავშირებით.

კალაძე გამოძიების დასრულებამდე აცხადებს, რომ ქართველებს ჰააგის სასამართლოს წინაშე წარდგომა არ მოუწევთ

„რაც შეეხება საქართველოს სიტუაციას, სასამართლოს პროკურორის ოფისმა ჯერ კიდევ 2008 წლის 14 აგვისტოდან დაიწყო წინასწარი მოკვლევა აგვისტოს ომის დროს მომხდარ დანაშაულებთან დაკავშირებით.

2009 წლის დასაწყისში, ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისს წარვუდგინეთ სპეციალური ანგარიში „აგვისტოს ნანგრევებში“. აღნიშნულ ანგარიშში თავმოყრილია აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე მასობრივად ჩადენილი სასტიკი და არაჰუმანური ქმედებების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოიცავს 1055 დაზარალებული ადამიანის ჩვენებას. ანგარიშის საბოლოო ვერსიასთან ერთად სასამართლოში გადაიგზავნა სტატისტიკური ანალიზი და ყველა ის სამუშაო მასალა, რომელიც ანგარიშს უდევს საფუძვლად.

წინასწარი მოკვლევის ფარგლებში პროკურორის ოფისი პერიოდულად ითხოვდა ინფორმაციას საქართველოსა და რუსეთისაგან ეროვნულ დონეზე მიმდინარე გამოძიების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისა და საქართველოს შესაბამისი უწყებები ოფიციალურად აცხადებდნენ, რომ 2008 წლის ომის დროს ჩადენილ დანაშაულებზე ეროვნულ დონეზე გამოძიება მიმდინარეობდა, გამოძიების პროგრესი და შედეგები საზოგადოებისა და დაზარალებულთათვის უცნობი იყო.

საქართველოს საგამოძიებო ორგანოების მხრიდან პასიურობის გათვალისწინებისა და დაზარალებულთათვის მართლმსაჯულების აღსრულების მიზნებისთვის, 2012 წელს არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასამართლოს პროკურორის ოფისს ზემოთ ხსენებულ ანგარიშში წარმოდგენილი დანაშაულებების გამოძიების დაწყების მოთხოვნით მივმართეთ, თუმცა, ამას არ მოჰყვა სასამართლოს მხრიდან რეაგირება, ვინაიდან პროკურორის ოფისი აკვირდებოდა ადგილობრივ დონეზე გამოძიების მიმდინარეობას და არ მიიჩნევდა საჭიროდ სასამართლოს ჩართვას.

2013 წელს, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განმარტა, რომ აგვისტოს ომის დროს მომხდარი დანაშაულების გამოძიება რომის სტატუტიდან გამომდინარე ქვეყნის ვალდებულებას წარმოადგენდა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ამას ვერ შეძლებდა, არ აღმოჩნდებოდნენ საკმარისად პროფესიონალები ან არ იქნებოდა საკმარისი პოლიტიკური ნება, მაშინ საქმის გამოძიება საერთაშორისო დონეზე წარიმართებოდა.

2 წლის შემდგომ, 2015 წლის 17 მარტს, ჰააგის სასამართლოს პროკურორმა მიიღო წერილი საქართველოს იუსტიციის მინისტრისგან. როგორც სასამართლოსთან კომუნიკაციიდან ირკვევა, იუსტიციის სამინისტრომ პროკურორის ოფისს აცნობა, რომ საქართველოს საგამოძიებო ორგანოების მიერ წარმოებულ გამოძიებაში ვერ მოხდებოდა შემდგომი პროგრესი არსებული უსაფრთხოების პრობლემებიდან გამომდინარე, შესაბამისად, ადგილობრივ დონეზე გამოძიება წყდებოდა გაურკვეველი დროით.

აქედან გამომდინარე, 2015 წლის ოქტომბერში სასამართლოს პროკურორის ოფისმა თავისი ინიციატივით შუამდგომლობით მიმართა წინასასამართლო პალატას გამოძიების დაწყების თაობაზე, რაც მოსამართლეებმა 2016 წლის იანვარში დააკმაყოფილეს. აღნიშნული მიმართვიდან და წინასასამართლო პალატის გადაწყვეტილებიდან გამოიკვეთა გამოძიების ფარგლები, რომელიც მოიცავს: 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდის განმავლობაში ჩადენილ დანაშაულებს, მათ შორის: ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, როგორიცაა: მკვლელობა, მოსახლეობის იძულებით გადაადგილება და დევნა, და ომის დანაშაულებს: მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები, სამშვიდობოებზე განზრახ თავდასხმა, ქონების განადგურება და ძარცვა“,- ნათქვამია განცხადებაში. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჰააგის პროკურორმა გამოკვეთა სამი მხარე, მათ შორის: ქართული და რუსული შეიარაღებული ძალები და ოსური ძალები, შესაბამისად, სასამართლომ შეიძლება, პასუხისგებაში მისცეს როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მაღალი თანამდებობის მქონე პირები, რომლებსაც ყველაზე მეტად მიუძღვით ბრალი ზემოთ აღნიშნული დანაშაულების ჩადენაში.

კოალიცია მოუწოდებს:

საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს:

- გაააქტიურონ მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლებთან მიმდინარე გამოძიების პროცესთან დაკავშირებით.

- გამოყონ მუდმივი წარმომადგენელი და მისი მეშვეობით აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ასამბლეის ბიუროსა და სხვადასხვა კომიტეტების საქმიანობაში;

- 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მომხდარ დანაშაულებთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, განმარტონ, რამ გამოიწვია 2015 წელს იუსტიციის სამინისტროს მიერ მსგავსი მიმართვის გაგზავნა სასამართლოს პროკურორის ოფისთან.

- კომპლემენტარობის პრინციპიდან გამომდინარე ეროვნულ დონეზე აწარმოონ ეფექტური გამოძიება და მოახდინონ საზოგადოების ინფორმირება ომის დროს მომხდარი დანაშაულების გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე. აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩადენილი დანაშაულების სიმძიმისა და მასშტაბების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, გატარდეს ყველა საჭირო და აუცილებელი ღონისძიება, რათა რუსეთის მხრიდან ჩადენილი ქმედებები არ დარჩეს გამოუძიებელი და დაუსჯელი.

ხელისუფლების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს:

- თავი შეიკავონ სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ ნაწარმოები გამოძიების, ასევე, მიმდინარე პროცესების თაობაზე გადაუმოწმებელი და არაზუსტი განცხადებების გაკეთებისა და მოცემული საკითხის პოლიტიზირებისგან, რადგან აღნიშნულმა შესაძლოა, საერთაშორისო დონეზე დამაზიანებელი ეფექტი იქონიოს საქართველოს ინტერესებზე;

- მცდარი ინფორმაციის გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს არასწორი მოლოდინების გაჩენა დაზარალებულებში და ზოგადად საზოგადოებაში, რამაც შეიძლება სამომავლოდ დააზიანოს მიმდინარე პროცესი და უკურეაქცია მოახდინოს, რაც გამოიწვევს მართლმსაჯულების საერთაშორისო ინსტიტუტების წინაშე საზოგადოების ნდობის დაკარგვას;

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისს, კანცელარიასა და სასამართლოს ადგილობრივ ოფისს:

- გაააქტიურონ ცნობიერების ამაღლების კამპანიები და საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდონ ინფორმაცია სასამართლოს მანდატის, საქმიანობისა და როლის შესახებ;

- საზოგადოებას, მათ შორის დაზარალებულებსა და მათ წარმომადგენლებს მიაწოდონ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ;

- განმარტონ გამოძიების ძირითადი ასპექტები, მათ შორის გამოძიების ფარგლები, რამდენი მხარის მიერ შესაძლო ჩადენილ დანაშაულებს იძიებს სასამართლო და რა გარანტიები არსებობს ცალმხრივი გამოძიების პროცესის თავიდან ასარიდებლად.

საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობას:

- ზემოაღნიშნული საკითხების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე, უზრუნველყონ ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა აქტივობების მხარდაჭერა დევნილთა სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მიმდინარე პროცესების მონიტორინგისა და მათზე ცნობიერების ამაღლების მიზნით.

განცხადებას ხელს აწერს:

  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • საერთაშორისო მართლმსაჯულება (Justice International)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი (GCRT)

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^