უკრაინის საზღვაო გემებზე იერიში და მათი დაყოვნება წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო სამართლის უხეშ დარღვევას და ხელყოფს მთლიანი რეგიონის უსაფრთხოებას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საკუთარ Twitter გვერდზე დაწერა.
„ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს. უკრაინის საზღვაო გემებზე იერიში და მათი დაყოვნება წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო სამართლის უხეშ დარღვევას და ხელყოფს მთლიანი რეგიონის უსაფრთხოებას. საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები ვითარების დეესკალაციისთვის“, - აცხადებს ზალკალიანი.
უკრაინის საზღვარო ძალების ინფორმაციით, ქერჩის სრუტეში რუსულმა მხარემ მათ გემებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ექვსი მეზღვაურია დაჭრილი.