„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დედას პასუხობს.
„ქალბატონო მედიკო, მე არ ვიმსახურებ თქვენგან იმას, რასაც წერთ. მორიგჯერ გამოვთქვამ წუხილს იმის გამო, რომ სამართალი ჯერ ვერ იპოვეთ, მაგრამ იცოდეთ: მართალ კაცს, თუ მართალია... როცა მართალია, ეს სიმართლე არ დაეკარგება“,- წერს ინაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
მისი თქმით, ის საჯაროდ მიმართავდა და მიმართავს ხელისუფლებას, რომ ითქვას სიმართლე, ჩატარდეს ობიექტური გამოძიება და დაისაჯონ დამნაშავეები.
„დღეს დილით სარალიძეს პანაშვიდი გადავუხადე და თქვენი შვილის სახელზე, დაბადების დღისთვის რაც გასაკეთებელი იყო, თქვენი წესისამებრ, ისიც გაკეთდა. ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ“,- წერს ინაშვილი.
გუშინ, 25 ნოემბერს თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი აქცია „დღეს თემირლანი 20 წლის გახდებოდა“ გაიმართა, რა დროსაც მაჩალიკაშვილის დედამ სიტყვით გამოსვლისას ირმა ინაშვილს მიმართა.
"ინაშვილო, შენ პანიკისის ხეობაში იყავი, ვითომ ჩემს მწუხარებას იზიარებდი" - თემირლანის დედა
"რომ არა ეს ხელისუფლება თემირლანი 20 წლის გახდებოდა. ძირს ეს მკვლელი ხელისუფლება. ძირს მკვლელები! თუ გულით გაქვთ, თუ ოდნავ ნამუსი გაქვთ, თქვენ ყველა აქ უნდა იყოთ. გავიგე დღეს აქ აქცია იმართება ინაშვილის მიერ. ინაშვილო, შენ პანიკისის ხეობაში იყავი, ვითომ ჩემს მწუხარებას იზიარებდი. ყოჩაღ შენ ქალობას, ყოჩაღ შენ დედობას. დედამ იცის შვილის ტკივილი რა არის და ყველა დედა ჩემს გვერდით უნდა იყოს“,- მიმართა სიტყვით აქციის მონაწილეებს თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ მედიკო მარგოშვილმა.
ზემოხსენებული აქციის პარალელურად თავისუფლების მოედანზე „პატრიოტთა ალიანსის" აქცია გაიმართა.