საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი გამოცემა sportall.ge-თან უარყოფს ოსაკაში ქართველი ძიუდოისტების დაპირისპირებას.
ათაბეგაშვილის თქმით, ძიუდოს ფედერაციას ნაკრების წევრებს შორის ჩხუბზე ინფორმაცია არ მიუღია და ფაქტს ვერ დაადასტურებს. ხოლო თუ ვინმე წარმოადგენს დაპირისპირების დამამტკიცებელ საბუთს, მაშინ პრეზიდენტის თქმით, ფაქტს მკაცრი რეაგირება მოჰყვება.
რაც შეეხება ტატამზე ლაშა შავდათუაშვილის გაუსვლელობას, ათაბეგაშვილი sportall.ge-თან ამბობს, რომ ამ თემაზე განცხადებას თავად სპორტსმენი გააკეთებს და ჩხუბთან კავშირი არ აქვს.
იაპონიაში, 23-25 ნოემბერს ოსაკას გრან სლემი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა უმედლოდ დაასრულა. წარუმატებლად იჭიდავეს ვაჟა მარგველაშვილმა, ნუგზარ ტატალაშვილმა, უშანგი მარგიანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა და გურამ თუშიშვილმა. ლუხუმ ჩხვიმიანი, ლაშა შავდათუაშვილი და ზებედა რეხვიაშვილი კი ტატამზე ვერ გავიდნენ.
მოგვიანებით, ძიუდოს ქომაგების Facebook გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნაკრების წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და ლაშა შავდათუაშვილმა ასპარეზობა ამ მიზეზით გამოტოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბის მიზეზი ფედერაციის წინააღმდეგ დაწყებულ პროტესტს ეხებოდა. სპორტსმენთა ნაწილი ლაშა შავდათუაშვილსა და ვაჟა მარგველაშვილს აბრალებდა, რომ ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტში ნაკრებს მხარი არ დაუჭირეს.