პარტია „ევროპული საქართველოს" ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, პარტია აპირებს, დაელოდოს ცესკოს საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას და ამის შემდგომ მიიღებენ გადაწყვეტილებას სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება კონკრეტულად არჩევნების შეფასებას და პარტია „ევროპული საქართველოს“ სამომავლო გეგმებს, ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, შექმნილ ვითარებაში რამხელა პასუხისმგებლობა ეკისრება თითოეულ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ ძალას. ჩვენ დაველოდებით არჩევნების საბოლოო შედეგებს, დაველოდებით ცესკოს საბოლოო გადაწყვეტილებას. გვექნება კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო დამკვირვებლებთან და აქედან გამომდინარე, ახლო მომავალში გაცნობებთ ჩვენს გადაწყვეტილებას სამომავლო გეგმებზე. არჩევნების პროცესი იყო მძიმე და ცუდი ქართული დემოკრატიისთვის, მაგრამ საბოლოო შეფასებას გავაკეთებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენი და მთლიანად პოლიტიკური სპექტრის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით ამ ქვეყნის მომავლის წინაშე გვექნება შესაბამისი კონსულტაციები, როგორც პარტიის შიგნით, ასევე ჩვენს პარტნიორებთანაც“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.
მისივე თქმით, საარჩევნო პროცესი იყო უკიდურესად მძიმე, პირველ და მეორე ტურებს შორის შუალედში კი იყო ბევრი უხეში დარღვევა.
როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის", ისე ტვ „იმედის" დაკვეთით წარმოებული ეგზიტპოლის მიხედვით, მეორე ტურში, წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.
„იმედის“ ეგზიტპოლის წინასწარი მონაცემები: გრიგოლ ვაშაძე 42% - სალომე ზურაბიშვილი 58%