გიგი უგულავა გაერთანებული ოპოზიციის მიერ ვირას დაგეგმილ აქციაზე მიდის - ამის შესახებ განცხადება მან Facebook-ის პირად გვერდზე გაავრცელა.
მისი თქმით, „ევროპული საქართველო" არაა აქციის ორგანიზატორი, რამდენადაც ორგანიზატორობა სხვადასხვა ტიპის მოვალეობებს და ურთიერთობებს გულისხმობს პარტიებს შორის, თუმცა მიაჩნია, რომ ხალხისთვის ამ ეტაპზე ეს ასპექტი არაარსებითია.
„ევროპული საქართველო“ გაერთიანებული ოპოზიციის აქციას არ შეუერთდება
„ამიტომ ამაზე არ დავკონკრეტდები. მთავარია, პარლამენტის პროპორციული არჩევნები. ჩვენ ყველა აქცია, როგორც ზეწოლის ფორმა, დისკუსიის ფორმატები (მათ შორის უმრავლესობასთან, რადგან გადაწყვეტილება მათი მისაღებია), საერთაშორისო ბერკეტები უნდა გამოვიყენოთ ამ მიზნისთვის. ამას ნიშნავს სწორედ, რომ ჩვენ ვართ კვირას დაგეგმილი აქციის მიმართ სოლიდარულები. მე პირადად ამ აქციაში ამ სულისკვეთებას ვხედავ. აქციებზე ყოველთვის გაისმის გვერდითი იდეები, არასწორი და ხშირად მიუღებელი განცხადებები. ეს თანმდევი პროცესია. ასეთი რამ ცხადია უნდა გავაპროტესტოთ, მაგრამ მთავარი თემიდან ფოკუსი არ უნდა გადავიტანოთ. პროპორციული საპარლამენტო არჩევნების გარშემო უნდა გავერთიანდეთ, სხვა თემებზე ცხადია გვექნება განსხვავებული პოზიციები. აქ ევროპული საქართველოს, როგორც საპარლამენტო უმცირესობის, როლი განსაკუთრებულია. ამიტომ მე მივდივარ კვირის აქციაზე" - წერს უგულავა.
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ, ფილარმონიაში შეკრებილ მხარდამჭერებთან გამოსვლისას თქვა, რომ კვირას, 15:00 საათზე ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება.
გრიგოლ ვაშაძის თქმით, ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ: „მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, პროპორციული ან რეგიონულ-პროპორციული სისტემით", - აცხადებს ვაშაძე.