პარასკევს, 11 სთ-ზე, ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსში გაიმართება „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის" პრეზენტაცია, რომელზეც მოძრაობის წევრები: ალეკო ელისაშვილი, ლევან იოსელიანი, ვატო სურგულაძე და სხვები გაგაცნობთ გუნდის ხედვებსა და სამომავლო გეგმებს. დასწრება თავისუფალია.
ელისაშვილის თქმით, მოძრაობის მიზანია „აჩვენოს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხალხი და მოქალაქე".
„მე და ჩემს თანამოაზრეებს გვინდა, მთავრობის კონტროლი ყოველდღიურ რუტინად ვაქციოთ". - ამბობს ელისაშვილი „ლიბერალთან“ ინტერვიუში.
ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ დროთა განმავლობაში სამოქალაქო მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას. - „თუმცა, ახლა პირველივე მიზანი არ არის, რომ არიქა, გავექანოთ და აუცილებლად არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენ უფრო დიდ მიზნებს ვისახავთ. ეს არის მოქალაქეებში რწმენის გაძლიერება და ის, რომ მათ დაინახონ პერსპექტივა. ასეთი არაჩვეულებრივი ქვეყანა და, გადაუჭარბებლად ვიტყვი, არაჩვეულებრივი ხალხი, არ შეიძლება ასეთ სიღატაკეში იყოს. ეს ჩვენი ბრალია. ამის დაძლევა გვინდა".
მისივე თქმით, „თუ ჩვენი სამოქალაქო მოძრაობა გარდაიქმნება პოლიტიკურ ორგანიზაციად, მესამე ძალობას და მაჩანჩალობას არ ვაპირებთ. ვეცდებით, რომ ეს იყოს პირველი და ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა".
უფრო ვრცლად მოძრაობის გეგმებზე წაიკითხეთ „ლიბერალთან" ინტერვიუში.