Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რთული, მაგრამ გასაკეთებელი" - რა გეგმები აქვს ალეკო ელისაშვილს

21 ნოემბერი 2018

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა ორი პოლიტიკური ძალა გამოკვეთა - „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა". თუმცა, არის დიდი ნაწილი ამომრჩევლებისა, ვისაც ეს სტატუს-კვო არ მოსწონს.

იპოვნის თუ არა  ეს ამომრჩეველი 2020-მდე დასაყრდენ ძალას? „ლიბერალი" თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს, საკრებულოს ყოფილ წევრს, ალეკო ელისაშვილს ესაუბრა. 
 

ისე ჩანს, თითქოს პოლიტიკური აქტივობა შეწყვ

არ ვაქტიურობდი საჯაროდ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტახტზე წამოგორებული დარდს ვიყავი მიცემული.  თვითმმართველობის არჩევნების დამთავრების შემდეგ ერთი დღეც არ გავჩერებულვარ. რამდენჯერმე ვიყავი ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკომისიაში... ძალიან საინტერესო შეხვედრები მქონდა. მათაც აინტერესებდათ ჩემი გეგმები და მეც მსურდა იმ ადამიანებთან შეხვედრა, ვინც ევროპის პოლიტიკას ქმნის.

მე ჩამოვაყალიბე სამოქალაქო მოძრაობა, რომლის პრეზენტაცია არჩევნების შემდეგ იქნება. ახლა არ მინდა, ამ ორპოლუსიან მძაფრ წინასაარჩევნო რეჟიმში გაჩხერა. ამიტომაც მაქვს ერთგვარი პაუზა, მაგრამ ჩვენ დილიდან საღამომდე ვმუშაობთ. ვხვდებით თანამოაზრეებს, ვფიქრობთ, როგორ გავააქტიუროთ მოქალაქეები უფრო მეტად.

რა მიზნები აქვს მოძრაობას?

იმის ჩვენება, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხალხი და მოქალაქე. პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით ხელისუფლებაში მყოფთ, არჩევნების შემდეგ ავიწყდებათ ხალხი და მათი დარდი, მათი არსებობა ავიწყდებათ. ჰგონიათ, რომ ეს არის მასა, რომელსაც რასაც გინდა, იმას გაუბედავ: ფულს მოპარავ, აწვალებ, აბუჩად აიგდებ, უსამართლოდ მოექცევი... არადა, ამ ხალხმა მერე ძალიან მძიმედ იცის ხოლმე პასუხის გაცემა. იმდენად, რომ აი ახლა ვხედავთ, როგორი დარეტიანებულია პირველი ტურის შემდეგ „ქართული ოცნება“, ისეთი მოხვდა ხალხისგან. (სწორედ ხალხისგან და არა სააკაშვილისგან. სააკაშვილი ახლა ტკბობაშია და ჰგონია, რომ ეს დარტყმა მან მიაყენა, რომ მას აქვს ამხელა მხარდაჭერა, სინამდვილეში ეს ხალხის პროტესტია).

მაგრამ, ჩვენ, ალბათ უფრო საბჭოთა ინერციიდან გამომდინარე, პერიოდული გააქტიურება გვახასიათებს. ყოველდღე კი არ ვიბრძვით ჩვენი უფლებებისთვის,  ხელისუფლებას უწყვეტ რეჟიმში არ ვაკონტროლებთ.  წლების განმავლობაში ვითმენთ და მერე ზამბარას პრინციპით ვაბრუნებთ პასუხს. მე და ჩემს თანამოაზრეებს გვინდა, რომ მთავრობის კონტროლი ყოველდღიურ რუტინად ვაქციოთ.

ეს - მიზანი. გზები? მეთოდები?  

ზოგადიდან დავიწყებ: ჩვენ გვახასიათებს რამდენიმე მძიმე სტერეოტიპი. ერთ-ერთი ისაა, რომ არ გვაქვს საკუთრების განცდა. ამ ქვეყანას ვერ აღვიქვამთ ისე, როგორც საკუთარ სახლს, და შესაბამისად, ვერ ვუვლით.  ვცხოვრობთ ისეთ სახლში/ქვეყანაში, სადაც წვიმაც ჩამოდის, ფანჯრებიც ჩამტვრეულია, კარი არ არის, იატაკი ჩავარდნილია. ჩვენ კი ველოდებით, იქნებ ბიძინა ივანიშვილი კარგ ხასიათზე დადგეს, ფანჯრები ჩაგვისვას, სახურავი გადაგვიხუროს და ა.შ. არადა, ჩვენს საკუთარ საცხოვრებელ სახლში რომ ასე მოხდეს, ხომ იმ წამს დავფაცურდებით და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პრობლემის მოვაგვარება იქნება, რადგან ვიცით, რომ ეს ჩვენია. საკუთარ სახლში ცუდ პირობებში არ უნდა ვცხოვრობდეთ. აი, იმას რომ გავიაზრებთ, რომ საქართველოც  ჩვენი სახლია, მაშინ წავა უკეთ ამ ქვეყნის საქმე.  

მეორე, რაც ასევე საბჭოთა კავშირიდან გამოგვყვა, არის განცდა, რომ შენ პატარა კაცი ხარ და არავინ არაფერს გეკითხება. იყო დიდი პარტია, დიდი სტალინი და ის წყვეტდა შენ ნაცვლად ყველაფერს. არჩევანი არ გქონდა.  მხოლოდ შრომითი რესურსი იყავი.

ზოგისთვის ეს კომფორტული იყო. ბიბლიის მაგალითიც რომ გავიხსენოთ, უდაბნოში ხეტიალის დროს როგორც კი ხალხს რაიმე გასაჭირი შეექმნებოდა მოსეს, საყვედურობდნენ, და ეუბნებოდნენ, რომ მშვენივრად ცხოვრობდნენ ეგვიპტეში, თუნდაც მონობაში. პირდაპირი ანალოგიაა. მონობა ბევრისთვის კომფორტულია, რადგან არაფერზე გაქვს პასუხისმგებლობა. თანამედროვე სახელმწიფოში კი სკვერში სკამები რომ იცვლება, ხელისუფლება მოქალაქეებს ეკითხება: „ასეთი სკამები დავდგა თუ სხვანაირი, პარკში ბილიკები ასე გავიყვანო თუ ისე და ა.შ. ასე ცხოვრება უფრო რთულია. ჩვენში ცოცხლობს ეს პატარა კაცის სინდრომი - „გაჩუმდი,  ვინ გეკითხება, მიტინგზე ნუ გახვალ, ვის აინტერესებს, შენ რა გინდა“... ეს სინდრომი უნდა დავამარცხოთ.

ჩემს თავზე მოგიყვებით: მამაჩემი ტაქსის მძღოლი იყო, ვსწავლობდი პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში. ბევრი არაჩვეულებრივი მასწავლებელი მყავდა, მაგრამ ასევე მყავდნენ მასწავლებლები, რომლებიც სიას რომ ამოიკითხავდნენ, კითხულობდნენ - რას საქმიანობდნენ ჩვენი მშობლები. ისეთი სკოლა იყო, რომ ყველას მშობელი რაღაც მაღალ თანამდებობაზე იყო. მე კი ტაქსის მძღოლის შვილი ვიყავი. კარგად ვსწავლობდი ნამდვილად. რამდენიმე ისეთი მასწავლებელი მყავდა, რომ სინანულით გააქნევდნენ ხოლმე თავს და ამბობდა, კარგი ბიჭი ხარ, კარგად სწავლობ, მაგრამ აბა ტაქსის მძღოლი გყავს მამა და არ ვიცი, ამ ცხოვრებაში რას მიაღწევ, ყველას პატრონი სჭირდებაო...

არაფრით განვსხვავდებოდი სხვა ბავშვებისგან, ვმეგობრობდი ყველასთან და ამ დროს მასწავლებელი, რომელიც ავტორირტეტი იყო, ასე მწნეხავდა და ცდილობდა, ჩემთვის ჩაენერგა კომპლექსი. ამას არ გავუბოროტებივარ, მაგრამ პროტესტი გამიჩინა, თავს ვეკითხებოდი  - „რატომ ვერ შევძლებ მე, თუკი ეს სხვას შეუძლია?“

ეს მაგალითად მოვიყვანე. მერე, საკრებულოში მუშაობის დროსაც, ხშირად ვაწყდებოდი, ვთქვათ, სადმე კორპუსს აშენებდნენ,  ადგილობრივი მცხოვრებლები კი მთხოვდნენ, რომ შემეჩერებინა ეს მშენებლობა. ვეუბნებოდი, გააკეთეთ აქცია, დაგიდგებით გვერდით. მერე ამბობდნენ, რომ გადაუვლიდნენ; რომ ამის ინტერესი იყო ან იმის ინტერესი... ბევრი აქცია ჩაშლილა, ბევრი შედეგისთვის ვერ მიმიღწევია პირადად მე. ბევრი რამ ვერ გამიჩერებია, ბევრი სივრცე ვერ გადამირჩენია იმის გამო, რომ მოსახლეობას  საკუთარი თავის რწმენა არ ჰქონდა.  

აი, ეს ორი რამაა დამთრგუნველი - საკუთრების გრძნობის არქონა,  შესაბამისად - ნაკლები მზრუნველობა, ნაკლები პასუხისმგებლობის გრძნობა; და მეორე - პატარა კაცები გვგონია ჩვენი თავი. შევყურებთ ხელებში ვ ი ღ ა ც ა ს და ველოდებით ვ ი ნ მ ე ს, რომ მოვა ეს ვინმე, ან ბიძინა ივანიშვილი, ან ბაზალეთის ტბიდან ამომხტარი ჭაბუკი და ჩვენს სახლში წყალი რომ ჩამოდის, შეგვიკეთებს. სინამდვილეში საქმე მარტივადაა - რა პრობლემებიც ჩვენ გვაქვს,  ჩვენვე უნდა მოვაგვაროთ. რაც მე თბილისში მივლია (და ახლა უკვე რეგიონებშიც ბევრს დავდივარ), რასაც ვხედავ, ხანდახან ისეთი მცირე პრობლემაა, რომ ათი კაცის გამოსვლა და შეძახებაა საჭირო, რომ ხელისუფლება შეფუცხუნდეს და პრობლემა მოგვარდეს. მაგრამ ხალხი ხშირად არ აქტიურობს. მაგალითად, არავინ დადის საკრებულოების სხდომებზე, თელავში აღმოვაჩინე ორი ყოჩაღი ადამიანი, რომელიც სულ დადიოდა; თბილისში დადიოდა ერთი - ჯოზეფ სმიტი. არადა, პირველი დონის შეხება ხელისუფლებასთან ეს არის. ვირჩევთ ამ ბედოვლათებს და მერე ყურადღებას არ ვაქცევთ, ასე არ გამოდის. ჩვენი მონაწილეობა აქ წყდება.  ასე ერთხელ დილით არ გავიღვიძებთ და კარგი ხელისუფლება არ გვეყოლება, ის ხელისუფლებაც, ის ოპოზიციაც ხომ ჩვენ ვართ?

ჩემთვის უთქვამთ, „აბა ალეკო, ახლა რაღაცას ქენი, აბა შენ იცი“ - არა, ასე არ არის! ყველა უნდა დავირაზმოთ და გავაცნობიეროთ, რომ თითოეული ჩვენგანია ამ ქვეყნის პატრონი. ჩვენ ვართ სახელმწიფო.

ანუ, ეს სამოქალაქო მოძრაობა გარდაიქმნება პოლიტიკურ მოძრაობად?

არ გამოვრიცხავ. თუმცა, ახლა პირველივე მიზანი არ არის, რომ არიქა, გავექანოთ და აუცილებლად არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენ უფრო დიდ მიზნებს ვისახავთ. ეს არის მოქალაქეებში რწმენის გაძლიერება და ის, რომ მათ დაინახონ პერსპექტივა. ასეთი არაჩვეულებრივი ქვეყანა და, გადაუჭარბებლად ვიტყვი, არაჩვეულებრივი ხალხი, არ შეიძლება ასეთ სიღატაკეში იყოს. ეს ჩვენი ბრალია. ამის დაძლევა გვინდა.

მოდი დავაზუსტებ. 2020-ისთვის არ ემზადებით?

არ გამოვრიცხავ, თუ ჩვენი სამოქალაქო მოძრაობა გარდაიქმნება პოლიტიკურ ორგანიზაციად, მესამე ძალობას და მაჩანჩალობას არ ვაპირებთ. ვეცდებით, რომ ეს იყოს პირველი და ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა.

გაქვთ თუ არა სხვა პარტიებთან კონსულტაციები, ან ხომ არ აპირებთ?

ჯერ არ ვაპირებ. სიმართლე რომ გითხრათ, აი ამ კოალიციების შეკვრა და დაშლა ცოტა ზარმაცი საქმე მგონია. მგონია, რომ ჩვენს პოლიტიკოსებს საკუთარ თავზე მუშაობა ეზარებათ და მარტივ გზას პოულობენ, რომ ვიღაცებს შეეკრან, ვიღაცებთან ალიანსი გააკეთონ. ხშირად ავიწყდებათ მარტივი ჭეშმარიტება, რომ პოლიტიკაში 1+1 არ არის 2, ის შეიძლება იყოს  -30. კოალიციები არ ნიშნავს იმას, რომ ელექტორატი ცხვარივით გამოგყვება. აი, ახლა ვუყურებთ როგორ უერთდებიან, ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას სხვა პოლიტიკური ძალები. ეს ქცევა ჩემთვის მიუღებელია. გაუგებარია, რას იგებენ ამით.

ჩემი და ჩემი თანამოზარეების ამ დროის ამოცანა არის ჩვენი საშინაო დავალება -  ზუსტად გამოვკვეთოთ ამ ქვეყნის პრობლემები და ვიფიქროთ მათ მოგვარებაზე.

არ მიგულისხმია რაომელიმე პოლიტიკური ძალის რამდენიმე პროცენტი დამატება. პარტია რთული ორგანიზმია, თავის სტრუქტურით, რეგიონული ორგანიზაციებით. საჭიროა ფინანსები,  დამკვირვებლები, ადამიანური რესურ...

ბევრი ფული არ არის საჭირო. ეს არასწორი მიდგომაა.

ვაპირებ იმ გამოცდილების გაღრმავებას, რაც მივიღე. პოლიტიკური საქმიანობა უნდა დაეფუძნოს არა დიდ ფულს, არამედ მოხალისეობას და ენთუზიაზმით გაღებულ ძალისხმევას, პატარ-პატარა შემოწირულობებს და არა იმ ყალბ 60-60 000 ლარებს. სხვა შემთხვევაში პოლიტიკა დარჩება ძალიან გავლენიანი ჯგუფების საქმედ, ბიძინა ივანიშვილების და სხვა მდიდრების სათამაშოდ.

ჩემი პირველი არჩევნები  საბურთალოზე 20 000 ლარით მოვიგე. მეორე არჩევნებზე მეორე ადგილზე გავედი, უკვე თბილისის მასშტაბით, უკვე 130 000 ლარით. და აქედან, ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანების შემოწირულობა იყო 70 000 ლარი. ჩემთვის გაკეთებული შემოწირულობები 1 ლარით იწყებოდა და 12 000-ით მთავრდებოდა. დღემდე არ ვიცი, ვინაა ის ქალი, ვინც 12 000 შემომწირა.

მე მყავდა 300 დამკვირვებელი, რომელთათვისაც ერთი თეთრი არ მიმიცია. არჩევნების მეორე დღეს მოვიდნენ, როგორც ჩვენი მორაგბეები, დალეწილები, მოგების და წაგების შემთხვევაშიც. დალეწილები, მაგრამ მაინც კმაყოფილები. უმეტესობას საერთოდ არ ვიცნობდი. უბრალოდ მათ მიაჩნდათ და მიაჩნიათ, რომ მათ საქმეს ვაკეთებდი.

დღეს პარტიები არის აბსოლუტურად დახურული, ხელმიუწვდომელი. ხშირ შემთხვევაში გაუგებარია, რატომაა წარმოდგენილი ეს კანდიდატი და არა სხვა. რატომ არის პროპორციული სია ასეთი და არა სხვაგვარი. გაუმჭვირვალეა. კორუფციის წყაროა. ამ სიებზე პირდაპირ აღებ-მიცემობა მიდის.   

მე მინდა პარტია - მიწაზე დაშვებული, ადვილი გასაწევრებელი,  მოქალაქისთვის  ხელმისაწვდომი, გასაგები ხედვებითა და იდეოლოგიით, აბსოლუტურად გამჭვირვალე გადაწყვეტილებების მიღებისას და ფინანსების ხარჯვისას. მინდა, ვიცოდე, რაში იხარჯება პარტიის ყოველი თეთრი. მით უმეტეს, როცა ფულს მე ვწირავ. ასეთი პარტიის წევრი ვიქნებოდი.

ანუ ამ გადასახედიდანაც შეცდომად არ მიგაჩნიათ ის, რომ თავის დროზე მერისა და საკრებულოს არჩევნებისას პარტია არ შექმენით. ახლა გექნებოდათ პლაფორმა, ფრაქცია დედაქალაქის საკრებულოში, დაფინანსება ბიუჯტიდან, და, შესაბამისად, მეტი პოლიტიკური წონაც...

არა, არანაირად. კიდევ ერთი ცუდი პარტიის გაკეთებას სჯობდა, რომ ასე მეწვალა და მეტი მეფიქრა, როგორია უკეთესი პარტია, უკეთესი პოლიტიკური ორგანიზაცია ან სამოქალაქო მოძრაობა. ამ ხნის განმავლობაში მე ჭკვიან ხალხს ვხდები, ვეკითხები, როგორ აკეთებენ სხვაგან კარგ, გამჭვირვალე, გახსნილ ღია პოლიტიკურ ორგანიზაციებს, სადაც ხალხი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთვებიან.

დიახ, კიდევ ერთი „ალეკოს პარტიის“ გაკეთებას მერჩია, მომეცადა. თორემ, გულახდილად გეტყვით, მხოლოდ საკრებულოს წევრობისას მქონდა ხელფასი. მას შემდეგ რომ არა მეგობრები, და ჯიპასა და ჰამქრის ერთი პროექტი, თბილისის გიდები რომ მოვამზადეთ, სხვა შემოსავალი არ გამაჩნია. ვარ ასე, ბიძინა ივანიშვილის შვილი არ ვარ, რომ მამაჩემს მუთაქებში ფული ჰქონდეს ჩატენილი. ასე გავიტანე თავი, მყავს ოჯახი, ცოლ-შვილი. და მაინც მირჩევნია ვიწვალო და ვიფიქრო, როგორ გაკეთდეს თანამედროვე, ღირებულებებზე დაფუძნებული პარტია.

ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული პარტიებია, მაგრამ ერთგვარად კვებავენ კიდეც ერთმანეთსვფქრობ, მათი საერთო ინტერესია, პოლიტიკურ ველში არ გაჩნდეს ვინმე სხვა. შესაბამისად, ეს ვინმე სხვა, თუკი საკმარისი ძალა მოიკრიბა, გახდება ორმაგი სამიზნე იმ პარტიებისა, რომლთაგან ერთს ხელისუფლებაში და ოპოზიციაში ყოფნის გამოცდილებაც აქვს, მეორეს - უზარმაზარი ფულადი რესურსი და ხელისუფლება. მზად ხართ ამისვის? რა მეთოდებით აპირებთ ბრძოლა?

გულწრფელობით, დიდი ენერგიით, ხალხის რეალურ პრობლემებზე ფიქრით, და გარჯით. მე ეს ერთხელ უკვე გავიარე. თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ იბრძოდა მეორე ადგილისთვის, „ქართული ოცნება“ - გამარჯვებისთვის. ერთისთვისაც და მეორისთვისაც ყველაზე არასასურველი მე ვიყავი. ორივე მხრიდან დარტყმებს ვიღებდი და ამან, სიმართლე გითხრათ, უფრო გამაძლიერა.

21-ე საუკუნეა, თანამედროვე ტექნოლოგიების საუკუნე და უფრო მარტივია, ხალხს შენი აზრი გააგებინო. აღარ არის მხოლოდ ტრადიციული მედიების, ტრადიციული პოლიტიკური ილეთებისა და ხერხების დრო.

მარტივი არ იქნება,  ვიცი ძალიან დაგვაწყდება მე და ჩემს თანამოაზრეებს ნერვები, მაგრამ არა უშავს. აგერ სალომე ზურაბიშვილს ორი მესიჯი გაუკვირდა. ყოველი ჩემი საჯარო გამოსვლის შემდეგ ისეთი წყევლა-კრულვები და შუბლის გახვრეტების მუქარები  მომდის, არ არის ხოლმე მარტივი წასაკითხი.

ჩემი ახლობელი მეუბნებოდა, ბავშვობიდან გიცნობ და ასეთ წესიერ კაცს, რა გინდა პოლიტიკაშიო. მინდა, რომ უკეთესი ქვეყანა გვქონდეს და ამ უკეთესი ქვეყნის შენებაში ის გავაკეთო, რაც შემეძლება. ძალიან გავილანძღები ამ ხნის განმავლობაში, დაუმსახურებლადაც, საზიზღრობებსაც იტყვიან. მაგრამ ამის მიუხედავად, მინდა, რა ენერგიაც და შესაძლებლობაც მაქვს, ამ ქვეყანას მოვახმარო. უფრო პატეთიკურადაც ვიტყვი: ადრე მანგლისში ვისვენებდი ხოლმე და იქ ერთი კაცი ცხოვრობდა, რომელიც აფხაზეთში ომობდა - ძალიან წყნარი კაცი, ჭიანჭველას რომ ფეხს არიდებს, დიდი ჰუმანისტი. ის ომში იყო არტილერისტად. მას ვკითხე, ასეთ კაცი ხარ, ჭიანჭველას ფეხს არ აბიჯებ და ომში როგორ წახვედი-მეთქი და ასეთ რამ მიპასუხა - მინდოდა, საქართველოსთვის სიყვარული ამეხსნაო. სულ თავში მიტრიალებს ხოლმე ეს პასუხი. მეც მინდა ჩემს ახლობლებს ან სხვებს ვუთხრა - იმიტომ წავედი პოლიტიკაში, რომ სიყვარული ავუხსნა ამ ქვეყანას.

მეუბნებიან, გვანახე ვინ არის შენი გუნდი. ეს გუნდი მე არ მომყავს ბრაზილიიდან, ვერც მთაწმინდის პანთეონს გავაღვიძებ. ნებისმიერი, კვალიფიციური, ამ ქვეყნის მოყვარული ადამიანი ჩემთვის ავტომატურად არის ჩემი გუნდის წევრი. ან მე ვარ მისი გუნდის წევრი. ასე ვეძებ ყველას. მე შესაძლოა ერთ თვეში პრეზენტაცია მქონდეს და შესაძლოა გარკვეული რაოდენობა ამ ადამიანებისა, წარმოვადგინო, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს ვეძებ მთელი საქართველოს მასშტაბით, რათა მოქალაქეებმა ერთმანეთი გავამხნევოთ. ამ ქვეყანაში პერსპექტივის განცდა შევქმნათ.

ვსაუბრობთ იმ პერსპეტივაზე, რომ შესაძლოა თქვენი მოძრაობა პარტიად იქცეს. პარტია კი ხედვების გარეშე არაფერს წარმოადგენს. განათლება, ეკონომიკა, ჯანდაცვა, საგარეო პოლიტიკა… გაქვთ თუ არა ჩამოყალიბებული ხედვები ამ სფეროებზე? ახლა ამუშავებ, უკვე გაქვთ თუ ორი წლის შემდეგ გექება? დეტალურ გეგმებზე მაქვს საუბარი და არა ისეთ ზოგადზე როგორიცაა ის, რომ, ვთქვათ, განათლების სისტემა რეფორმირებას საჭიროებს.

ინტენსიური მუშაობა მიდის ჩვენთან. თუმცა ჯანდაცვასთან და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით მერობის დროსაც გვქონდა შეხედულებები, და იქიდან ერთი იდეა სერგეენკომ მოიპარა. ვგულისხმობ ერთი წლით უმუშევრობის გადაზღვევას. ჩემს პროგრამაში პირდაპირ იდო ხუთწლიანი გარანტიის მიცემა. ეს იდეა კი არ დამსიზმრებია, საქმეში ჩახედულ და ჭკვიან ადამიანებთან მქონდა საუბარი.

 გავშალოთ დეტალურად: დღეს რა მიდგომა აქვს სახელმწიფოს - სოციალურად დაუცველ ადამიანებს სახელმწიფო ეუბნება, რომ მისცემს დახმარებას, სულზე 60 ლარს. მაგალითად, ავიღოთ 4-სულიანი ოჯახი.  მათ თვიდან თვემდე 240 ლარი აქვთ შემოსავალი. ერთ-ერთმა წევრმა 300-ლარიანი სამუშაოც რომ იშოვოს, ავტომატურად უწყდებათ ეს დახმარება. იმ წამს აგდებენ სოცდაუცველთა ბაზიდან. ანუ სახელმწიფო ეუბნება ამ ოჯახს - დარჩი სიღატაკეშიო. არადა,  სახელმწიფოს მიზანი ხომ უნდა იყოს, რომ ოჯახების შემოსავლის გაზრდა? თან რა ხდება, იცით? აი ახლა ამოვიღეთ სტატისტიკა. საარჩევნოდ გაზრდიან ხოლმე სოცდაუცველთა ბაზას, სადღაც 60-70 000-ით, და არჩევნების შემდეგ აგდებენ. რა თქმა უნდა, ეს მანიპულაციაა, სწორედ ამის წინააღმდეგ ვიბრძოდი, როდესაც ვამბობდი, რომ 5 წელი გარანტირებულად ჰქონოდათ ამ ადამიანებს დახმარება ერთი საარჩევნო ციკლის მანძილზე, რამდენადაც არ უნდა გაეზარდოთ შემოსავალი. სოციალურად დაუცველს ასეთი რა უნდა გაეზარდოს, სოსო გოგაშვილია ერთი გამონაკლისი.

გვქონდა ხედვა საბავშვო ბაღებთან დაკავშირებითაც, როგორ უნდა მომხდარიყო მათი გათანაბრება, ვაუჩერიზაცია... 

ამ ხედვებზე მაშინაც ვმუშაობდით, ახლაც ვმუშაობთ.

მოდი, დასასრულს, შეფასებას გთხოვთ -  რამდენიმე დღეში მეორე ტურია. ფაქტია, პირველ ტურში ამომრჩეველმა ხელისუფლებას სილა გააწნა. ეს გაკვეთილი იყო - თქვეს მათ. თქვენი აზრით, ეს გაკვეთილი ნასწავლია?

არა. სილა სილად დარჩა. რა გვითხრეს, ზუსტად მახსოვს - ხუთშაბათი დღე იყო, „ქართული ოცნების“ ერთი წევრი გამოვიდა და თქვა, რომ ორშაბათიდან დავიწყებთ ხალხში სიარულს და მოვეფერებითო. ანუ, პარასკევს და შაბათს და კვირას კი არაო, ორშაბათიდან დავიწყებთო. ეს არის პასუხი ყველაფერზე, იქ მერე ზაზა სარალიძეს მიუვარდნენ და ათრიეს. ფარისევლური ნათქვამია, რომ ვითომ რაიმე დასკვნა გამოიტანეს.

„ქართული ოცნების“ წასვლა გარდაუვალია.  როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, ის ისეთ დანაშაულში გაიხლართა, რომ ვეღარ გამოვლენ აქედან, სარალიძის და მაჩალიკაშვილის ამბავი ისეთი რამეა, რომელსაც ეს ხელისუფლება ვერ გამოიძიებს, თავის თავს ხომ არ დასჯიან?

„ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ არის „ფერი ფერსა მადლი ღმერთსა“, ზუსტად ერთნაირი ხალხია. ახლა წამომიდგენია, რა ხდება სააკაშვილის თავში. მას მხოლოდ რევანში სურს.

ახლა ისე უნდა მოვახერხოთ და ბეწვის ხიდზე გავიაროთ, რომ „ოცნება“ გავუშვათ, და სააკაშვილი ერთმნიშვნელოვნად მაინც ან საერთოდ არ მოვუშვათ ხელისუფლებაში. ეს რთული, მაგრამ გასაკეთებელი ამბავია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^