ახალი წლის მისალოცი ვიდეორგოლის გადაღება-დამზადებისთვის თბილისის მერია 100 000 ლარის გადახდას აპირებს. ამ მომსახურების შეძენას კი გამარტივებული შესყიდვით აპირებს, რაც ნიშნავს იმას, რომ მომსახურების გამწევ კომპანიას თავად შემსყიდველი (თბილისის მერია) ირჩევს და არ ცხადდება ტენდერი, რომელში მონაწილეობაც სხვა დაინტერესებულ კომპანიებსაც შეუძლია.
გამარტივებული შესყიდვის განსახორციელებელად მერიის ა(ა)იპ „საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტომ" შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.
„ვიდეოგადაღება და მისი ვიზუალურ-გამომსახველობითი პროცესი ისევე, როგორც ზოგადად სხვა კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება, ძირითადად, ინტელექტუალურ მომსახურებასა და ინდივიდუალურ აღქმასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, შესყიდვის ობიექტების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის, ელექტრონული ტენდერის ან კონკურსის პროცედურების მეშვეობით შესყიდვა შეუძლებელია, დროის სიმცირისა და ვიდეოგადაღების სპეციფიკიდან გამომდინარე", - ასე ასაბუთებს სააგენტო გამარტივებული შესყიდვით ამ მომსახურების შეძენის აუცილებლობას.
გამარტივებული შესყიდვა, საერთო ჯამში, 125 000-ლარიანი იქნება. 25 000 ლარი გათვალისწინებული იქნება საზოგადოების სხვადასხვა სფეროს, მედიის, ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების საახალწლო საჩუქრებისთვის. სააგენტო აღნიშნავს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, საჩუქრების დამზადების პროცესში ჩართული იყოს ისეთი სოციალური საწარმოები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან შშმ პირებთან თანამშრომლობაზე.
-----------------------
გასულ წელს, თბილისის მერიამ სახალწლოდ ორი ვიდეორგოლი დაამზადა - 115 186 და 57 731-ლარიანი.