გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დავით კირკიტაძის მხარდასაჭერად ხვალ გურჯაანის სასამართლოსთან შეიკრიბებიან.
„ ხვალ მართვის ცენტრი გადაგვაქვს გურჯაანში, სადაც სასამართლოში გაიმართება დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი. ყველანი ვიქნებით იქ. ჩვენს ყველა მხარდამჭერს შეუძლია, გურჯაანის სასამართლოსთან შემოგვიერთდეს, სადაც ჩვენს პოზიციებს გამოვხატავთ. იმის გამო, რომ არ ვიცით ჯერ, პროცესი როდის იქნება, ხვალ დილიდან შევიკრიბებით გურჯაანის სასამართლოსთან და ვიქნებით მანამ, სანამ პროცესი არ დასრულდება“,- განუცხადა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს.
დავით კირკიტაძე დააკავეს
მისი განმარტებით, გაერთიანებული ოპოზიცია დავით კირკიტაძის გათავისუფლებას ითხოვს. ვაშაძის თქმით, პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა მაღალჩინოსანი, რომელიც კანონს არღვევდა ველისციხეში.
გიორგი ვაშაძე განმარტავს, რომ ხვალინდელი შეკრება მშვიდობიანი იქნება და მსგავსი ტიპის აქციები სხვა ქალაქებშიც გაიმართება, იმის მიხედვით რა პროცესები იქნება ქვეყანაში.
17 დეკემბერს პოლიციელებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე დააკავეს. შსს-ს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე სამართალდამცველზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს.