„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მისი ადვოკატის განმარტებით, ბრალდების კვალიფიკაცია სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილია.
„ბრალდების შინაარსში წერია შემდეგი, რომ ინაუგურაციის დღეს უცხოელი სტუმრებისა და უამრავი სტუმრების გამო პოლიციის მიერ გადაკეტილი იქნა კონკრეტული მაგისტრალი. მომიტინგეები და მათ შორის დავით კირკიტაძე არ დაემორჩილა მოთხოვნას და თავს დაესხა მაგისტრალზე განთავსებულ ავტობუსში მჯდომ ერთ-ერთ პოლიციელს და ხელისა და ფეხის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას“,- განმარტავს ადვოკატი.
რაც შეეხება მტკიცებულებებს, ის დაცვის მხარეს დღეს გადაეცა. ადვოკატის განმარტებით, ისინი, ძირითადად, პოლიციელების ჩვენებები და ის სიუჟეტია, რაც 2 დღეა, მასმედიით ვრცელდება.
ადვოკატი განმარტავს, რომ კირკიტაძე მის დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და შიმშილობას აგრძელებს, თუმცა ამჯერად მშრალ შიმშილობას.
„ქონების დაზიანებაზე ბრალში არანაირი მსჯელობა არ არის და როგორც ზეპირად განმარტა გამომძიებელმა, გამოძიება მას ამის გამო ედავება“, - აღნიშნა ადვოკატმა.
გურჯაანის სასამართლოსთან რამდენიმე საათია, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. მათი მოთხოვნა დავით კირკიტაძის გათავისუფლებაა.
17 დეკემბერს პოლიციელებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე დააკავეს. შსს-ს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე სამართალდამცველზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს.