მსჯავრდებული ირაკლი ჩხეიძე, რომელსაც „შპრიცში აღმოჩენილი" ნარკოტიკის კვალისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, 28-ე დღეა, შიმშილობს. მას მსჯავრი 0,000305 გრამ MDMA და 0,000106 გრამ მეტამფეტამინის ფლობისთვის მიესაჯა.
როგორც „ლიბერალს" სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, უწყება ირაკლი ჩხეიძეს სათანადო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს, თუმცა დღემდე მსჯავრდებული სამედიცინო დახმარებაზე უარს აცხადებდა.
„ირაკლი ჩხეიძე, მერვე დაწესებულებაში იმყოფებოდა და მიუხედავად იმისა, რომ მედპერსონალის მიერ მისი სტაციონარული მკურნალობის რეკომენდაცია გაცემული არ ყოფილა, მსჯავრდებული დღეს დილით მე-18 პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი, რადგან მან დადო პირობა, რომ სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ მედპერსონალს სამედიცინო დახმარების მიღებაზე დაეთანხმებოდა. ირაკლი ჩხეიძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა) ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ასევე იგი ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177- ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ქურდობა) ჩადენაში.
მსჯავრდებული 28-ე დღეა შიმშილობს და მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს, თუმცა საპროცესო შეთანხმების გაფორმება სპეციალური პენიტენციური სამსახურის კომპეტენციას სცილდება. რაც შეეხება მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ირაკლი ჩხეიძე მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
როგორც წინა დღეებში, დღესაც, 22 დეკემბერს მსჯავრდებულმა მკურნალ ექიმს მისი გასინჯვის უფლება არ მისცა.
21 დეკემბერს ირაკლი ჩხეიძე ერთჯერადად გაესინჯა ექიმს, უჩიოდა გულისრევას, ღებინებას, წნევა ჰქონდა 130/80, გლუკოზა სისხლში 97, ტემპერატურა 37.6. წონა 52 კგ. 21 დეკემბერს, გასინჯვის შემდეგ გაუკეთდა დროტავერინი და მეტოკლოპრამიდი, გულისრევის საწინააღმდეგოდ, გადასხმაზე უარი განაცხადა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ირაკლი ჩხეიძესთან გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ მოხდეს მისი დათანხმება სამედიცინო დახმარების მიღებაზე", - ნათქვამია განცხადებაში,
---
„ლიბერალთან“ საუბრისას მისი ადვოკატი გიორგი ტურაზაშვილი აცხადებდა, რომ მსჯავრდებულის მოთხოვნა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაა. ადვოკატის ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარი პროკურორმა პირადი მოტივით უთხრა.
„ბრალდების მხარემ უარი უთხრა საპროცესო შეთანხმებაზე პირადი მოტივით. რასაც მეუბნებიან, ერთ-ერთ პროკურორს სასამართლო პროცესზე ირაკლის ახლობელი შეეკამათა, შეეპასუხა ცოტა მძაფრად. ამაზე „გაბრაზდა“ პროკურორი და საკითხი სახელმწიფო დონეზე კი არ გადაწყვიტეს, არამედ პირადი [მოტივით მიიღეს გადაწყვეტილება], „რადგან ასე მომექცნენ, ახლა დაგსჯი ამით და არ გაგიფორმებ საპროცესო შეთანხმებასო“, - აცხადებდა ადვოკატი.