დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გრიპთან დაკავშირებით პაატა იმნაძის რეკომენდაციებს ავრცელებს.
„ბოლო ორი კვირაა დაფიქსირდა გრიპის შემთხვევების მატება, ავადობა არის ისეთივე, როგორიც იყო შარშანწინ ამ დროს, მაგრამ მეტია, ვიდრე იყო შარშან ამ დროს. ეპიდემიურ ზღვართან ჯერ მიახლოებული არა ვართ, ზღვარი დაახლოებით 2-ჯერ მეტს გულისხმობს. ძირითადი პრობლემა არის ის, რომ უმრავლესობა მოცირკულირე ვირუსებისა, ვისაც გრიპი აქვს, ყველა თითქმის არის H1N1 ვირუსით გამოწვეული“, - აცხადებს პაატა იმნაძე.
პაატა იმნაძის რეკომენდაციით, თუ ბავშვს 38,5 და მეტი ტემპერატურა აქვს ერთი დღე მაინც, აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს, იგივე ეხება ორსულებსაც.
დანარჩენებისთვის თუ სამი დღე გრძელდება 38,5 და მეტი ტემპერატურა, აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს.
პაატა იმნაძის განმარტებით, მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს იმ შემთხვევაშიც, თუკი ნახველში ოდნავ მაინც გაჩნდა სისხლის ნაწილაკები.
სხვა შემთხვევაში პაციენტები უნდა იყვნენ სახლში, რაც შეიძლება მშვიდ მდგომარეობაში, არ უნდა იყოს ფიზიკური დატვირთვა, მიიღოს ბევრი სითხე, ჯანსაღი საკვები.
მისივე თქმით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ანტიბიოტიკების მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე, რადგან ანტიბიოტიკები ვირუსის დროს ეფექტს არ იძლევა, ანტიბიოტიკი ინიშნება მხოლოდ ბაქტერიული გართულებების შემთხვევაში.