მოვუწოდებ პროკურატურას, რომ პირველ რიგში მაჩალიკაშვილის ოჯახს მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
„კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. როდესაც შარშან ეს ფაქტი მოხდა, მეც გავაკეთე განცხადება, რომ დროულად ჩატარებულიყო გამოძიება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელია გასული, არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის ან შედეგების შესახებ, რაც შეეხება უშუალოდ გარდაცვალების გარემოებებს. სამწუხაროდ, ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, პროკურატურამ არ მოგვცა წვდომა მიმდინარე გამოძიების მასალებზე. კიდევ ვფიქრობთ, უკვე საკმარისი დრო იყო იმისათვის, რომ ამ კითხვებს გასცეს დასაბუთებული, არგუმენტირებული პასუხი და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პროკურატურას, რომ პირველ რიგში ოჯახს მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.