პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების წარდგენის პროცესს აკრიტიკებს.
„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ორი რამ მაქვს სათქმელი", - უთხრა მან „ინტერპრესნიუსს", - ერთი არის პროცედურა, რა ფორმითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატურები წარმოადგინა და რომელიც ჩემთვის მიუღებელია და მეორეა, კონკრეტული გვარები წარმოდგენილ სიაში. ზოგიერთ მათგანთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2012 წელს გამოვთქვი ჩემი აზრი და ეს აზრი დღემდე არ შემიცვლია. ერთი მხრივ, პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურებზე მუშაობა, მეორე მხრივ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა დაიწყოს საზოგადოებრივი აზრისთვის ანგარიშის გაწევა“.
24 დეკემბერს საბჭომ პარლამენტს პროცედურების შემუშავების გარეშე შემდეგი კანდიდატურები წარუდგინა: თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, დიმიტრი გვრიტიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ნინო სანდოძე, პაატა სილაგაძე, გიორგი ტყავაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, მარიამ ცისკაძე.