დღეს, 28 დეკემბერს ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმეზე (ე.წ. 900 აბი სუბუტექსის საქმე) ბრალდებული გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, ხოლო ამავე საქმეში ბრალდებული ირაკლი ქორიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა.
„ბახალა" ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმეზე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
„ბახალას“ დედა, ნანა ჩხიკვიშვილი ამბობს, რომ სასამართლოსგან ლოგიკურს არაფერს ელოდა, რადგან 2 წელია ამ სისტემის იმედი დაკარგა.
„მე და გიორგის ამ ქვეყნის, ამ სისტემის, ამ სივრცის იმედი უკვე 2 წელია დაკარგული გვაქვს. ჩემი გიორგი იბრძვის და მე ხელებჩამოყრილი, გაოგნებული დედა ვარ, ხელმოცარული დედა ვიყავი. მთელი საქართველოს წინაშე გამომიცხადეს, იმის გამო რომ საზოგადოება მხარს უჭერდა ჩემს შვილს, იმ ორი პოლიციელის ჩადებული აბების გამო, მაშინვე აგვაფარეს სახეზე ხმამაღლა გამოცხადებული „ორგანიზებული ჯგუფის“ საქმე, გიორგი საქვეყნოდ დამნაშავედ გამოაცხადეს. ტაძარში რომ მივედი მეორე დილას, ყველას სულელი ვეგონე, რადგან გამოვჩნდი და არ დავიმალე, რომ მივედი მაინც უფალთან და რომ ვევედრებოდი, ყველაფერი თავის ადგილას დააყენე-მეთქი. უფლის იმედით ვიყავი, მაგრამ ლოგიკურს არაფერს ველოდი. ვაშა ამ მოსამართლის სიმამაცეს, რომ ამ სისტემის ბრჭყალებიდან ამოცურა და მაინც თავისი გააკეთა“, - განაცხადა ნანა ჩხიკვიშვილმა