ფოტო: IPN
იუსტიციის უმაღლესო საბჭოს წევრის ანა დოლიძის შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გუშინდელი შეხვედრა იუსტიციის უმაღლესო საბჭოს მდივან გიორგი მიქაუტაძესთან, კლანის მხარდაჭერაზე მეტყველებს, რაც დოლიძის თქმით, მიუღებელია. დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ ბრიფინგი გამართეს.
„ყველა ვაცნობიერებთ, რომ ამ კვირას ჩვენ მოვიგეთ დიდი ბრძოლა, ჩვენ ყველამ ერთად სახელმწიფოს ავარიდეთ ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხე, ვინაიდან სასამართლო კლანს ჰქონდა სასამართლოს მიტაცების კიდევ ერთი მცდელობა. ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნა არის კლანის გაფართხალება ჩვენს გამარჯვებასთან მიმართებაში და ამ გამარჯვებისთვის ჩვენ, ყველას გვინდა მადლობა გადაგიხადოთ, ვინც ნებისმიერი ფორმით ამოიღო ხმა. თუმცა ეს ბრძოლა გრძელდება. ამ ბრძოლის ფონზე გუშინ ყველამ შევიტყვეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეხვდა საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენების ფონზე ეს შეხვედრა აღიქმება როგორც თავმჯდომარის მიერ კლანის მხარდაჭერა. ამდენად, ეს შეხვედრა ჩვენთვის მიუღებელია", - განაცხადა ანა დოლიძემ და დასძინა - „მწვავე ვითარების ფონზე, რომელიც ბოლო დროს იუსტიციის საბჭოში მიმდინარეობს, კობახიძის მხრიდან მხოლოდ მიქაუტაძესთან შეხვედრა აღნიშნული კლანის და ჯგუფის მხარდაჭერას ნიშნავს".