ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, მარიან ივანუშას განცხადებით, საქართველოში პანდემიის საფრთხე არ არსებობს. მისი თქმით, ამჟამად გავრცელებული ვირუსი პანდემიური 10 წლის წინ იყო, როცა მსოფლიოში პირველად გამოჩნდა. ახლა კი გრიპის ჩვეულებრივი სეზონია, ისეთი როგორიც შეიძლება იყოს უკრაინაში ან რეგიონის სხვა ქვეყანაში.
ივანუშას თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განასხვავებს 4 ვირუსს, რომლებიც იწვევენ ამ დაავადებას - A, B, C და D ტიპის ვირუსები.
„ადამიანისთვის სახიფათო გახლავთ მხოლოდ A და B ტიპის ვირუსები. ხოლო პანდემიის საფრთხეს მხოლოდ A ტიპის ვირუსი იწვევს. საქართველოში მეტწილად გავრცელებულია A ტიპის ვირუსი, მაგრამ მას ვერ ვუწოდებთ პანდემიურს. ის პანდემიური გახლდათ 10 წლის წინ. მაშინ, როცა პირველად გამოჩნდა მსოფლიოში.
დღეისათვის ეს არის მხოლოდ გრიპის ჩვეულებრივი ცირკულაცია და ის არამხოლოდ საქართველოშია გავრცელებული. ვირუსი გავრცელდა აშშ-ში, კანადაში, ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ აზიაში“, - თქვა მარიან ივანუშამ.
ავადობის როგორი მაჩვენებელი მიანიშნებს ეპიდემიაზე
მარიან ივანუშას თქმით, გრიპი ვირუსია და მის წინააღმდეგ ანტიბიოტიკები არ გამოიყენება. გრიპით დაავადებულმა ადამიანმა უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით თბილი სითხე და დარჩეს მოსვენებულ მდგომარეობაში, ხოლო თუ სიცხემ მაინც მაღლა აიწია, მაშინ შესაძლოა, მიიღოს სიცხის დამწევი აბები.
თუმცა, ივანუშას თქმით, გრიპს ყურადღების მიქცევა სჭირდება. გრიპისა და ჩვეულებრივი გაციების სიმპტომები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ გრიპი გაცილებით სერიოზული დაავადებაა.
ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ გრიპის პრევენციისთვის ყველაზე კარგი ვაქცინაციაა.
მარიან ივანუშას თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველწლიურად გასცემს რეკომენდაციებს ქვეყნებისთვის, თუ როგორ დაიცვან მოსახლეობა გრიპის ვირუსისგან.
წელსაც, ჯანმო გასცემს რეკომენდაციას საქართველოსთვის, თუ რომელი ვაქცინა იქნება ყველაზე ეფექტიანი ამ ვირუსის წინააღმდეგ. რეკომენდაცია გაზაფხულზე გაიცემა, ხოლო ვაქცინაციისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბერ-ნოემბერია.
მარიან ივანუშას თქმით, საქართველოში მოქმედი ვაქცინა მაღალი ხარისხისაა და სრულად ფარავს ყველა აქ გავრცელებულ ვირუსს. მისი გაკეთება ახლაც შეიძლება, მაგრამ ვაქცინის ეფექტიანობა ისე მაღალი ვერ იქნება.
„იმისთვის, რომ ვაქცინამ ადამიანი გრიპისგან დაიცვას, ორი კვირა სჭირდება. საქართველოს ჯერ კიდევ აქვს ვაქცინების მარაგი და ხალხს შეუძლია მისი გაკეთება. მაგრამ იმის გამო, რომ მას ამოქმედებისთვის ეს პერიოდი სჭირდება, ვაქცინამ ადამიანის გრიპისგან დაცვა შეიძლება ვეღარც მოასწროს“, - თქვა ივანუშამ.
ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ურჩევს ხალხს, იმ შემთხვევაში, თუ თავს შეუძლოდ იგრძნობენ, თავი შეიკავონ სტუმრობისგან - მოახდინონ ერთგვარი თვითიზოლაცია, ხშირად გაანიავონ ოთახი, ხშირად დაიბანონ ხელები და დაბანამდე არ მიიტანონ ის თვალთან ან პირთან, რათა თითებზე მოხვედრილი ვირუსი თავადვე არ შეიტანონ ორგანიზმში.
„გართულებების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უნდა მივმართოთ ექიმს“, - დასძენს მარიან ივანუშა. „გრიპის დროს მიუღებელია კონკრეტული მკურნალობა. ის ერთი კვირის განმავლობაში თავისით გაივლის. მაგრამ, რა თქმა უნდა, გართულებების შემთხვევაში, საჭიროა უფრო ინტენსიური და სპეციფიკური მკურნალობაა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად.“
ივანუშას თქმით, ტამიფლუ მნიშვნელოვანი მედიკამენტია, მაგრამ ექიმის გარეშე მისი მიღება არ არის რეკომენდებული.
„ტამიფულუ“ არის, ასე ვთქვათ, ანტიბიოტიკის მსგავსი, ანტივირუსული პრეპარატი. საერთოდ, წამლები არ შეიძლება ისე მივიღოთ, როგორც ტკბილეული. თუკი ჩვეულებრივი რესპირატორული სიმპტომები გაქვთ, ნუ მიიღებთ მაშინვე „ტამიფლუს“. ეს არის მედიკამენტი, რომელიც კონკრეტული შემთხვევებისას, ექიმის დანიშნულებით უნდა მივიღოთ.
ამ დროისთვის ბაზარზე „ტამიფლუს“ უშუალოდ შემცვლელი პრეპარატი, სავარაუდოდ, არ არსებობს. ტამიფლუ რჩება ძალიან მნიშვნელოვან პრეპარატად, რომელიც ადამიანებმა უნდა მიიღონ კონკრეტული გართულებების შემთხვევაში“, - განაცხადა მარიან ივანუშამ.
ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის თქმით, ევროპაში გრიპის ვირუსით, ყოველწლიურად 70 000-მდე ადამიანი იღუპება. საქართველო ამ მხრივ გამორჩეული არ არის, მაგრამ თითოეული ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია.