ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ლუგარის ლაბორატორიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გრიპის ვირუსის შედეგად ლაბორატორიულად დაზუსტებული ინფორმაციით, 13 ადამიანია გარდაცვლილი, 44 კი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. მინისტრის განცხადებით, დაავადების რაოდენობა მცირდება, თუმცა გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა 616-დან 845-მდე.
„დღევანდელი მდგომარეობით, დაავადების რაოდენობები მცირდება, რაოდენობრივად მიდის შემცირებისაკენ, თუმცა იქ, სადაც უკვე განვითარდა გრიპი, ასეთ შემთხვევაში დაავადება მიმდინარეობს მძიმედ. ჰოსპიტალიზაციების რაოდენობა გაიზარდა 616-დან 845-მდე და თუკი 39 ადამიანი იყო გუშინდელი მდგომარეობით რენამაციულ განყოფილებებში, დღევანდელი მდგომარეობით ეს არის უკვე 44 პაციენტი, რაც ნიშნავს იმას, რომ დაავადება სერიოზულია, მას მნიშვნელოვანი ყურადღება, პრევენცია და მკურნალობა სჭირდება.
სერგეენკო აფთიაქებს მოუწოდებს „ტამიფლუს" ფასი „შეძლებისდაგვარად დაწიონ"
დღეის მდგომარეობით, ლაბორატორიულად დაზუსტებული გარდაცვალებების შემთხვევა არის 13, თითოეული მათგანი დიდი ტრაგედია არის და მე არასწორად მიმაჩნია ახლა თითოეულის ჭრილში ვისაუბროთ, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, თუმცა ეს არის ზოგადად ერთი მხრივ თანამდევი დაავადებები, მეორე მხრივ ის გარდაუვალი გართულების პროცენტი, რაც არის - 0,3% რაც გრიპის წილად მოდის მთლიანი გარდაცვალებების პროცენტში და მესამე არის მკურნალობის დაგვიანებით დაწყება (პირველი ორი დღე-ღამის შემდეგ დაწყება) ეს არის ძირითადი მიზეზები“, - განაცხადა სერგეენკომ.