ციხე არაა ამ სერიოზული სენის პასუხი - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა „ლიბერალის" ჟურნალისტის შეკითხვას, უნდა იჯდეს თუ არა ნებისმიერი სახის ნარკოტიკის მოხმარებაზე ადამიანი ციხეში.
სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, ციხე ამის გამოსავალი არაა:„თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ სრულიად ინერტულები. სახელმწიფოს ევალება ბევრად უფრო აქტიური პოლიტიკა, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრს სფეროს. ესაა რეაბილიტაცია, სპორტი, გაფრთიხლება, საინფორმაციო კამპანია სკოლებიდან დაწყებული და ა.შ".
რაც შეეხება შეკითხვას, რა პოზიცია აქვს პრეზიდენტს ნარკომომხმარებლების შეწყალებასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ჯერ ამაზე პასუხი და პოზიცია არ აქვს:
„ჩემი წინამორბედი პრეზიდენტის პოზიცია ამასთან დაკავშირებით ძალიან მარტივი იყო. მე მინდა, რომ უფრო შეგნებულად და პასუხისმგებლობით მოვეკიდო. ამიტომ, ჯერ მეც გარკვევის და შესწავლის ეტაპზე ვარ. შემოსულია ძალიან ბევრი თხოვნა... უნდა განვიხილოთ და ვნახოთ როგორ დავაკომპლექტოთ [კომისია], ესეც ძალიან სერიოზული საკითხია, რომელიც ჩემში ბადებს ძალიან ბევრ კითხვას. ამიტომ, მე გთხოვთ, ცოტა დროს, ამ საკითხზე, რომ ბოლომდე ჩამოვყალიბდე", - განაცხადა ზურაბიშვილმა