დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო დირექტორმა, პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ წითელას შემთხვევებმა ისევ მკვეთრად მოიმატა. მისი თქმით, წითელას ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთშია.
„ჩვენი სამწუხარო პროგნოზი გამართლდა და წითელამ ისევ მკვეთრად მოიმატა. დღეისთვის 580 შემთხვევაა ქვეყანაში რეგისტრირებული. ყველაზე მეტი შემთხვევაა თბილისში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში. დაიწყო აცრების აქტიური კამპანია და არასრული მონაცემებით, ბოლო სამ დღეში 12 000-მდე მოქალაქე აიცრა წითელას საწინააღმდეგოდ. გრიპისგან განსხვავებით, წითელას ვერაფერი გაააჩერებს, აცრების გარდა", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
***************
წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, გადაეცემა ჰაეროვანი გზით ან ინფიცირებული ადამიანის ცხვირ-ხახის სეკრეტთან პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტით და გამოირჩევა მაღალი კონტაგიოზურობით (გადამდებლობით). კლინიკურად წითელა ხასიათდება ცხელებით, მაკულოპაპულოზური (არავეზიკულური) გამონაყრით და სიმპტომებით ზედა სასუნთქი გზების მხრივ (ხველება, რინიტი ან კონიუნქტივიტი) და სერიოზულ გართულებებს იწვევს. ვირუსთან კონტაქტის შემდეგ ავადდება იმუნიტეტის არმქონე ინდივიდების 90%-ზე მეტი.დამატებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე.