ვენესუელაში პრეზიდენტ მადუროს წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისშია. მოსახლეობის ნაწილი მადუროს დიქტატურის დამყარებაში ადანაშაულებს.
ცოტა ხნის წინ ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ჯარისკაცების ჯგუფმა სამხედრო გადატრიალებაც სცადა, თუმცა მალევე დანებდა ხელისუფლებას. სამაგიეროდ ქუჩებში დღითი დღე მატულობს დემონსტრანტთა რაოდენობა. საბოლოოდ, ერთ-ერთ ბოლო აქციაზე ეროვნული ასამბლეის სპიკერმა და ოპოზიციის ახალგაზრდა ლიდერმა, ხუან გუაიდომ თავი შუალედურ პრეზიდენტად გამოაცხადა.
ის დაჰპირდა მოსახლეობას, რომ მადუროს ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემთხვევაში ქვეყანაში დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს. არჩევნებს, რომელიც საფუძველი უნდა გახდეს სისტემური ცვლილებებისთვის. გუაიდომ მხარდაჭერისკენ მოუწოდა შეიარაღებულ ძალებსაც, სთხოვა, რომ დადგნენ მოსახლეობის გვერდით და მმართველობას ჩამოაშორონ უზურპატორი.
ხუან გუაიდოს მალევე გამოუცხადა მხარდაჭერა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელმაც მადუროსა და ჩავესის ხელისუფლების დროს ვენესუელას ეკონომიკური სანქციები დაუწესა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინვე ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ხუან გუაიდო ცნო. „ეროვნული ასამბლეა ქვეყანაში ერთადერთი კანონიერად არჩეული ორგანოა“, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის შემდეგ პრეზიდენტად გუაიდო ცნო კანადამ, ბრაზილიამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, პერუმ, პარაგვაიმ, ეკვადორმა, კოსტა-რიკამ და გვატემალამ. ამერიკულ ქვეყნებთან ერთად გუაიდო პრეზიდენტად ცნო საქართველომაც.
„მას შემდეგ, რაც ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების არაღიარების შესახებ განცხადება გავაკეთეთ, საქართველო ვენესუელის შუალედურ პრეზიდენტად ხუან გუაიდოს ცნობს, მიესალმება ჩვენი პარტნიორების განცხადებებს და მხარს უჭერს ვენესუელელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“, - დაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა Twitter-ზე.
მადურო უკან დახევას და გადადგომას არ აპირებს. ის ერთადერთ კანონიერ მმართველად საკუთარ მიიჩნევს. მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადეს მექსიკამ, კუბამ და ბოლივიამ.
მადურომ აშშ-თან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ განაცხადა და ამერიკელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი მისცა. თუმცა, ამერიკის საელჩო ვენესუელის დატოვებას არ აპირებს.
ამ პროცესების გამო დღეს ვენესუელა ორი პრეზიდენტის ქვეყანაა, ორი ლიდერის, რომელიც თავს კანონიერ მმართველად მიიჩნევს.
რატომ დაიწყო პროტესტი?
ვენესუელის პრეზიდენტად 2018 წლის მაისში ნიკოლას მადურო მეორე ვადით აირჩიეს. მაგრამ არჩევნების შედეგმა პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა და მისი შედეგი არ ცნო. პოლიციამ ანტისახელისუფლებო გამოსვლების დარბევა დაიწყო.
მადურომ გასული წლის განმავლობაში პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება ასე თუ ისე მოახერხა. მაგრამ 10 იანვრიდან, მას შემდეგ, რაც მისი ინაუგურაცია გაიმართა, პროტესტმა ახალი ძალით იფეთქა.
რა ხდებოდა ბოლო წლებში ვენესუელაში?
ვენესუელის უახლესი ისტორია 1999 წლიდან იწყება. მაშინ ქვეყნის სათავეში უგო ჩავესი მოვიდა. ჩავესმა „სოციალისტური ექსპერიმენტი" დაიწყო.
უგო ჩავესმა ინდუსტრიის ნაციონალიზაცია ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა. დიდი თანხა მიმართა სოციალური პროგრამებისკენ. დააწესა სოლიდური რაოდენობის მინიმალური ხელფასი, დაიწყო ღარიბი მოსახლეობის მხარდაჭერა განათლებასა და სოციალურ პროგრამებში.
უგო ჩავესის სოციალისტურ პოლიტიკას ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ბუნებრივი რესურსი - ნავთობი დაეხმარა. ვენესუელას ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნავთობსაბადოები აქვს. ამიტომ მსხვილი ნავთობკომპანიების ნაციონალიზაციამ ჩავესის ხელისუფლებას წლების განმავლობაში ტრილიონობით დოლარის შემოსავალი მოუტანა და დიდი თანხის სურვილისამებრ განკარგვის საშუალება მისცა.
უგო ჩავესის რეფორმებს უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია. ქვეყნიდან თავდაპირველად გადინება დაიწყო უცხოურმა კაპიტალმა, უცხოელ ბიზნესმენებს მიჰყვნენ ადგილობრივი ბიზნესმენების ნაწილიც. ჩავესს პოპულისტური პოლიტიკის მიზეზით აკრიტიკებდა ოპოზიცია, აშშ და მისი პარტნიორი ქვეყნები ლათინურ ამერიკაში.
უგო ჩავესმა შეზღუდა მედია, კანონმდებლობით აკრძალა ხელისუფლების კრიტიკა. დაიწყო ოპოზიციის დევნა და შევიწროება. თუმცა ყოფილმა პრეზიდენტმა სიცოცხლის ბოლომდე ღარიბი მოსახლეობის მხარდაჭერა შეინარჩუნა. შეინარჩუნა საარჩევნო სისტემაც, რადგან ჩავესის აზრით, მმართველობაში დასარჩენად ეს ყველაზე ეფექტიანი და სამართლიანი გზა იყო.
საგარეო მიმართულებით, ჩავესი აშშ-ს დაუპირისპირდა და იმპერიალისტური პოლიტიკის გატარებაში სდებდა ბრალს. დაუახლოვდა რუსეთის ხელისუფლებას. ანტიამერიკული პოლიტიკისა და პუტინთან სიახლოვის გამო ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაც ცნო.
ეკონომიკური კრიზისი
ვენესუელაში ეკონომიკური კრიზისი ჩავესის პერიოდში ვიცე-პრეზიდენტისა და მისი შემცვლელის ნიკოლას მადუროს ხელისუფლებაში მოსვლას მოჰყვა. თუმცა კრიზისის მთავარი მიზეზი ნავთობზე ფასის ვარდნა იყო. ქვეყანა, როგორც აღმოჩნდა, მთლიანად იყო დამოკიდებული „შავი ოქროს“ ექსპორტზე.
ნავთობზე ფასის ვარდნის გამო ვენესუელაში ჰიპერინფლაცია დაიწყო. ხელისუფლებამ ვერაფრით მოახერხა ეროვნული ვალუტის გაუფასურების შეჩერება. ამას დაემატა მადუროს არასწორი ფისკალური პოლიტიკა, ვენესუელა იმაზე მეტს ხარჯავდა, ვიდრე გამომუშავება შეეძლო.
2014 წლიდან სუპერმარკეტებმა იმპორტირებული პროდუქტისგან დაცლა დაიწყო, რამაც ხალხში პანიკა კიდევ უფრო გაზარდა. მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მიუწვდომელი გახდა საკვებისა და ჯანდაცვის მომსახურების ხარჯი.
ეკონომიკური კრიზის გამო, მილიონობით ადამიანმა ვენესუელა დატოვა. მადუროს პოპულარობა რეკოდრულად დაეცა. ამის გამო ბოლო წლების განმავლობაში პირველად, 2015 წელს ეროვნულ ასამბლეაში ოპოზიციამ მანდატების ორი მესამდის აღება შეძლო.
ოპოზიციის გაძლიერების პარალელურად მადურომ ხელისუფლების უზურპაცია დაიწყო. 2016 წელს უზენაესი სასამართლოს მხარდაჭერით მან ეროვნულ ასამბლეას ეკონომიკაზე ნებისმიერი გადაწყვეტილების გამოტანა აუკრძალა.
2017 წელს მადუროს ხელისუფლებამ საერთოდ ეროვნული ასამბლეის გაუქმება სცადა, დიდი პროტესტის შემდეგ გადაწყვეტილება გაუქმდა, თუმცა კანონმდებლებს უფლებები შეუკვეცეს.
იმავე წელს მადურომ ახალი მეთოდით სცადა ეროვნული ასამბლეის ჩამოშორება. მადურომ ახალი საკანონმდებლო ორგანო შექმნა, სადაც ყველა მანდატი მისმა მხარდამჭერებმა მიიღეს.
ვენესუელაში ხელისუფლების ეს გადაწყვეტილებები ხშირად პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. გამოსვლებს კარაკასში ბოლო წლების განმავლობაში ასობით ადამიანი შეეწირა.
2018 წელს ნიკოლას მადურომ თითქოს ოპოზიციასთან მოლაპარაკება დაიწყო. მან ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებიც დანიშნა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს ხელისუფლების განმტკიცებისთვის მორიგი სვლა იყო. ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ორ ყველაზე ძლიერ ოპოზიციონერ კანდიდატს ლეოპოლდო ლოპეზსა და ენრიკე კაპრილს აუკრძალა. საბოლოოდ, მადურომ არჩევნებში 68%-ით გაიმარჯვა.
არჩევნები არ სცნო ოპოზიციამ და საერთაშორისო საზოგადოების დიდმა ნაწილმა. მადუროზე ზეწოლა კიდევ უფრო გაიზარდა.
ვინ არის გუაიდო?
ხუან გუაიდომ ახლა თავი შუალედურ პრეზიდენტად გამოაცხადა. თუმცა, Vox-თან საუბარში ვენესუელის პოლიტიკის სპეციალისტი რონალ როდრიგეზი ამბობს, რომ ის აქამდე ოპოზიციის გამოკვეთილი ლიდერი არ ყოფილა. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, გუაიდო მეორე, მესამე ხარისხოვანი პოლიტიკოსი იყო, რომელსაც არ ჰქონდა ქარიზმა.
მაგრამ 15 იანვრიდან დაწყებულ მასობრივ საპროტესტო აქციებზე გუადიო პოპულარული პოლიტიკოსი გახდა. მისი გამოსვლები, როგორც როდრიგეზი ამბობს, ხალხს ბარაკ ობამას ახსენებს, შედარებით სუსტი პოლიტიკური უნარებით.
გუაიდოს, როგორც თავად პოლიტიკოსი ამბობს, პრეზიდენტობა არ სურს. მისი მიზანია, რომ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს, რომელიც ხელისუფლებაში იმ ძალას მოიყვანს, ვისაც ხალხი რეალურად ენდობა.