გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ სასკოლო და ერთიან ეროვნულ გამოცდებში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ცვლილებებამდე ჩაატარეს კვლევა და გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა. ერთ-ერთი პრობლემაა გამოცდების რაოდენობა.
„პირველი გამოწვევა არის ის, რომ გაზრდილია გამოცდების რაოდენობა და, ფაქტობრივად, შედეგზე რაც გვინდა, რომ გვქონდეს, ამ გაზრდილი გამოცდების რაოდენობას ვერ გავყავართ.
გამოცდების ამ რაოდენობის გამო, გამოვლინდა, რომ მთელი სასწავლო პროცესი გადაერთო გამოცდების მომზადებაზე. სკოლის როლი თანდათან დაკნინდა.“ - განაცხადა სოფო გორგოძემ.
მხოლოდ მე-12 კლასში 40 მილიონამდეა დანახარჯი.
2020 წლიდან ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება
რა ცვლილებები გატარდება 2019 წელს ?
სოფო გორგოძის თქმით, წელს მოიხსნება გამოსაშვები გამოცდები მე-11 კლასელებისთვის. მე-12 კლასში შენარჩუნდება.
„რაც შეეხება იმ პირებს, ვინც ჩაიჭრა ან ვერ გამოცხადდა გამოცდაზე მე-11 კლასში, მათთვის უზრუნველვყოფთ გამოცდების ჩატარებას.
ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმართულებით ცვლილებები არ იგეგმება. მხოლოდ ერთი რეგულაცია იშლება, რაც პოზიტიურად უნდა მიიღონ სტუდენტებმა“. - განაცხადა სოფო გორგოძემ.
ცვლილებები 2020 წელს
მე-12 კლასში მოიხსნება საატესტატო გამოცდები და სკოლა ატესტატს გასცემს სწავლის შედეგების მიხედვით.
- მისაღები გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანაში: ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება ყველა აბიტურიენტისთვის.
- მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლების პროგრამების მიხედვით: მათემატიკა - ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში ან ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.
- უნივერსიტეტებს აქვს უფლება დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი გამოცდა (ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით)
- უნივერსიტეტებს, პროგრამების პრიორიტეტებიდან გამომდინარე უფლება ექნებათ თავად განსაზღვრონ გადასალახავი ბარიერი თითოეული საგამოცდო საგნისთვის;
- ჩარიცხვები ისევ ცენტრალიზებულად განხორციელდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ;
- შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი - გათვალისწინებული იქნება სავალდებულო საგანთა ახალი ნუსხა.