განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები დამტკიცდა.
აღნიშნული წესის შესაბამისად, სკოლებში უნდა შეიქმნას მრჩეველთა საბჭო.
როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მანდატურისა და სკოლის კოორდინირებული მოქმედების უზრუნველყოფის მიზნით, სკოლის დირექტორი ქმნის მრჩეველთა საბჭოს. სკოლა ვალდებულია ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში შექმნას სკოლის უსაფრთხოების მრჩეველთა საბჭო;
რა ფუნქციები და უფლებები ექნება მრჩეველთა საბჭოს
- მრჩეველთა საბჭო განიხილავს სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს, იღებს შესაბამის რეკომენდაციებს და წარუდგენს სკოლის დირექტორს შემდგომი რეაგირებისათვის;
- განიხილავს მოსწავლეების, მათი კანონიერი წარმომადგენლებისა და მასწავლებლების მიერ ანონიმურ ყუთში მოთავსებულ წერილებს, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, შეიმუშავებს ანონიმურ წერილებში იდენტიფიცირებული პრობლემების გადაჭრის გზებსა და შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავს სკოლის დირექტორს;
- განიხილავს სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში მასწავლებლების, მოსწავლეების, კანონიერი წარმომადგენლების მიერ იდენტიფიცირებული პრობლემებისა და მათ მიერ შეთავაზებული გადაწყვეტის გზების შესახებ ერთიან ანგარიშს, მასზე დაყრდნობით შეიმუშავებს სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციებს და წარუდგენს სკოლის დირექტორს შემდგომი რეაგირებისათვის;
- ისმენს სკოლის დირექტორის ანგარიშს
- უფლებამოსილია, შეიმუშაოს ინიციატივები სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო-საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებების გამართვის შესახებ და წარუდგინოს სკოლის დირექტორს შემდგომი რეაგირებისათვის;
- მიმართავს მანდატურის სამსახურს მობილური ჯგუფის მივლენის მოთხოვნით;
- უფლებამოსილია, მიმართოს სკოლის დირექტორს მოსწავლეთა/კანონიერ წარმომადგენელთა საგანმანათლებლო-საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებების ორგანიზების მოთხოვნით.
საბჭოში მუდმივმოქმედ წევრებად შევლენ სკოლის დირექტორი ან მისი მოადგილე, მანდატური, პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელი, სამეურვეო საბჭოს წარმომადგენელი, რესურსცენტრის წარმომადგენელი, მშობელი, მოსწავლე და საჭიროების შემთხვევაში განათლების სამინისტროს წარმომადგენელი. საბჭო შეიკრიბება წელიწადში მაქსიმუმ 4-ჯერ..
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები“ განათლების სამინისტროსა და შსს-ს თანამშრომლობით შემუშავდა . დოკუმენტი არეგულირებს მანდატურის სამსახურს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის მექანიზმებს.
როგორ აპირებს სამინისტრო სკოლა გახადოს უსაფრთხო
იხილეთ დოკუმენტი: