დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, პარლამენტში იურიდიულ საკთხთა კომიტეტს ალბათ ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს. თავად ბესელია ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურას ემხრობა, ამიტომ სესიაზე ოხანაშვილს მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
„ამ საკითხზეც არ ვეთანხმები იმ პოზიციას, რაც დღეს უმრავლესობის შიგნით შეჯერდა. თუმცა, საბოლოოდ გადაწყვეტილება სესიაზე უნდა იყოს მიღებული. ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურა ჩემთვის არის სწორედ იმ ღირებულებების და ფასეულობების დაცვა, რომელსაც ჩვენ ვიცავთ სწორედ ამ პროცესში. ამიტომ ჩემთვის არა მხოლოდ სახელს და გვარს, არამედ სწორედ ამ სტანდარტების დაცვას და ამ გზით სვლას აქვს ძალიან დიდი და პრინციპული მნიშვნელობა. ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მე სწორედ ამიტომ არ ვუჭერ და არ დავუჭერ მხარს, პირდაპირ ვამბობ და ეს არ არის პერსონალური ამბავი, ეს არის საკითხი, რომელიც ეხება განსაკუთრებით სასამართლოსთან დაკავშირებულ ხედვას და აქ იმ პრინციპების დაცვას, რასაც ჩვენ ვიცავთ, ეს არის ჩემი პოზიცია. შემიძლია გითხრათ, რომ განსხვავებულ პოზიციაზე ვრჩები“, - განაცხადა ბესელიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, ფაქტობრივად, მთელი დღე გაგრძელდა. სხდომის დაწყებამდე ბესელიამ განაცხადა, რომ მას შეხვედრაზე 4 ძირითადი საკითხის დაყენება სურდა.