სკოლის გამოსაშვები გამოცდები წლების განმავლობაში (ცენტრი გამოსაშვებ გამოცდებს 2011-2018 წლებში ატარდებდა) დაახლოებით 46 000 მოსწავლემ ვერ ჩააბარა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ამბობს, რომ სტატისტიკა „სავალალოა“ და სამინისტროში დაიწყო მუშაობა, რათა ამ მოსწავლეებს საგანმანათლებლო სისტემაში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცეთ.
„გვყავს ძალიან ბევრი ბავშვი, რომელიც ფაქტობრივად ჰაერშია დარჩენილი. რეალურად, მათ სკოლა ვერ დაამთავრეს, არც პროფესიულ პროგრამებს არ მიმართეს და, ფაქტობრივად, ხელი შევუშალეთ ამ პერიოდის განმავლობაში, რომ რომელიღაცა ფორმის საგანმანათლებლო სისტემაში მოხვედრილიყვნენ, ამიტომ ერთ-ერი მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც სასწრაფოდ ვიწყებთ მუშაობას, ეს არის რომ მარტიდან, დაახლოებით ასეთი ციფრი შეადგებს 46 000 ბავშვს, რაც შეიძლება სწრაფად ამ ბავშვებს მივცეთ შესაძლებლობები“,- განაცხადა მინისტრმა.
2018-2019 სასწავლო წლიდან, სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული სკოლის გამოსაშვები (ე. წ. CAT-ის) გამოცდები მე-11 და მე-12 კლასებისთვის მოიხსნა.
სამინისტროში განმარტავენ, რომ ატესტატის ასაღებად მოსწავლეს უნდა ჰქონდეს ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა.
მოსწავლეები, რომლებიც ე. წ. CAT-ის გამოცდებზე ჩაიჭრნენ ან არ/ვერ გავიდნენ, ატესტატის აღებას შეძლებენ, თუკი ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა აქვთ.
სამინისტროში განმარტავენ, რომ ატესტატს გასცემს სერვისების განვითარების სააგენტო კანონში შესაბამისი ცვლილების ამოქმედების შემდეგ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.
მინისტრი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა პროფესიული განათლება და გადამზადების კურსები, უმაღლეს განათლებასთან ერთად, სწავლის გაგრძელების შესაძლებლობად გამოიყენონ, რათა უმოკლეს დროში შეიძინონ პროფესიული უნარ-ჩვენები და დასაქმდნენ.
„თუ მოსწავლეები დაძლევენ სკოლის ამ მინიმალურ მოთხოვნებს რათა სკოლა დაამთავრონ, სწავლის გაგრძელებისთვის, მათთვის ერთ-ერთი გზა უმაღლესი განათლების მიმართულებითაა. მეორე გზა, რომელზეც მაქსიმალურად უნდა ვიმუშავოთ, რათა მოსწავლეებმა შესაძლებლობა დაინახონ - ეს პროფესიულ სასწავლებლებში მათი ჩართვაა, გვქვს მატერიალური და ინფრასტრუქტურული რესურსიც, რომ რომ მათ ჰქონდეთ რეალური პროფესია. მესამე გზა არის გადამზადების პროგრამები. მარტიდან ამოქმედდება მოკლე გადამზადების პროგრამები, რომ მათ მიეცეს შესაძლებლობა, რაც შეიძლება სწრაფად დარეგისტრირდენენ და ამ პროგრამების გავლის მეშვეობით შიძინონ პროფესიული უნერ-ჩვენები“,- განაცხადა ბატიაშვილმა.