წელს მე-12 კლასის სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 12 803-მა მოსწავლემ ვერ გადალახა, რაც გამოცდებზე გასულ მოსწავლეთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 27%-ია. თუკი 2011 წლიდან დღემდე სტატისტიკურ მონაცემებს დინამიკაში გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ჩაჭრილ მოსწავლეთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.
სპეციალისტები განათლების საკითხებში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები განათლების სისტემის შესაფასებლად არ გამოდგება. უფრო მეტიც, საატესტატო გამოცდის საჭიროებას ეჭვქვეშ აყენებენ, ვინაიდან, მათი შეფასებით, საატესტატო გამოცდების სტანდარტიზებული ტესტები მოსწავლეებს არა ცოდნის დაგროვებაზე, არამედ დროის გარკვეულ პერიოდში საკითხების დამახსოვრებაზე ორიენტირებულს ხდის, რაც განათლება არ არის და ვერც იმ შედეგს ზომავს, მიაღწია თუ არა სკოლამ განათლების ეროვნულ მიზნებს.
„ლიბერალმა“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან მე-12 კლასის სკოლის დამამთავრებელი გამოცდების სტატისტიკური მონაცემები გამოითხოვა, უფრო კონკრეტულად კი, საგნების მიხედვით რამდენმა მეთორმეტეკლასელმა ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (5,5 ქულა). მიღებული ინფორმაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ, ერთი მხრივ, ჩაჭრილ მოსწავლეთა სტატისტიკური მონაცემები მზარდია, მეორე მხრივ კი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში ჩაჭრილ მოსწავლეთა რაოდენობა უფრო მაღალია, ვიდრე სხვა საგნებში. „ლიბერალმა“ ასევე გამოითხოვა მეთერთმეტეკლასელების გამოცდებზე მიღებული შედეგების სტატისტიკა, თუმცა, როგორც ცენტრში განაცხადეს, სრულად ეს ინფორმაცია, 2017 წლის ჩათვლით, დამუშავებული არ არის.
სკოლის საატესტატო გამოცდების შემოღების გადაწყვეტილება მთავრობამ 2010 წელს მიიღო. ტესტირების შინაარსობრივი, ადმინისტრაციული თუ ტექნიკური (პროგრამული) მხარის მომზადება, შემდეგ კი განხორციელება გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაევალა. 2011 წელს საატესტატო გამოცდები პირველად ჩატარდა. თავდაპირველად გამოცდა მე-12 კლასში რვავე საგანში ტარდებოდა, 2014 წლიდან კი აღნიშნული სისტემა შეიცვალა, - რადგან ეროვნული სასწავლო გეგმით, მე-11 კლასში ოთხ საგანში მთავრდება სწავლება. მეთერთმეტეკლასელებს ამ ოთხი საგნის (ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის) ჩაბარების საშუალება მეთერთმეტე კლასის დასრულებისას მიეცათ. დანარჩენ ოთხ საგანს (ქართულ ენასა და ლიტერატურას, მათემატიკას, უცხო ენას, ისტორიას) მეთორმეტე კლასის დასრულებისას აბარებენ. იმ მოსწავლეებს, რომლებმაც მე-11 კლასში ვერ გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და ჩაიჭრნენ, საშუალება აქვთ, აღნიშნულ ოთხ საგანში გამოცდა განმეორებით, მე-12 კლასის დასრულებისას, დანარჩენ ოთხ გამოცდასთან ერთად ჩააბარონ. შესაბამისად, სტატისტიკურ მონაცემებში აღნიშნულ ოთხ საგანში (ქიმიაში, ფიზიკაში, ბიოლოგიასა და გეოგრაფიაში) წარმოდგენილი მოსწავლეები არიან ისინი, ვინც წინა წლებში მინიმუმ ერთხელ ვერ გადალახა ბარიერი.
უფრო კონკრეტულად, საგნების მიხედვით, 2011-2017 წლებში სულ რამდენი მეთორმეტეკლასელი გავიდა გამოცდაზე და ვერ გადალახა ბარიერი, იხილეთ სლაიდებზე:
რატომ იზრდება ჩაჭრილების რაოდენობა
ეს შედეგები ვერ იქნება განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა თუ გაუარესების საზომი, - ამბობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ივა მინდაძე და იმ ფაქტორებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც ჩაჭრილ მოსწავლეთა მზარდ სტატისტიკას განაპირობებს.
ივა მინდაძე იხსენებს, რომ პირველი საატესტატო გამოცდების შედეგების საფუძველზე, 200 დირექტორი გაათავისუფლეს თანამდებობიდან, რაც წინაპირობა გახდა იმისა, რომ მომდევნო წელს დირექტორები შეეცადნენ, სუსტი მოსწავლეები, რომელთა ჩაბარებაშიც ეჭვი ეპარებოდათ, გამოცდებზე არ გასულიყვნენ. მისი თქმით, „ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური წნეხი“, რამაც შემდგომ წლებში „სუსტი მოსწავლეების“ დაგროვებას შეუწყო ხელი და, თავის მხრივ, გავლენა იქონია ჩაჭრილ მოსწავლეთა სტატისტიკაზე.
მისივე თქმით, ჩაჭრილთა მზარდ სტატისტიკაზე, გარკვეულწილად, სწორედ ეს „დაგროვების ეფექტიც“ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას. უფრო კონკრეტულად კი, ჩაჭრილ მოსწავლეებს გამოცდაზე ხელმეორედ გასვლის ლიმიტი არ აქვთ. მისი თქმით, ეს იძლევა შესაძლებლობას, ვივარაუდოთ, რომ 2018 წელს ჩაჭრილ მოსწავლეთა რაოდენობა წლევანდელს აღემატება.
ივა მინდაძე, გარდა ცოდნისა, სხვა ფაქტორებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ დროთა განმავლობაში მონიტორინგის სისტემა უფრო ეფექტიანი გახდა; დაიხვეწა დავალებათა ბანკიც, რომელიც მეტ ინფორმაციას იძლევა მოსწავლის ცოდნის შესახებ; გაიზარდა კომპიუტერების რაოდენობაც, რამაც, თავის მხრივ, ასევე იქონია გავლენა ჩაჭრილი მოსწავლეების სტატისტიკის ზრდაზე.
ივა მინდაძის თქმით, ეს შედეგები მიუთითებს იმაზეც, რომ გარკვეულ საგნებში, მაგალითად კი მათემატიკა, ფიზიკა და უცხო ენა მოაქვს, ცოდნის დაგროვების პრობლემა დგას, რაც მხოლოდ სკოლის დამამთავრებელი საფეხურის პრობლემა არ არის. თუმცა, მისივე თქმით, სისტემის შესაფასებლად უფრო სწორი იქნება, თუ ეროვნული შეფასებისა და საერთაშორისო კვლევების შედეგებზე დაყრდნობით ვიმსჯელებთ. კვლევის შედეგები კი აჩვენებს, რომ სასკოლო განათლების სისტემაში მწვავედ დგას როგორც ხარისხის პრობლემა, ასევე ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის საკითხი.
რას აჩვენებს საერთაშორისო კვლევები და ეროვნული შეფასება
სახელმწიფო შეფასება აჩვენებს, რომ ქვეყანაში მოსწავლეების 30% მინიმალურ დონეზეც ვერ ძლევს მათემატიკას, 34% - ფიზიკას, 49% - ქიმიას, ხოლო 13% - ბიოლოგიას.
აღნიშნული მონაცემების უფრო დეტალური ანალიზი კი ცხადყოფს, რომ აკადემიური მიღწევების მხრივ დრამატულია სხვაობა სკოლების სტატუსის მიხედვით, უფრო კონკრეტულად კი, ქალაქსა და სოფლად მდებარე, ასევე, კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეების აკადემიურ მიღწევებს შორის.
სისტემაში არსებულ ხარისხის პრობლემასა და უთანასწორობაზე მიუთითებს საერთაშორისო შეფასებებიც - TIMSS (მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა; სამიზნე ჯგუფი: მე-4 და მე-8 კლასები) და PISA (მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა; სამიზნე ჯგუფი: 15 წლის მოზარდები).
მაგალითისთვის, PISA-ს 2015 წლის შედეგების მიხედვით, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში საქართველოს მოსწავლეთა ნახევარი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საბაზო კომპეტენციებს არ ფლობს.
TIMSS-ის 2015 წლის შედეგებით კი, ქართველი მოსწავლეების მიღწევები მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში არსებითად ჩამორჩება TIMSS-ის საერთაშორისო საშუალო ნიშნულს როგორც მე-4, ისე მე-8 კლასში. კვლევის მიხედვით, მეოთხე კლასიდან მერვე კლასამდე მოსწავლეთა შედეგები უარესდება - მეოთხეკლასელ მოსწავლეთა 22% და მერვეკლასელთა 28%, მათემატიკაში მინიმალურ ცოდნასაც არ ფლობს. ბუნებისმეტყველებაში იგივე შედეგი მეოთხეკლასელ მოსწავლეთა 26%-ს და მერვეკლასელთა 30%-ს აქვს.
გვჭირდება საატესტატო გამოცდები?
„მაშინ, როდესაც საერთაშორისო და ადგილობრივი შეფასებებიც ადასტურებს, რომ განათლების სისტემაში მწვავედ დგას ხარისხისა და რეალური ცოდნის დაგროვების პრობლემა, - მოსწავლეთა მნიშვნელოვან ნაწილს მათემატიკის ელემენტარული კომპეტენციაც არ გააჩნია და წაკითხულის გააზრება უჭირს, ნაცვლად იმისა, რომ მთელი ძალისხმევა და რესურსი სკოლების გაძლიერებისკენ იყოს მიმართული, სახელმწიფო სტანდარტიზებული გამოცდებით ფულს ხარჯავს იმის შემოწმებაში, დროის გარკვეულ მონაკვეთში რა დაიმახსოვრა მოსწავლემ და რა არა, რაც, თავის მხრივ, არაფერს გვეუბნება იმაზე, რა ცოდნა აქვს მოსწავლეს და როგორ გამოიყენებს მას სამომავლოდ“, - ამბობს განათლების სპეციალისტი რეზო აფხაზავა და ამ ტიპის გამოცდების გაუქმების აუცილებლობაზე მიუთითებს. გარდა ამისა, ის ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ საატესტატო გამოცდები რეპეტიტორების ინსტიტუტს ახალისებს, შედეგად კი გამოცდებში იხარჯება არა მხოლოდ სახელმწიფოს რესურსი, არამედ ყოველწლიურად ოჯახებიდან გამოცდებისთვის მოსამზადებლად გაღებული თანხა.
რეზო აფხაზავა განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ 2011 წელს წარმოებული კვლევის (კერძო რეპეტიტორობის ფენომენის კვლევა საქართველოში) შედეგებსაც იხსენებს - რეპეტიტორებზე გაწეული ხარჯი, ოჯახების მხრიდან, დაახლოებით იმდენივე იყო, რასაც საერთო ჯამში სახელმწიფო ხარჯავდა გამოცდებზე.
უფრო კონკრეტულად კი, ამ პერიოდისთვის, როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, ქვეყანაში რეპეტიტორთან ყოველი მეოთხე მოსწავლე ემზადებოდა. მშობლების დანახარჯი განათლებაზე კი დაახლოებით 300 მილიონი ლარის ფარგლებში იყო, რაც სახელწიფოს მიერ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსებასთან მიმართებაში 85.5%-ს შეადგენდა; ზოგად განათლებაზე მშობელთა მიერ გაწეულ ხარჯებში კერძო რეპეტიტორობის წილი კი 40%-ს.
კვლევის ეს შედეგები საატესტატო გამოცდების შემოღებამდე აღინიშნება. სწორედ ამიტომ, აფხაზავა ვარაუდობს, რომ გამოცდების რაოდენობის ზრდასთან ერთად ხარჯიც მოიმატებდა და შესაძლოა, დღეს უკვე გაორმაგებულიც იყოს.
სტანდარტიზებული გამოცდების არაგონივრულ რაოდენობაზე საუბრობს განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილიც. ის მიიჩნევს, რომ საშუალო საფეხურის მიწურულს, როცა მოსწავლემ ყველაზე მეტად უნდა განივითაროს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, სისტემა მათ უბიძგებს, მოემზადონ სტანდარტიზებული ტესტების ჩასაბარებლად, - „შეუძლებელია, გვქონდეს იმისი სურვილი, რომ 8 სტანდარტიზებული ტესტით შევაფასოთ ყველა ბავშვი ერთნაირად. ყველა ბავშვი ერთნაირი არ არის. მათ სხვადასხვა შესაძლებლობა და გამოცდილება აქვთ. ამ გამოცდილებისა და შესაძლებლობების შეფასება ამ ტესტით შეუძლებელია. მე, როგორც ყოფილ მასწავლებელს, მიმაჩნია, რომ ორ პარალელურ კლასშიც შესაძლოა, სხვადასხვა ტიპის შეფასება გქონდეს მოსწავლეებისათვის, იმიტომ, რომ სწავლება არის პროცესი, რომლის სტანდარტიზაცია ძალიან უტოპიური მიზანია“, - ამბობს თამარ მოსიაშვილი.
მოსიაშვილი ფიქრობს, რომ ჩაჭრილ მოსწავლეთა სტატისტიკა არაფრისმთქმელია, თუკი არ გვეცოდინება მეტი დეტალი, მაგალითად რეგიონების ჭრილში რა მდგომარეობაა სკოლებში, ეს შედეგები კი სკოლების დასასჯელად ან წახალისებისთვის კი არ უნდა იყოს გამოყენებული, არამედ მათი საჭიროებების მოგვარებისთვის, სკოლების მხარდამჭერი პროგრამების ამოქმედებისთვის.
მისივე თქმით, თუკი მხოლოდ სტატისტიკას დავაკვირდებით, ადვილად იკითხება პოლიტიკური მიზნებიც,- მაგალითად 2011 წლიდან დღემდე მათემატიკაში ჩაჭრილი მოსწავლეების რაოდენობა მოაქვს, - „აბსურდულია, 2011 წელს ჩაჭრილიყო 18 %, 2012 წელს კი - 3%. ასეთი რევოლუციური ცვლილებები ერთ წელიწადში არ ხდება. ეს არის „პოლიტიკური ციფრები“, რომელიც არ ასახავს რეალობას. მიუღებელია ციფრებით მანიპულირება იმისათვის რომ დავიცვათ ან წავახალისოთ სკოლები. რისთვის გვჭირდება საატესტატო გამოცდები? დრომ აჩვენა, რომ ეს ციფრები ხალხზე მანიპულირების ინსტრუმენტიცაა.“
თამარ მოსიაშვილი მიიჩნევს, რომ დროა, საზოგადოების დაკვეთა გახდეს სტანდარტიზებული ტესტების შემცირება, სახელმწიფომ კი რესურსი და ძალისხმევა მიმართოს იმ სკოლების გაძლიერებისთვის, რომლებსაც მხარდაჭერა სჭირდებათ, - სადაც არის კვალიფიციური კადრების დეფიციტი, სადაც მოსწავლეების აკადემიური მოსწრების დონე დაბალია, თემში სიღარიბეა.
*****
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, საატესტატო გამოცდების შედეგებზე საუბრისას მედიასთან განაცხადა, რომ აღნიშნული გამოცდების ბარიერი შესაძლოა, მომავალში გაიზარდოს. ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ ბარიერის გაზრდა დასაქმების მაჩვენებლის გაზრდასაც შეუწყობს ხელს, ვინაიდან ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ყველა უმაღლეს სასწავლებელში აღარ წავა და პროფესიული განათლების საჭიროება დადგება.
„მომავალში ვაპირებთ ბარიერის აწევას. ანუ გერმანიაში 12 კლასის ატესტატს იღებს მოსწავლეების 30%, ჩვენთან - 80%. ეს თუ ნიშნავს, რომ ჩვენ ყოჩაღები ვართ სამჯერ უფრო, ვიდრე გერმანელები, არ მგონია. საქმე ის არის, რომ 12 კლასის ატესტატი და უმაღლესი განათლება არის განსაკუთრებით მოტივირებული და განსაკუთრებით მონდომებული ბავშვებისთვის. მომავალში მე ვფიქრობ, რომ საატესტატო გამოცდების ბარიერი და უმაღლესი გამოცდების ბარიერი, როგორც ევროპის ქვეყნებში, გაცილებით მაღალი უნდა იყოს. რეფორმა სისტემას აუცილებლად სჭირდება, მათ შორის იმიტომ, რომ ყველა უმაღლესში არ წავიდეს. ახლა ისინი წავლენ პროფესიულ სასწავლებლებში, შეიძენენ პროფესიას და მერე თუ სწავლის ხასიათზე მოვლენ, უმაღლესშიც ჩააბარებენ და სკოლის ბოლო გამოცდებსაც შეძლებენ, რომ გადალახონ და ბედნიერედაც იცხოვრებენ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ივა მინდაძე მიიჩნევს, რომ ბარიერის აწევის შედეგი უფრო მეტი ჩაჭრილი მოსწავლე იქნება და მოცემულ რეალობაში შედეგს ვერ მოიტანს. მისივე თქმით, მაღალ ბარიერში ცუდი არაფერია, თუკი ბარიერის მატებასთან ერთად, სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესი უმჯობესდება და მოსწავლეების აკადემიური მიღწევების გაუმჯობესების მიზნით, გარკვეული ცვლილებები ხორციელდება. ბარიერის აწევა კი იმ პირობებში, თუკი სკოლებში ამ მიმართულებით უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება, ადეკვატური არ არის.