სკოლებში ანონიმური ყუთები არ განთავსდება,- ამის შესახებ „ლიბერალს“ მანდატურის სამსახურში განუცხადეს.
როგორც მანდატურის სამსახურში განმარტავენ, აღნიშნული ყუთების განთავსების შესახებ რეკომენდაცია მომდინარეობდა არასამთავრობო და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებიდან, რაც მიზნად ისახავდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების გაუმჯობესებას, სკოლებში ძალადობის რისკის შეფასებასა და ადრეულ ეტაპზე ძალადობის პრევენციას.
„მოგეხსენებათ, განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, სწორედ სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ამავე მიზანს ემსახურება ყველა სიახლე, რომლებიც სკოლაში იგეგმება და დაიგეგმება - „ახალი სკოლის“ მოდელის და „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ დანერგვა, პედაგოგთა ხელშეწყობა და გადამზადება, მანდატურის სამსახურის რეფორმა, მოსწავლეების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევა მოსწავლეებისათვის, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლებისთვის, სკოლის ადმინისტრაციისა და მანდატურებისათვის. ამ მასშტაბური რეფორმის ფარგლებში, როდესაც მთელი სისტემის ჩართულობით კომპლექსურად მოხდება სკოლებში უსაფრთხოებაზე ზრუნვა, მიგვაჩნია, რომ ანონიმური ყუთები არ განთავსდება“, - აცხადებენ მანდატურის სამსახურში.
*************
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა 29 იანვარს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები დაამტკიცა. დოკუმენტის შესაბამისად, სკოლის დირექცია ვალდებულია, ყველა სართულზე უზრუნველყოს ანონიმური ყუთის განთავსება.
მოსწავლე, მშობლები და სკოლაში დასაქმებული პირები უფლებამოსილნი არიან სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხებზე თავიანთი მოსაზრება წარადგინონ ანონიმური ყუთის საშუალებით.
სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია ყოველდღიურად შეამოწმოს ანონიმური ყუთი და უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული საკითხები მანდატურს/უფლებამოსილ პირს აცნობოს. ისინი კი თავის მხრივ ვალდებული იქნებიან, წერილში დაწერილი პრობლემის შესახებ მრჩეველთა საბჭოს აცნობონ.
სკოლის დირექცია და მრჩეველთა საბჭო კი ვალდებულნი არიან კომპეტენციის ფარგლებში, პრობლემის გადაჭრის გზები დასახონ და შესაბამისადაც იმოქმედონ.