Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ილიაუნის აკადემიური საბჭო გიორგი ქადაგიძის განცხადებების შესახებ

04 თებერვალი, 2019 17:00

ილიას უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სტრუქტურული ცვლილებების საკითხებსა და გიორგი ქადაგიძის განცხადების შესახებ თავის პოზიციას ავრცელებს:

  1. ამა წლის 1 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გააკეთა განცხადება, რომელშიც იყო საუბარი სტრუქტურული ცვლილებების განმაპირობებელ ფაქტორებზე; ამჟამად გვინდა გამოვეხმაუროთ ბატონი გიორგი ქადაგიძის განცხადებებსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რადგან ვთვლით, რომ საკითხები, რომლებიც საუნივერსიტეტო ცხოვრების ნაწილია და დაკავშირებულია ცოდნის შექმნის, გადაცემისა და გამოყენების პროცესების გაუმჯობესებასთან, არ უნდა გახდეს სპეკულაციის საფუძველი და არ უნდა იქნეს გამოყენებული დესტრუქციული და უშედეგო კამპანიებისთვის;
  2. ილიაუნი განვითარებასა და ცვლილებებზე ორიენტირებული ინსტიტუციაა, რომელიც მუდმივად ცდილობს, მოქნილი სტრუქტურებითა და ახალი ადამიანური რესურსების მოზიდვით გააუმჯობესოს სწავლებისა და კვლევის ხარისხი;
  3. გიორგი ქადაგიძე ბიზნესის სკოლის დეკანად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ არჩეულ იქნა 1 წლის წინ.  მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰქონდა აკადემიური საქმიანობის დიდი სტაჟი, უნივერსიტეტი იმედოვნებდა, რომ გიორგი ქადაგიძე დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას მოახმარდა ბიზნესის სკოლის განვითარებას  და გაამყარებდა უნივერსიტეტის კავშირებს კერძო სექტორთან;
  4. ბიზნესის სკოლის რეფორმირების საჭიროება უნივერსიტეტის მმართველი ორგანოების მიერ კარგად იყო გაცნობიერებული, შესაბამისად, გიორგი ქადაგიძეს არჩევის დღიდან ადმინისტრაციის თითოეული რგოლის მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა ჰქონდა. მის ყველა ინიციატივას ენიჭებოდა პრიორიტეტული მნიშვნელობა და უნივერსიტეტი თავისი რესურსების ფარგლებში მუდამ ითვალისწინებდა მის მოთხოვნებს. გიორგი ქადაგიძე, როგორც ბიზნესის სკოლის დეკანი, თავიდანვე იყო ინფორმირებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამომავლო გეგმების - ახალი კორპუსის მშენებლობისა და სხვა მნიშვნელოვანი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხების - შესახებ;
  5. 2018 წლის დეკემბერში აკადემიური საბჭოსთვის ცნობილი გახდა გიორგი ქადაგიძის მოულოდნელი ულტიმატუმის შესახებ, რომლის შინაარსიც მდგომარეობდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვადამდელი გადადგომის მოთხოვნაში. აკადემიურმა საბჭომ მიიწვია გიორგი ქადაგიძე სხდომაზე, სადაც მან ისაუბრა სკოლის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და აკადემიურ საბჭოს წაუყენა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადადგომის მოთხოვნა, როგორც ამ გამოწვევების დაძლევის უპირობო  გზა. მის მიერ ჩამოთვლილ პრობლემებს შორის იყო ლექციების გაცდენა, სტუდენტების მომზადების დაბალი დონე, ლექტორების კვალიფიკაციის საკითხი, გაუმართავი სილაბუსები და შეფასების სისტემა. აკადემიურმა საბჭომ მიიჩნია, რომ დეკანის მიერ დასახელებული პრობლემების გადაჭრა მის კომპეტენციას არ სცილდება. განსაკუთრებით უცნაური იყო მისი ეს დამოკიდებულება იმ ფონზე, როდესაც სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე ბიზნესის სკოლას წარმოდგენილი ჰქონდა ბიზნესის სკოლის სტრატეგიის განხორციელების ანგარიში, სადაც ეს საკითხები არ იყო იდენტიფიცირებული როგორც პრობლემები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაარსების დღიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მუდმივად ვითარდება, რაც დასტურდება როგორც საერთაშორისო რეიტინგებით, ისე ეროვნულ დონეზე მიღწეული  შედეგებით, კვლევების, სწავლებისა თუ საერთაშორისო პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. თუმცა, სასწავლო პროცესს ბუნებრივად თან ახლავს გამოწვევები, რაც უკავშირდება სილაბუსებისა და სასწავლო პროგრამების განახლებას, აკადემიურ მოსწრებაზე მონიტორინგს, მოწვეული ლექტორების და აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებას, სწავლების ახალი მეთოდების დანერგვას და სხვა საკითხებს, რაზე ზრუნვაც  დეკანის პირდაპირი მოვალეობაა;
    გიორგი ქადაგიძემ ასევე დააყენა საუნივერსიტეტო ბიუჯეტის განაწილების საკითხი, რის შესახებაც აკადემიური საბჭოს  პოზიცია შემდეგია: უნივერსიტეტი არის ერთიანი და მთლიანი, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ფაკულტეტებისა და სკოლებისგან შედგება. უნივერსიტეტის მიერ მიღებული შემოსავალი უნივერსიტეტის მიერ აღიარებული პრიორიტეტების მიხედვით ნაწილდება. ამ პროცესში შესაძლებელია ზოგიერთ ფაკულტეტს შეჰქონდეს მეტი შემოსავალი, მაგრამ ამ შემოსავლის ნაწილი მიიმართოს სხვა ფაკულტეტების საჭიროებებზე. უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნესის პროგრამები სწავლის პროცესში ინტენსიურად იყენებენ სხვა ფაკულტეტების სერვისებსა და აკადემიური პერსონალის რესურსს, რისი ხარჯიც ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული. ამავდროულად, აკადემიურმა საბჭომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან კომუნიკაციისას გაარკვია, რომ გიორგი ქადაგიძის, როგორც ბიზნესის სკოლის დეკანის არც ერთი მოთხოვნა ფინანსური რესურსების გამოყოფის თაობაზე არ დარჩენილა დაუკმაყოფილებელი;
    კიდევ ერთი საკითხი, რაზეც გიორგი ქადაგიძემ გამოთქვა პრეტენზია, არის 2018 წელს ბიზნესის სკოლაში გამართული წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არჩევნები. აკადემიურმა საბჭომ საგანგებოდ გამოიკვლია აღნიშნული საკითხი და დაასკვნა, რომ ჩატარებული არჩევნები შეესაბამებოდა როგორც უნივერსიტეტის საარჩევნო რეგულაციებს, ისე დამკვიდრებულ პრაქტიკას. მიუხედავად ამისა, საარჩევნო პროცესის კიდევ უფრო მეტი საჯაროობის უზრუნველსაყოფად, აკადემიურმა საბჭომ მიიჩნია, რომ არჩევნების პროცესის შესახებ ინფორმაცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რასთან დაკავშირებითაც მიიღო შესაბამისი რეკომენდაცია, რომელიც უკვე დანერგილია. ამავე დროს, ისიც უნდა ითქვას, რომ მანამდე არსებული პრაქტიკის გამოყენებით ბიზნესის სკოლაში 2018 წელს ჩატარდა ფაკულტეტის საბჭოს არჩევნები, რასთან დაკავშირებითაც გიორგი ქადაგიძეს პრეტენზია არ ჰქონია;
    გიორგი ქადაგიძემ ისაუბრა სამეურნეო საკითხებზეც, რომელთა შორის იყო ბიზნესის სკოლის  არასაკმარისი ფართი, სტუდენტური სივრცეების დეფიციტი, უსადენო ინტერნეტის არასაკმარისი სიჩქარე, გარკვეული სანიტარული პრობლემები და შესყიდვების პროცესის გაჭიანურება;
  6. სამეურნეო საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებში გარკვევისთვის აკადემიური საბჭოს ამავე სხდომაზე დაბარებულმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აკადემიურ საბჭოს განუმარტა, რომ გიორგი ქადაგიძის მიერ დაყენებული მოთხოვნების ნაწილი საყურადღებოა და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს უნივერსიტეტში (მაგალითად, დაწყებულია ინტერნეტის როუტერების შესყიდვის პროცესი), ნაწილი კი არ არის რელევანტური - მაგალითად, შესყიდვების პროცესის თაობაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხდა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ექვემდებარება შესყიდვების შესახებ სახელმწიფო კანონმდებლობას, რაც თითქმის ყველა შემთხვევაში გულისხმობს ტენდერების სავალდებულო ჩატარებას და სხვა უწყებებთან სავალდებულო კოორდინაციას, რაც, ბუნებრივია, აჭიანურებს შესყიდვების პროცესს, თუმცა, უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალედ და მაღალი ანგარიშვალდებულებით წარმართვას.
    ამავდროულად, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ პრობლემების ნაწილის გადაწყვეტისთვის აუცილებელია არსებობდეს თანამშრომლობა მასა და გიორგი ქადაგიძეს შორის, რასაც ეს უკანასკნელი მიზანმიმართულად არიდებდა თავს. კერძოდ, გიორგი ქადაგიძე რამდენიმე თვის განმავლობაში არ ესწრებოდა მასთან შეხვედრებს, და ნაცვლად ამისა აგზავნიდა საკუთარ წარმომადგენლებს, რომლებსაც არ ჰქონდათ გადაწყვეტილების მიღების უფლება და გადაწყვეტილების მიღების მიზნით კვლავ გიორგი ქადაგიძესთან უხდებოდათ შეხვედრა და შემდეგ, განახლებული საკითხების კვლავ ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან წარდგენა, რაც ართულებდა და აჭიანურებდა, ხოლო ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელს ხდიდა გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ამავდროულად, გიორგი ქადაგიძემ ადმინისტრაციას არ წარუდგინა 2019 წლის ბიზნესის სკოლის ბიუჯეტის პროექტი. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ბიზნესის სკოლის დეკანის მოთხოვნით გამოიყო დამატებითი სივრცეები, რომელთაც ბიზნესის სკოლა  რეალურად არ იყენებდა;
  7. ყოველივე ამის საფუძველზე, აკადემიურმა საბჭომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადაყენების ულტიმატუმი და ბიზნესის სკოლის დეკანსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს კონფლიქტის მოსაგვარებლად მედიაციის ფორმატი შესთავაზა, რაზედაც ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, თანხმობა გამოთქვა ხოლო გიორგი ქადაგიძეს აღნიშნულ შეთავაზებაზე არ უპასუხია;
  8. კომუნიკაციისა და თანამშრომლობის დეფიციტთან დაკავშირებულმა პრობლემებმა გიორგი ქადაგიძის მხრიდან გამოხატულება ჰპოვა ბიზნესის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების აკრედიტაციის დროსაც. აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრთან არსებულ აკრედიტაციის საბჭოში, 10 იანვარს გამართულ საბოლოო შეხვედრას, სადაც განიხილებოდა ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა ბიზნესის სკოლის პროგრამების აკრედიტაციასთან დაკავშირებით, ბიზნესის სკოლის დეკანი არ დაესწრო, რითაც გამოიჩინა გულგრილობა, როგორც საკუთარი მოვალეობების, ასევე ბიზნესის სკოლის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიმართ. დეკანის არყოფნის გამო აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში ბიზნესის სკოლის პროგრამების აკრედიტაციას დაესწრო უნივერსიტეტის რექტორი;
  9. კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ნაკლებობა გაგრძელდა გიორგი ქადაგიძესთან სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების პროცესშიც. კერძოდ, 2019 წლის იანვარში, მას შემდეგ, რაც შეიქმნა რეფორმების განმახორციელებელი სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანი იყო უნივერსიტეტში ახალი პროგრამების და ახალი კორპუსის დამატებიდან გამომდინარე ცვლილებების დოკუმენტურად ასახვისთვის რეკომენდაციებისა და წინადადების მომზადება, შემუშავდა რეკომენდაცია, რომ ბიზნესის სკოლის წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ, უნივერსიტეტში ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული პროგრამები - მათ შორის საერთაშორისო - და პროგრამების ფუნქციონირებისათვის გათვალისწინებული ახალი ინფრასტრუქტურა შერწყმოდა ბიზნესის სკოლას, რაც, როგორც შინაარსობრივად, ასევე, ინფრასტრუქტურულად გაზრდიდა და გააძლიერებდა ორივე მიმართულებას, ფინალურ ეტაპზე კი გადაწყდა ამ მიმართულებებისათვის განათლების, როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის განსაკუთრებულად პრიორეტეტული მიმართულების, დამატება (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სტრუქტურული ცვლილებები შეეხო სხვა ფაკულტეტებსაც, კერძოდ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტს, რომელსაც გამოეყო საინჟინრო მიმართულება და დაერქვა საბუნებისმეტყველო და მედიცინის ფაკულტეტი, რაზე მუშაობაც 2017 წლიდან მიმდინარეობდა);
  10. ბიზნესის სკოლის დეკანის მონაწილეობით დაიგეგმა უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბიზნესის სკოლის ფაკულტეტის საბჭოსთან შეხვედრა რეფორმის იდეის განსახილველად. აღნიშნული შეხვედრის მიზანი, ცვლილებების განხილვასთან ერთად, იყო კომუნიკაციის გაძლიერება ბიზნესის სკოლის აკადემიურ პერსონალთან სკოლის დეკანის მონაწილეობით და არსებულ და სამომავლო გამოწვევებზე მსჯელობა. გიორგი ქადაგიძე უშუალოდ შეხვედრის დღეს იმყოფებოდა უნივერსიტეტში, თუმცა, შეხვედრის დაწყებამდე 2 საათით ადრე გააუქმა საბჭოს ჩანიშნული სხდომა. საკუთრივ რეფორმების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფში ჩართვაზე, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ რექტორი, წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე, რექტორის მოადგილე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი და თავად ბიზნესის სკოლის დეკანი, გიორგი ქადაგიძემ უარი თქვა, და ახსნა ეს იმით, რომ იწუნებს სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას. შესაბამისად, მან არც დაგეგმილი ცვლილებების დასკვნით ეტაპზე მიიღო მონაწილეობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილებების შესახებ კომუნიკაციას მოჰყვა გიორგი ქადაგიძის  მხრიდან ორკვირიანი კუთვნილი შვებულების აღება. აკადემიური საბჭოსთვის და ადმინისტრაციისათვის არ იყო ცნობილი შვებულების მოთხოვნის მიზეზი. რეფორმების საკითხის უკეთესად დამუშავების მიზნით, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას დაემატნენ მეცნიერებთა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი და ბიზნესის სკოლის საბჭოს წარმომადგენლები. აღნიშნულმა სამუშაო ჯგუფმა მიიღო რეკომენდაცია ცვლილებების შესახებ და წარუდგინა აკადემიურ საბჭოს, რომლის გადაწყვეტილება დაადასტურა წარმომადგენლობითმა საბჭომ;
  11. რეფორმების განხორციელების შემდეგ, გიორგი ქადაგიძემ სოციალური ქსელის მეშვეობით გამოაქვეყნა საბჭოსათვის სრულიად გაურკვეველი და, ამავე დროს, მოულოდნელი სტატუსი, რომელშიც მან სტრუქტურული ცვლილებები მის წინააღმდეგ დაგეგმილ ქმედებად შეაფასა და, ამდენად სცადა მოეხდინა მიმდინარე რეფორმების და უნივერსიტეტის დისკრედიტაცია;
  12. ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებული სასწავლო კორპუსი უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას, რაც მენეჯმენტის, ტექნოლგიისა და განათლების ფაკულტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შესთავაზებს ახალ, მაღალტექნოლოგიურ აუდიტორიებს, სტუდენტურ სივრცეებს და არსებულზე ბევრად მეტ შესაძლებლობას;
  13. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეორგანიზაციის შედეგად გამოცხადებულია კონკურსი ახალი ფაკულტეტის - მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების - დეკანის თანამდებობაზე, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ფაკულტეტის ნებისმიერ პროფესორს, გიორგი ქადაგიძის ჩათვლით;
  14. რაც შეეხება კვალიფიკაციების და დიპლომების შესახებ სტუდენტების წუხილს, აკადემიური საბჭო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სტრუქტურული ცვლილებების შედეგად მათთვის მისანიჭებელი კვალიფიკაცია და ამ კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი არანაირ ცვლილებას არ განიცდის. აკადემიური საბჭო გამოთქვამს მზადყოფნას, შეხვდეს საკითხით დაინტერესებულ სტუდენტებს.

გიორგი ქადაგიძე ილიას ბიზნესსკოლის დეკანის თანამდებობიდან გადააყენეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^