გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის სერვისცენტრების სოციალური მუშაკები სამსახურს საკუთარი ინიციატივით ტოვებენ.
სოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში გათავისუფლებული 4 სოციალური მუშაკის (მათგან 2 უფროსი სოციალური მუშაკის) დაუყოვნებლივ გათავისუფლებამ და შესაბამისი კადრებით ვერ/არ ჩანაცვლებამ, ბოლო თვის მანძილზე გაორმაგებულმა მომართვიანობამ სამუშაო პროცესის პარალიზება გამოიწვია.
საინიციატივო ჯგუფის „სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებებისთვის“ აცხადებს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკები იმყოფებიან გაუსაძლის ვითარებაში.
„დამსაქმებელს არ მიუღია რაიმე ეფექტური ზომა კრიზისის თავიდან ასაცილებლად ან მის მყისიერად მოსაგვარებლად“
სოციალური მუშაკები მიიჩნევენ, რომ სისტემა არის უდიდესი კრიზისის წინაშე, რომელსაც დღემდე არ აღიარებს ჯანდაცვის სამინისტრო.
„უწყება არ ზრუნავს არა მხოლოდ თავის დასაქმებულ სოციალურ მუშაკებზე, არამედ ბენეფიციარებზეც, რომელთა ცხოვრებასა და კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება კადრების გადინება და სამუშაო პროცესის პარალიზება“, - წერია ჯგუფის განცხადებაში.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია „ლიბერალთან“ ამბობს, რომ სოციალურ მუშაკებს მისი და მინისტრის მხარდაჭერა აქვთ, ის გეგმავს, რომ პირადად შეხვდეს სოციალურ მუშაკებს.
„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მე მესმის სოციალური მუშაკების, რადგან მათი კოლეგები გაათავისუფლეს და ისინი აღელვებული არიან. ვაღიარებთ, რომ დიდუბე-ჩუღურეთი და გლდანი-ნაძალადევი არის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული რაიონები მთელ საქართველოში. შესაბამისად, ჩვენ რაც გავაკეთეთ ეს არის, რომ თბილისის სხვა რაიონებიდან, დროებით გადავანაწილებთ სოციალურ მუშაკებს. (რადგან სახელმწიფო სამსახურია, არსებობს დანიშვნის პროცედურები, რომელსაც გვერდს ვერანაირად ვერ ავუვლით. ამ ორ რაიონში 5 სოციალური მუშაკი დაინიშნება; 3 - გლანი-ნაძალადევში, 2 - დიდუბე-ჩუღურეთში)“.
მინიტრის მოადგილე აცხადებს, რომ მიმდინარე წელს სოციალური მომსახურების სააგენტოში 50 ვაკანსია გამოცხადდება სოციალური მუშაკის პოზიციაზე, აქედან 25 უკვე გამოცხადებულია.
30 იანვარს ჯანდაცვის სამინისტრომ 4 წლის გოგოს დაღუპვის საქმის მოკვლევის საფუძველზე, 2 უფროსი სოცმუშაკი და 2 სოცმუშაკი გაათავისუფლა. ასევე თანამდებობა პირადი განცხადებით დატოვა სოციალური მომსახურების მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარი წერეთელმა. გათავისფლებული სოცმუშაკები სწორედ გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის სერვისცენტრებში მუშაობდნენ.
ამ საკითხზე თამარ ბარკალაია ამბობს, რომ სააგენტოში არსებობს სისტემური პრობლემები, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს პროფესიული გულგრილობასთან.
„სისტემურ პრობლემებზე აპელირება ხშირია და ჩვენ ვთანხმდებით, რომ სისტემური პრობლემა ნამდვილად არსებობს და ამაში სოციალური მომსახურების სააგენტოც გვეთანხმება, ამაში დაგვეთანხმა მანამდე სანამ ეს სამწუხარო ტრაგედია დადგებოდა, მაგრამ უნდა განვაცალკევოთ ეს ორი პრობლემა ერთმანეთისგან - უნდა განვაცალკევოთ ჩვენი რეაგირება კონკრეტულ ტრაგიკულ შემთხვევასთან მიმართებით, რომელიც იანვარში მოხდა და რომელთან მიმართებითაც ჩვენი მყისიერი რეაგირება გაკეთდა იმ სოცმუშაკების მიმართ, ვინც არიან ჩართულები და არ შეიძლება, რომ ამას დავარქვათ სისტემური პრობლემა იმიტომ, რომ დღეს არსებული სისტემა იმ სოციალურ მუშაკებს, რომლებიც ქეის მენეჯმენტს აკეთებენ, აძლევს საშუალებას, რომ ასეთი მაღალი რისკის და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ქეისებზე შესაბამისი რეაგირება მოახდინოს და მათ ეს არ გააკეთეს. შესაბამისი რეაგირება გააკეთა სამინისტრომ, მაგრამ სისტემური პრობლემა რომ რეალურად არსებობს, ამას ჩვენ ვხედავთ და ამაზე რეაგირება ჩვენ ჯერ კიდევ 2018 წელს დავიწყეთ“, - აცხადებს ბარკალაია