მთიანი რეგიონების თემთა - ზემო და ქვემო სვანეთის, ლეჩხუმის, ონის, აჭარისა და პანკისის წარმომადგენლები საქართველოში დაგეგმილი ჰესების წინააღმდეგ აქციას მართავენ.
აქცია სასტუმრო „იოტას“ წინ იმართება, სადაც დღეს იწყება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკის საჯარო განხილვები.
„აღსანიშნავია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი განიხილავს ნენსკრას, ხელედულას, ნამახვანის, ონის, მაჭახელასა და სხვა ჰესების პროექტების დაფინანსების შესაძლებლობას საქართველოში. შესაბამისად, აქციაზე მონაწილეები მოუწოდებენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, არ დააფინანსოს საქართველოში ზემოაღნიშნული პროექტები და არ შეუწყოს ხელი საქართველოს მთიანეთის დაცლას“,- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
აქციის მონაწილეები ასევე მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას გადახედოს საკუთარ პოლიტიკას ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით. რეგიონების თემთა წარმომადგენლებს უერთდებიან გარემოსდაცვითი და უფლებედამცველი ორგანიზაციები, მათ შორის მწვანე ალტერნატივა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC).