12 მაისს დაკავებულ ქეთი მურუსიძეს, რომელსაც ბრალად ნარკოტიკების გასაღება ედებოდა, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი დღეს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ გამოიტანა.
რაც შეეხება თაღლითობის მუხლს, მოსამართლემ ის თაღლითობის მცდელობად გადააკვალიფიცირა და 2 და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპის მიხედვით, საბოლოო ჯამში, ქეთი მურუსიძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
„პარაცეტამოლის საქმე“ - 12 მაისს კლუბებში ნარკორეალიზაციის საქმეზე ბრალდებულის შესახებ
ქეთი მურუსიძე 12 მაისის კლუბებში სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებული ერთ-ერთი ის პირია, რომელიც ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით დააკავეს.
ქეთი მურუსიძისა და იმ დღეს დაკავებული კიდევ 4 პირის საქმეში ფიგურირებს აგენტი სოლომონ მათიკაშვილი.
მურუსიძისგან მან სულ 5 საკონტროლო შესყიდვა განახორციელა, საიდანაც 3 შემთხვევაში „ამოღებული“ ნივთიერება არა ნარკოტიკი, არამედ ფლუკოლდი [პარაცეტამოლი] აღმოჩნდა.
ამ 3 შემთხვევაზე მურუსიძეს გამოძიებამ ბრალი თაღლითობის მუხლით წაუყენა - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება.
რაც შეეხება დანარჩენ 2 შემთხვევას, მურუსიძის დაცვის მხარე ამბობს, რომ ამ ორ შემთხვევაშიც მურუსიძემ აგენტს, ანუ სოლომონ მათიკაშვილს პარაცეტამოლი მიჰყიდა, თუმცა აგენტმა ის გამომძიებელთან მიტანამდე ნარკოტიკული საშუალება MDMA-ით ჩაანაცვლა. დაცვის მხარის პოზიციით, ვინაიდან მათიკაშვილმა წინა 3 შესყიდვის დროს გამოძიებას ნარკოტიკების შესყიდვის ფაქტი ვერ წარუდგინა, მან ერთგვარი საყვედური მიიღო და შემდეგი 2 შესყიდვისას ამიტომაც ჩაანაცვლა პარაცეტამოლი MDMA-ით.
_____________________________________
ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით 12 მაისს სულ 8 პირი დააკავეს. ამ ეტაპზე ასევე ცნობილია 8 ბრალდებულიდან ხუთის განაჩენი. სასამართლომ მათ 7 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.