Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„პარაცეტამოლის საქმე“ - 12 მაისს კლუბებში ნარკორეალიზაციის საქმეზე ბრალდებულის შესახებ

05 თებერვალი 2019

ქეთი მურუსიძე 12 მაისის კლუბებში სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებული ერთ-ერთი ის პირია, რომელიც ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადასტურებულია, რომ 3 შემთხვევაში მან აგენტს პარაცეტამოლი მიჰყიდა, ორ შემთხვევაში კი, გამოძიების პოზიციით, მურუსიძემ აგენტს ნარკოტიკული საშუალება MDMA მიჰყიდა. მურუსიძის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს საქმეში არსებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან კავშირი არ ჰქონია და აგენტმა ნივთიერებები ჩაანაცვლა. წაიკითხეთ საქმის დეტალები. 

***

2018 წლის 12 მაისი - კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცრაზმი შევიდა. კლუბის სტუმრებს კლუბის ტერიტორია დაატოვებინეს. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ უწყება 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა საგამოძიებო მოქმედებებს „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად.

ამავე განცხადებაში შსს აღნიშნავდა, რომ დაკავებული იყო ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული პირები კლუბებში სპეცოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს.

დაკავებულთა შორის არის 1996 წელს დაბადებული ქეთი მურუსიძე. გამოძიება მურუსიძეს ედავება, რომ მან 0,0824 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA 100 ლარად და 0,3874 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA 500 ლარად უკანონოდ გაასაღა. 

საქმეში არსებული მასალებით, ქეთი მურუსიძისგან, ისევე როგორც დანარჩენი პირებისგან, ნარკოტიკული საშუალებების შეძენა საკონტროლო შესყიდვის საშუალებით მოხდა. [ამ ეტაპზე 8 ბრალდებულიდან 4  შემთხვევაში განაჩენი ცნობილია. სასამართლომ მათ 7 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა].

***

ქეთი მურუსიძისა და იმ დღეს დაკავებული კიდევ 4 პირის საქმეში ფიგურირებს აგენტი სოლომონ მათიკაშვილი.

მურუსიძისგან მან სულ 5 საკონტროლო შესყიდვა განახორციელა, საიდანაც 3 შემთხვევაში „ამოღებული“ ნივთიერება არა ნარკოტიკი, არამედ ფლუკოლდი [პარაცეტამოლი] აღმოჩნდა.

ამ 3 შემთხვევაზე მურუსიძეს გამოძიებამ ბრალი თაღლითობის მუხლით წაუყენა -  მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება. მის მიმართ წაყენებული თაღლითობის მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება დანარჩენ 2 შემთხვევას, მურუსიძის დაცვის მხარე ამბობს, რომ ამ ორ შემთხვევაშიც მურუსიძემ აგენტს, ანუ სოლომონ მათიკაშვილს პარაცეტამოლი მიჰყიდა, თუმცა აგენტმა ის გამომძიებელთან მიტანამდე ნარკოტიკული საშუალება MDMA-ით ჩაანაცვლა. დაცვის მხარის პოზიციით, ვინაიდან მათიკაშვილმა წინა 3 შესყიდვის დროს გამოძიებას ნარკოტიკების შესყიდვის ფაქტი ვერ წარუდგინა, მან ერთგვარი საყვედური მიიღო და შემდეგი 2 შესყიდვისას ამიტომაც ჩაანაცვლა პარაცეტამოლი MDMA-ით.

***

ქეთი მურისიძის ადვოკატი გია გოროზია „ლიბერალთან“ საუბრისას ამბობს, რომ მათიკაშვილმა ქეთი მურუსიძე ლაზარე სილაგაძის სახელით ფეისბუქით გაიცნო და მასთან მეგობრული ურთიერთობა ჩამოაყალიბა. ადვოკატი ამბობს, რომ ნდობის მოპოვებისთვის ურთიერთობის საწყის ეტაპზე მათიკაშვილი მურუსიძეს ნარკოტიკულ საშუალებებს სთავაზობდა. მურუსიძე, მისი მეგობრები და მათიკაშვილი ასევე ხშირი სტუმრები იყვნენ ღამის კლუბ „გალერის“. ადვოკატის თქმით, მათიკაშვილს მისთვის არაერთხელ შეუთავაზებია ნარკოტიკული საშუალება და ერთად მოუხმარიათ კიდეც.   

„შემდეგ, ვითომდა მათიკაშვილი ვეღარ შოულობდა ამ ნარკოტიკულ საშუალებას, ქეთის სთხოვდა, რომ მისთვის ეშოვნა ნარკოტიკი. როცა ქეთისგან პასუხად უარი მიიღო, რომ ვერ უშოვიდა ნარკოტიკს, ვინაიდან მას კავშირი არ ჰქონდა იმ პირებთან, ვისგანაც შეიძლებოდა ეჩუქა ან ეყიდა, ამის გამო ქეთი იძულებული გახდა, რომ დაებლოკა მათიკაშვილი. და მათ გარკვეული პერიოდი კომუნიკაცია აღარ ჰქონიათ“, - ამბობს მათიკაშვილი.

დაცვის მხარის პოზიციით, მათიკაშვილის „თავიდან მოშორების“ მიზნით,  მურუსიძე იძულებული გახდა, რომ მისთვის არანარკოტიკული საშუალება მიეცა, იმ იმედით, რომ მათიკაშვილი თავს დაანებებდა.

„ამიტომ მურუსიძე შედიოდა აფთიაქში და ყიდულობდა მედიკამენტ ფლუკოლდს, რომელიც შეიცავს პარაცეტამოლს. თავდაპირველად სამჯერ მისცა ეს ნარკოტიკული საშუალება. ეს იყო 2018 წლის 28 მარტი, 4 აპრილი და 21 აპრილი. ეს ხდებოდა კლუბ „გალერიში“. ანუ სამივე შემთხვევაში ქეთიმ მისცა არანარკოტიკული საშუალება, ვინაიდან მათიკაშვილი ავიწროებდა და ეხვეწებოდა - მიშოვე, მიშოვეო“, - ამბობს ადვოკატი.

(შინაგან საქმეთა სამინისტროს 18 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა არანარკოტიკული ნივთიერებების შესყიდვასთან დაკავშირებით. შსს-ს არგუმენტით, საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების დროს ხშირია შემთხვევები, როდესაც ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორები „ახალ კლიენტებზე“ ასაღებენ ე.წ „ფეიქებს,” - არანარკოტიკულ საშუალებებს, სანამ საბოლოო ნდობაში არ შევლენ მათთან).

მურუსიძის ადვოკატი ამბობს, რომ დაბლოკვის შემდეგ მათიკაშვილი საერთო ნაცნობების საშუალებითაც ცდილობდა ურთიერთობის აღდგენას.

„ქეთის არ ჰქონდა სურვილი და არ ამყარებდა მასთან კომუნიკაციას. თუმცა, როდესაც მათიკაშვილმა მისი დაბადების დღის შესახებ გაიგო, სხვა მეგობრის ტელეფონით დაუკავშირდა ქეთი მურუსიძეს და სთხოვა, რომ მიეღო დაბადების დღეზე და წყენა დაევიწყებინათ“, - ამბობს ადვოკატი.

მისი თქმით, ქეთი მურუსიძის ალიბს, რომ მათიკაშვილი დაბლოკილი ჰყავდა, ადასტურებს მისივე მეგობარი დავით გოგინავა. მან სასამართლოს მისცა ჩვენება და აღნიშნა, რომ თავადაც არ მოსწონდა მათიკაშვილი და მისგან თავს შორს იჭერდა. ისიც თქვა, რომ მურუსიძე ყველაზე მარტივად მოსალბობი იყო.

„ქეთიმ უთხრა გოგინავას - ვერ ვიცილებ ამას და რაღაც უნდა მოვუტანო - უბრალო აბი, 24 საათი სულ კაიფშია და მაინც ვერ გაიგებს და იქნებ თავი დამანებოსო“, - ამბობს ადვოკატი.

დაცვის მხარემ სასამართლოში ჯპს-ის წარმომადგენელიც დაკითხა, სადაც ადვოკატის თქმით, წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ისინი მითითებულ პერიოდში ნამდვილად ყიდდნენ ფლუკოლდს.

„ასევე ვთხოვეთ აფთიაქს, რომ ვიდეოკადრებიც მოეწოდებინათ, მაგრამ ვინაიდან 1 თვეზე მეტი იყო გასული, შეუძლებელი იყო ამ ჩანაწერების ამოღება“, - ამბობს გოროზია.

***

დაცვის მხარის მტკიცებულებები

რაც შეეხება დანარჩენ 2 შესყიდვას, როგორც აღვნიშნეთ, დაცვის მხარე ამბობს, რომ ამ შემთხვევებშიც მურუსიძემ აგენტს პარაცეტამოლი მიჰყიდა, თუმცა მათიკაშვილმა ის ნარკოტიკული საშუალებით ჩაანაცვალა. სასამართლო პროცესებზე დაცვის მხარე ცდილობს, მტკიცებულებების მეშვეობით დაამტკიცოს, რომ მურუსიძეს საქმეში არსებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან კავშირი არ ჰქონია.

რიგით მეოთხე საკონტროლო შესყიდვა მურუსიძისგან 26 აპრილს მოხდა. ადვოკატი ამბობს, რომ მურუსიძემ ისევ იყიდა ფლუკოლდი, ჩადო სააფთიაქო პარკში და მათიკაშვილს მიუტანა. 

„მათიკაშვილს, გამომძიებლისგან დავალებული ჰქონდა, რომ ყველა ნივთიერება, რომელსაც მოუტანდა ქეთი მურუსიძე, იქნებოდა ეს ქაღალდში, წებოვანი ლენტში თუ სხვა, პირვანდელი ფორმით მიეტანა გამომძიებლისთვის. ამ შესყიდვის დროს კი მათიკაშვილს გამომძიებელთან არ მიაქვს პოლიეთილენის პარკი. ასევე, როგორც სასამართლოში დაკითხვისას მათიკაშვილმა განაცხადა, კითხვაზე - თუ რა დროს დასჭირდა მას ამ „ფაქტის“ გამომძიებელთან მისატანად, ის ამბობს, რომ 3-5 წუთი. თუმცა, გამომძიებელი როცა დაიკითხა სასამართლოზე, მან თქვა, რომ 30 მეტრში იდგა, ყველაფერს აკონტროლებდა, რომ მათიკაშვილს რამე არ შეეცვალა. მისივე კატეგორიული განცხადებით, მან დაინახა, რომ მათიკაშვილს ნივთიერება არ შეუცვლია. აქ გამომძიებელი ცრუობს, რადგან უნდა, რომ გაამყაროს მათიკაშვილის ჩვენება. თუ 30 მეტრში გამომძიებელი იდგა, ლოგიკურად, რაც არ უნდა ნელი ნაბიჯით იარო, 30 მეტრის გავლას არ დასჭირდებოდა 5 წუთი. აქედან გამომდინარე, გამომძიებელი იქ არ იდგა, იდგა საკმაოდ მოშორებით, რითაც დიდი შანსი და შესაძლებლობა ჰქონდა მათიკაშვილს, რომ გამოეყენებინა ეს დრო და შეეცვალა ფლუკოლდი ნარკოტიკული საშუალებით, სანამ მას გამომძიებელთან მიიტანდა. 

გამომძიებელი ოლიკო ქარსელაძე, მინიმუმ 500 მეტრში იდგა, ანუ ფიზიკურად ვერ დაინახავდა [ადგილზე რა ხდებოდა]. გარდა ამისა, როდესაც მე ვკითხე გამომძიებელს, როგორი იყო ეს სკვერი, მან ვერ აგვიხსნა. ვერ დაახასიათა, რომ ეს სკვერი იყო დეკორატიული ნაძვებით გამწვანებული. ასევე ეს დეკორატიული ნაძვები დაახლოებთ ქეთის სიმაღლისაა, ანუ გამომძიებელი ფიზიკურად ვერ შეძლებდა, რომ დაენახა რა ხდებოდა ადგილზე. ჩვენ ამით გვინდოდა დაგვემტკიცებინა, რომ გამომძიებელი იქ [30 მეტრში] არ იმყოფებოდა და შესაბამისად ფიზიკურად ვერ დაინახავდა, რომ ეს ნივთიერება მათიკაშვილმა შეცვალა“, - ამბობს ადვოკატი.

კიდევ ერთი გარემოება, რომელზეც დაცვის მხარე დავობს არის ის, რომ ამ საკონტროლო შესყიდვის ვიდეოჩანაწერი არაა უწყვეტი - ადვოკატის თქმით, როდესაც მათიკაშვილი მურუსიძეს ართმევს შეკვრას, გამომძიებელთან მიტანამდე კადრი წყდება და გამომძიებელთან მისვლისას გრძელდება.

„ანუ კადრი არ არის უწყვეტი, სადაც უყტუარად დადასტურდებოდა, რომ რომელი ნარკოტიკიც მიიღო მათიკაშვილმა, იგივე მიიტანა გამომძიებელთან“, - ამბობს ადვოკატი გია გოროზია.

ადვოკატი ამბობს, რომ ამ საკონტროლო შესყიდვის შემთხვევაში ვინაიდან მათიკაშვილმა პირვანდელი სახით ნივთიერება გამომძიებელთან არ მიიტანა, ასევე ის, რომ ვიდეოჩანაწერი არაა უწყვეტ რეჟიმში, უნდა გაქარწყლდეს ეჭვი, რომ ეს ნარკოტიკული ნივთიერება მურუსიძის იყო.

ბოლო, მეხუთე შესყიდვა კი 4 მაისს მოხდა, კაფე „გალერიში“. ქეთი მურუსიძე მათიკაშვილს  აძლევს, ე.წ. წებოვალ ლეტში გახვეულ ნივთიერებებს.

„ჩვენებაში მათიკაშვილი ამბობს, რომ გამომძიებელი 100-150 მეტრში იდგა. ანუ მათიკაშვილს კაფეშივე ჰქონდა დრო, რომ შეეცვალა ნივთიერება, შემდეგ კი დრო გზაშიც ჰქონდა, სანამ გამომძიებელთან მივიდოდა“, - ამბობს ადვოკატი.

მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც ვიდეოჩანაწერი არაა უწყვეტი, რაც ცალსახად დაადასტურებდა, რომ მათიკაშვილს ნივთიერება არ შეუცვლია. მისი თქმით, ვიდეო ფლუკოლდის მიღებისთანავე რამდენიმე წამში წყდება, როცა მათიკაშვილი მურუსიძეს ემშვიდობება.

დნმ-ის დასკვნა

იმის დასამტკიცებლად, რომ საქმეში არსებულ ნარკოტიკზე ქეთი მურუსიძეს შემხებლობა არ ჰქონდა, დაცვის მხარემ შუამდგომლობით მიმართა პროკურატურას, რომ ნარკოტიკზე ჩატარებულიყო გენეტიკური ექსპერტიზა. ბრალდების მხარემ ამაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ შესაძლოა განადგურებულიყო საქმეში არსებული ნარკოტიკები. საბოლოოდ, დაცვის მხარემ თავად დანიშნა ალტერნატიული ექსპერტიზა 4 მაისის შემთხვევაზე, და ექსპერტიზის დასკვნით, მასზე ქეთი მურუსიძის შემხებლობა არ დადასტურდა.

ადვოკატს მიაჩნია, რომ თუ მოსამართლე გიორგი არევაძე ობიექტურად მიიღებს გადაწყვეტილებას, ნარკოტიკების გასაღების  2 ეპიზოდებზე ქეთი მურუსიძე უნდა გამართლდეს. ან ყველაზე ცუდ ვარიანტში, უნდა შეიცვალოს კვალიფიკაცია და საქმე თაღლითობის მუხლზე გადააკვალიფიცირდეს.

ადვოკატს ასევე კითხვები აქვს იმის თაობაზეც, რომ „როდესაც ადამიანი ჩადიოდა დანაშაულს, კერძოდ მურუსიძე ჩადიოდა თაღლითობას, რატომ არ აღკვეთეს ეს და რატომ არ დაიჭირეს იმ დანაშაულისთვის, რომელიც უკვე აშკარა იყო 3 შემთხვევაში.

„ამაზე გამომძიებელმა ასეთი პასუხი გაგვცა: ვინაიდან ვფიქრობდით, რომ ნარკოტიკულ ჯგუფთან გვქონდა კავშირი და შესაძლებელი იყო, რომ ნარკორეალიზატორების ჯგუფზე გავსულიყავით, ამიტომ არ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ეს ღონისძიება შეგვეწყვიტაო. თუმცა ეს არის არაკანონიერი და არასწორი. ვინაიდან, როდესაც პირი ჩაიდენს დანაშაულს, და მასზე არსებობს საკმარისი მტკიცებულება, უნდა მიიღო შესაბამისი ზომები, პირი დააკავო და მისცე პასუხისგებაში“, - ამბობს ადვოკატი.

რაც შეეხება მათიკაშვილს, ადვოკატის თქმით, მისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში მონაწილეობით დაკავებულია 4  ბრალდებული. სხვა შემთხვევაში არის სხვა აგენტები.

„მათიკაშვილის ჩვენებით და მტკიცებით ყველა ეს ბრალდებული დაკავშირებული იყო ერთმანეთთან, რომ ესენი იყვნენ ერთი ქსელი, და ჯგუფურად ყიდდნენ ნარკოტიკებს. თუმცა დადგინდა, რომ თითოეულ მათგანს არანაირი კავშირი არ ჰქონდა ერთმანეთთან და არ წარმოადგენდნენ ჯგუფს. ამიტომ გამოძიებამ საქმე გაყო ბრალდებულების მიხედვით და სასამართლო ცალ-ცალკე წარმართა“.

ქეთი მურუსიძის შემდეგი პროცესი 7 თებერვალს გაიმართება, სადაც დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით წარდგება. შემდეგ კი მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავა. 

***

„ლიბერალმა“ კითხვებით მიმართა მთავარ პროკურატურას. 

შენიშვნა: როგორც უწყებაში განგვიცხადეს [6.02.2019], გამოცემის კითხვებზე პასუხის გასაჯაროება განაჩენის გამოცხადებამდე მათ მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ.

უწებისგან გვაინტერესებდა, ბრალდების მხარეს რა უტყუარი მტკიცებულებები აქვს იმისა, რომ ბოლო ორი საკონტროლო შესყიდვის დროს, ბრალდებულმა ქეთი მურუსიძემ აგენტს ნარკოტიკული საშუალება მიჰყიდა.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერები არაა უწყვეტი, რითაც უტყუარად დადასტურდებოდა, რომ მურუსიძისგან მიღებული ნივთიერება აგენტმა შეუცვლელად გადასცა გამომძიებელს. ასევე, 4 მაისის შესყიდვაზე ჩატარებულია გენეტიკური ექსპერტიზა და დასკვნით მიხედვით, მურუსიძის შემხებლობა ნარკოტიკზე არ დადასტურდა. 

კითხვები ასევე ეხებოდა დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარ სხვა საკითხებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^