იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უახლოეს სხდომაზე განიხილავს დეპუტატების ირაკლი სესიაშვილისა და ოთარ ჩრდილელის საკანონმდებლო ინიციატივას სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების თაობაზე.
ამ ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკის ნაბეჭდი გამოცემის ან ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, გავრცელება, რეკლამირება, რეალიზაცია, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
სესიაშვილის წარდგენილი პროექტით სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება 343-ე პრიმა მუხლი და ასეთი რუკების დამზადება, გავრცელება და ა.შ. დაისჯება ჯარიმით ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. გათვალისწინებული მინიმალური ჯარიმა კი 2000 ლარია.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო შემთხვევები, როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკები გავრცელდა. ამიტომ მიზანშეწონილია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ეს ქმედება განიხილებოდეს დასჯად ქმედებად და დაწესდეს სათანადო სასჯელი.
კანონში ცვლილებები დეპუტატებმა 2018 წლის ოქტომბერში მოამზადეს. როგორც მაშინ ირაკლი სესიაშვილმა „ლიბერალს“ უთხრა, კანონპროექტი რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლისთვის იქმნება, რადგან რუსეთის სტრატეგიის ერთი ნაწილია სწორედ რუკების დამახინჯება.