სამშენებლო კომპანია „არქი" ისნის ობიექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამ ობიექტზე მშენებლობას კონტრაქტორის კომპანია ანაგი ახორციელებს და სწორედ ეს კომპანიაა პასუხისმგებელი მშენებლობის უსაფრთხოების დაცვაზე.
განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ ისნის ობიექტთან დაკავშირებით მათ „ანაგთან" დაიწყეს ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურა და სხვა ობიექტებზე, რომელსაც ანაგი აშენებს, მოითხოვეს უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით, დარჩენილ პროექტებზეც შეწყდება თანამშრომლობა. გთავაზობთ განცხადებას:
„არქი, უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება სამშენებლო რეგულაციების დაცვას, რადგან სწორედ ადამიანთა უსაფრთხოება და სამშენებლო ხარისხია ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი.
18 თებერვალს, ჩვენმა ერთ-ერთმა მომხმარებელმა ბატონმა დავით ბრაგვაძემ, ფეისბუქის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია უსაფრთხოების ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდით. ვითარების გასარკვევად დაუყოვნებლივ დავუკავშირდით ბატონ დავითს და ასევე სამშენებლო კომპანია ანაგს, რომელიც აწარმოებს აღნიშნული პროექტის მშენებლობას და სრულად პასუხისმგებელია მშენებლობის უსაფრთხოების დაცვაზე. როგორც გაირკვა ძლიერი ქარის გამო, მეზობელი მშენებლობიდან მოწყვეტილი საგანი მოხვდა შენობას, დაზიანდა ალუმინის ფასადი და გაჩნდა საშიშროება, რომ ალუმინის ფილა სრულად მოეგლიჯა ქარს. როგორც ანაგმა განმარტა, მომუშავე პერსონალის აივნის მოაჯირზე ყოფნაც სწორედ გადაუდებელმა - ფილის სასწრაფო დემონტაჟის აუცილებლობამ გამოიწვია. ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ რაც არ უნდა გადაუდებელი აუცილებლობა იყოს, ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია მსგავსი დამოკიდებულება - უკონტროლოდ და უსაფრთხოების წესების სრული დაცვის გარეშე მუშაობა და ადამიანთა საფრთხის წინაშე დაყენება.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ მშენებლობას ახორციელებს ანაგი, როგორც არქის კონტრაქტორი კომპანია და სამშენებლო უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა მას ეკისრება, ჩვენ არ ვარიდებთ თავს პასუხისმგებლობას - მაქსიმალურად სწრაფი რეაგირება გავაკეთეთ მომხდართან დაკავშირებით და უმკაცრესი გაფრთხილება მივეცით კომპანია ანაგს. შესაბამისად, არქი ისნის ობიექტთან დაკავშირებით დავიწყეთ ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურა და სხვა ობიექტებზე, რომელსაც ანაგი აშენებს, მოვითხოვეთ სრული უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები. წინააღმდეგ შემთხვევაში დარჩენილ პროექტებზეც შეწყდება ჩვენი და კომპანია ანაგის თანამშრომლობა.
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, ვისი თანამშრომელიც არ უნდა იყოს მშენებლობაზე, არქისთვის უმნიშვნელოვანესია მომუშავეთა უსაფრთხოება და არ დავუშვებთ, არცერთი ადამიანის სიცოცხლის საფრთხის წინაშე დაყენებას", - ნათქვამია „არქის" განცხადებაში.