Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გუდამაყარი პროტესტისთვის ემზადება

21 თებერვალი, 2019 16:50

გუდამაყრის ხეობაში შპს „სოლო ენერჯის“ მიერ მდინარე შავ არაგვზე და მდინარე ბაკურხევზე 8.35 მეგავატი სიმძლავრის ჰესების -  „შავი არაგვი“ და „შავი არაგვი 1-ის“ მშენებლობა იგეგმება. პროექტის მიხედვით მდ. შავი არაგვი და მდ. ბაკურხევის ნაწილი მილებში უნდა მოექცეს.

მოსახლეობა გუდამაყრის ხეობაში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია. ადგილობრივები ეკოლოგიურ საფრთხეებზე საუბრობენ და შიშობენ, რომ ხეობა ტურისტულ პოტენციალს დაკარგავს.

მიუხედავად იმისა, რომ თებერვლის შუა რიცხვებია, გუდამაყარში მზიანი ამინდია, თოვლი გაყინულია, რაც ტრასპორტისთვის მოძრაობას კიდევ უფრო ართულებს.  ფასანაურის შემდეგ ხეობის უსწორმასწორო გზას ნელ-ნელა მივუყვებით. აქტივისტები  თითქმის ყველა შემხვედრთან მანქანას აჩერებენ. თანხმობის შემთხვევაში, ისინი ხელს აწერენ ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო პეტიციას. მას ხელს ყველა შემხვედრი აწერს.

გარემოსდამცველებმა და გუდამაყრელებმა ჰესის წინააღმდეგ საინიციატივო ჯგუფი შექმნეს.

„როგორც ყველასი, ისე ჩემი წილიც არის არაგვი და მინდა, რომ დავიცვა, შევინარჩუნო, ისეთი, როგორიც არის“, -გვეუბნება გიორგი ბექაური. ის ერთ-ერთი მათგანია, ვინც ჰესის მშენებლობას აქტიურად ეწინააღმდეგება. წარმოშობით გუდამაყრელია, გეგმავს, რომ ხეობაში დამკვიდრდეს, საკუთარი ბიზნესი წამოიწყოს და რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყოს ხელი.  გიორგი ამბობს, რომ ეკოლოგიურ საფრთხესთან ერთად, ჰესების მშენებლობა ტურიზმის განვითარებას შეუშლის ხელს და ხეობას ამ პოტენციალს დაუკარგავს.

„ახლა დროებით ამოვდივარ აქ, მაგრამ მომავალში ვაპირებ, რომ საცხოვრებლად გადმოვიდე. ჩემი ხედვები მაქვს ტურიზმის განვითარების კუთხით. მინდა, დავუბრუნდე აქაურობას. ჩემი აზრით და ყველას აზრით,  ტურისტული თვალსაზრისით ჰესები და ასეთი ნაგებობები ხეობას დააუშნოებს. ყველას ხელუხლებელი ბუნება აინტერესებს“,-ამბობს გიორგი ბექაური.

ბექაური გვიყვება, რომ  გუდამაყარს, შთამბეჭდავ ბუნებასთან ერთად, აქვს შესანიშნავი ადგილმდებარეობა. აქვს გადასასვლელი ბილიკები ფშავში, ხევსურეთში, მთიულეთსა და ყაზბეგში. ამიტომაც, ის ფიქრობს, რომ  შესაძლებელია, გუდამაყარი ტურისტულ ცენტრად იქცეს.

ბექაურის თქმით, პროექტით გათვალისწინებულია მდინარის ნაწილის, 6 კილომეტრის მანძილზე არაგვის მილებში მოქცევა, რამაც შესაძლოა კატასტროფული შედეგი მოუტანოს ხეობას. 

ბექაური ყურადღებას ეკოლოგიურ პრობლემებზეც ამახვილებს და ამბობს, რომ არაგვის მილებში მოქცევით ბიომრავალფეროვნებასაც შეექმნება საფრთხე, გაქრება კალმახი და ა.შ.

ეთერ წიკლაურიც გუდამაყრის მკვიდრია, სკოლის მასწავლებელი.

მას მიაჩნია, რომ ჰესის აშენების შემთხვევაში ხეობა ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დადგება. მისი თქმით, არაგვის ადიდება ხეობის მოსახლეობას ყოველწლიურად ისედაც აყენებს საფრთხის წინაშე.

ეთერ წიკლაური ამბობს,  არაგვის მილებში მოქცევის შემთხვევაში, მდინარე დაკარგავს თავის ფუნქციას წყლით მომარაგების კუთხით. წიკლაური აღნიშნავს, რომ პროექტით მდინარის მხოლოდ 10%-ის გარეთ გამოშვებაა გათვალისწინებული, რაც ასევე პრობლემურია, რადგან არაგვი, გარდა გაზაფხულის სეზონისა, მცირე ნაკადით მოედინება. 

„რომ გვპირდებიან, წყლის 10%-ს მილებს გარეთ გამოუშვებენ, ზღაპარია. რა ქნას მერე მოსახლეობამ? ჩემთვის წარმოუდგენელია გუდამაყარი შავი არაგვის გარეშე. მოსწავლეებს როგორ უნდა ავუხსნა გოდერძი ჩოხელის შესახებ რამე? მეორედ მოვკლავთ მას. ეკოლოგიას ალბათ კიდევ ეშველება, არაგველობას ვკარგავთ ამით და რის ხარჯზე?“,-ამბობს წიკლაური.

გარდა ამისა, ის ამბობს, რომ ხეობის მოსახლეობის ინფორმირებულობაზე კომპანიასა და გარემოს დაცვის სამინისტროს არ უზრუნია.

„ჩვენამდე არ მოდის ინფორმაცია იმის შესახებ, რა საფრთხები არსებობს. ელექტროგადამცემი ბოძები როცა გაიყვანეს, გადაითხარა სალოცავები, გადაითხარა სასაფლაოები. მაშინ არ გავაპროტესტეთ და ზუსტად ეს გახდა წინაპირობა იმისა, რომ ასე მალულად, მოტყუებით მეორე პრობლემას გვახვევენ თავს“, - გვეუბნება ეთერ წიკლაური.

ადგილობრივი ჟუჟუნა ბექაური გუდამაყრის მოსახლეობისგან  დაცლის პრობლემებზე გვესაუბრება. ის ყურადღებას ამახვილებს მდინარე არაგვის მნიშვნელობაზე მოსახლეობისა და დამსვენებლებისთვის.

„კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რადგან თუ ეს მოხდება, ეს სილამაზე სრულიად ჩაკვდება. ისედაც ჩამკვდარია აქაურობა. ახალგაზრდები აქ არ არიან. აღარავინ დაბრუნდება და დარჩენილებიც გავიქცევით“,-ამბობს ჟუჟუნა ბურდული.


რას ამბობენ ექსპერტები და გარემოსდამცველები

ამ ეტაპზე მომზადებულია მხოლოდ სკოპინგის ანგარიში, რაც გულისხმობს პროექტის წინასწარ შესწავლას, ფიზიკური/რეგიონული ფარგლების  დადგენას; გარემოსდაცვითი საკითხებისა და საქმიანობის ალტერნატივების განსაზღვრას; ანგარიშში შესწავლილი უნდა იყოს მისი სოციალურ გარემოზე,  კულტურულ მემკვიდრეობასა და სხვა ობიექტებზე შესაძლო ზემოქმედება. სკოპინგის ანგარიში წინ უსწრებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადებას.

აქტივისტებისა და ექსპერტების თქმით, სკოპინგის ანგარიში ფორმალურია და ის არ პასუხობს იმ საკითხებს, რასაც სკოპინგი უნდა ითვალისწინებს.

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი აკაკი ფანჩულიძე „ლიბერალთან“ ამბობს, რომ სკოპინგის ეტაპზე არ არის შესწავლილი მთელი რიგი საკითხები, რომლებსაც, წესით, ეს დოკუმენტი უნდა მოიცავდეს.

მისი თქმით, არ არის გაანალიზებული, რა სიკეთის მომტანი შეიძლება იყოს ხეობისთვის ჰესები; თუ რატომ შეიძლება უნდოდეს მოსახლეობას 8.4 მეგავატიანი ჰესის მშენებლობა.

„ვფიქრობ, აუცილებელია დაცულ ტერიტორიებზე ზემოქმედების შესახებ ინფორმაციის მომზადება, რათა უფრო ფართოდ იყოს განხილული ეს საკითხი. რეალურად დაგეგმილია, რომ იქ უნდა შეიქმნას დაცული ტერიტორია და ამისთვის სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. ასევე, აუცილებლად უნდა გაკეთდეს სოციალურ გარემოზე, კულტურულ მემკვიდრეობასა და სხვა ობიექტებზე შესაძლო ზემოქმედების დეტალური შეფასება“,-ამბობს აკაკი ფანჩულიძე.

მისი თქმით, კითხვას პასუხი უნდა გაეცეს - რისი მომცემია ამ მცირე ჰესის მშენებლობა და რა უფრო მნიშვნელოვანია კონკრეტულად ამ ზონაში.

ფანჩულიძის თქმით, არაგვის მილებში მოქცევით, ჩამონადენს დაეკარგება ფორმა და მდინარის ეკოლოგიური სტატუსი დაბალი გახდება. ფანჩულიძე აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ისმის. 

აქტივისტი, გარემოსდამცველი ხატია მაღლაფერიძე ამბობს, რომ გუდამაყარში მოსახლეობამ დაგვიანებით გაიგო სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ, რომელიც 11 იანვარს სოფელ კიტოხში გაიმართა.

„თავი არ შეუწუხებია გარემოს დაცვის სამინისტროს, რომ გუდამაყარში ჩამოსულიყო და მოსახლეობა გაეფრთხილებინა საჯარო განხილვის შესახებ. განხილვას სულ 7 ადამიანი ესწრებოდა“,-ამბობს ხატია მაღლაფერიძე.

მაღლაფერიძე ამბობს, რომ არ არის დათვლილი, რას კარგავს მოსახლეობა ჰესის აშენების შემთხვევაში და რას იღებს სანაცვლოდ.

რას ამბობს კომპანიის მფლობელი

„სოლო ენერჯის“ წარმომადგენელი გიორგი აფციაური  „ლიბერალთან“ საუბრისას ამბობს, რომ ამ ეტაპზე საფუძველსმოკლებულია ის შიშები და ვარაუდები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს. აფციაური გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის მომზადებას ელოდება.

„ჯერ მეც კი არ ვიცი, ტექნიკურად როგორი იქნება, რა ღირებულება ექნება ეკონომიკურად. გარემოზე ზემოქმედების შეფასება არ გვაქვს. უსაფუძვლოა ეს ვარაუდები, არასწორ ინფორმაციას აწვდის მათ ვიღაც, ვინც ეუბნება, რომ დაინგრევა ყველაფერი, ან დაიტბორება, ან დაშრება“,-ამბობს ის.

რაც შეეხება სკოპინგის ანგარიშს, აფციაურს მიაჩნია, რომ სკოპინგის ანგარიშის განხილვა გუდამაყარში რეგლამენტის სრული დაცვით ჩატარდა.

კომპანიის დირექტორის თქმით, ის აპირებს, გააგრძელოს ამ საკითხებზე მუშაობა და ბოლომდე შეისწავლოს პროექტის ღირებულება და ჰესის აშენების შემთხვევაში - მისი შედეგი. ააშენებს თუ არა კომპანია ჰესს, მისი თქმით, დამოკიდებული იქნება გზშ-ზე და ეკონომიკურ შეფასებაზე.

„არ ვიცი, როდის დაიწყება გზშ-ის ანგარიშზე მუშაობა. რა თქმა უნდა, ვაპირებ, რომ გავაგრძელო ამ საკითხზე მუშაობა, რადგან დავიწყეთ შესწავლა. პროექტამდე ძალიან დიდი დროა და ამ ეტაპზე შიშები და ვარაუდები საფუძველს მოკლებულია“, - უთხრა „ლიბერალს“ გიორგი აფციაურმა.

- - -

საინიციატივო ჯგუფმა ჰესის აშენების წინააღმდეგ ონლაინ პეტიციაც შექმნა.

მარტში გუდამაყრელები ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ სახალხო კრების ჩატარებას აპირებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
^