პარლამენტის წევრმა გედევან ფოფხაძემ, რომელმაც „ქართული ოცნება" დატოვა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მიზეზებზე ისაუბრა. მან თქვა, რომ „ქართული ოცნებაში“ შიდაპარტიული გამოკითხვები გაყალბებული იყო.
გედევან ფოფხაძემ თქვა, რომ მას ეუბნებოდნენ მაჟორიტარობაზე უარი ეთქვა და პარტიული სიით მიეღო მონაწილეობა არჩევნებში, რადგან ბორჯომში დაბალი რეიტინგი ჰქონდა.
„მე პირდაპირ გეტყვით, რომ ეს გამოკითხვები იყო გაყალბებული, აბოსოლუტურად. მაშინ მითხრეს, რომ შენ ბორჯომში გაქვს 7% რეიტინგი, სხვას აქვს უფრო მეტი და შენ ნუ დადგები მაჟორიტარად. როცა ვიკითხე როგორ ჩატარდა, სად ჩატარდა ეს გამოკითხევბი - ვერ მივიღე ამომწურავი პასუხი. მერე მითხრეს, რომ აი ამას (სახელს და გვარს არ ვიტყვი) აქვს ცნობადობა 51% და შენ გაქვს 40%, მეთქი, მე ამ ადამიანს არ ვიცნობ საერთოდ ვისზეა საუბარი. შეიძლება მე არ ვუყვარვარ, მაგალითად, იმ საზოგადეობას, მაგრამ ცნობადობა 40%-ზე მეტი ალბათ თბილისში მაქვს და ბორჯომში როგორ არ მექნება, სადაც სკოლა დავამთავრე. მეცხრე კლასელი მოსწავლე ვიყავი, როდესაც არაფორმალური პარტია დავაფუძნე და იქედან მოყოლებული ვაქტიურობ. თან ჩვენი ოჯახი ბორჯომში, მამაჩემის წყალობით, ძალიან ცნობილი ოჯახი იყო. ანუ ცნობადობა მე 40% არ უნდა მქონოდა. ეს შიდა კვლევები ვიღაცამ გააყალმა, "- განაცხადა გედევან ფოფხაძე.