დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ დღეს მისი კომიტეტის სხდომა სამარცხვინო იყო და ასეთი სხდომებით ქვეყანა ვერ აშენდება.
„ყველა ძალიან სწორად ელოდება მესამე ძალას იმიტომ, რომ თვისობრივად განახლებული ძალაა საჭირო. შურისძიების მატარებელი ძალების დრო წავიდა, შერიგება რომ აქვს მთავარ ღერძად, ისეთი ძალა უნდა მოვიდეს. ახლა ერთმანეთს ვინ ვაჯობებთ, არავის აღარ აინტერესებს უკვე. ჩვენ ვაჯობებთ „ნაციონალებს“, „ნაციონალები“ გვაჯობებენ ჩვენ, „პატრიოტები“ როგორ იძიებენ ვიღაცაზე შურს თუ როგორ იქნება - ეს ხალხს აღარ აინტერესებს. საზოგადოებას უნდა მშვიდობაზე ორიენტირებული, გამაერთიანებელი ძალა, რომელიც ლიბერალსაც და კონსერვატორსაც ერთად დასვამს და ერთმანეთთან დიალოგს ასწავლის.
წასული პოლიტიკაა ასეთი საუბრები, რასაც ჩვენ ვხედავთ. ჩემი კომიტეტის სხდომა, ჩემი აზრით, სამარცხვინო იყო დღეს, ჩემთვისაც და ყველასთვისაც, იმ გაგებით, რომ ქვეყანა ასეთი სხდომებით ვერ აშენდება. კი ბატონო, ვიღაცამ თავისთვის მეტი ქულა ჩაიწერა, ვიღაცამ ნაკლები, მაგრამ ქვეყანას რა აქედან?!“, - განაცხადა რომან კაკულიამ.