კომპანია „თბილისის ბიზნეს სახლის“ 30-მდე თარჯიმანი უკვე მეორედ გაიფიცა - ამის შესახებ თარჯიმნებმა „სოლიდარობის ქსელის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
„ჩვენ უკვე მეორედ და უფრო მძიმედ გამოვხატავთ პროტესტს იმ ექსპლუატაციისა და თაღლითობის სქემის წინააღმდეგ, რაც ამ კომპანიაში არსებობს“, - აცხადებენ თარჯიმნები
„სოლიდარობის ქსელის“ განცხადებით, „თბილისის ბიზნეს სახლი“ არის კერძო კომპანია, რომელიც იგებს სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გამოცხადებული ტენდერების უმრავლესობას. ის მთარგმნელობით მომსახურებას უწევს ფინანსთა, თავდაცვის და სხვა სამინისტროებს, ასევე, საპატრულო პოლიციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სოციალური მომსახურების სააგენტოს და ა.შ.
„სახელმწიფოს მოხსნილი აქვს პასუხისმგებლობა კერძო კომპანიების მიერ ტენდერების შესრულების ზედამხედველობაზე, დაზარალებული თარჯიმნები კომპანიას თაღლითურ სქემაში ამხელენ და სთხოვენ ისევე როგორც მას, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებს მოახდინონ რეაგირება აღნიშნულზე“, - აცხადებს „სოლიდარობის ქსელი“
კუთვნილი ანაზღაურების გადახდას თარჯიმნები დეკემბერშიც მოითხოვდნენ. მაშინ გიორგი გაგნიძემ („თბილისის ბიზნეს სახლის“ დირექტორმა) თარჯიმნებს ხელფასები აუნაზღაურა, თუმცა „სოლიდარობის ქსელის“ განცხადებით, ერთი თვის შემდეგ იგივე გაგრძელდა. თარჯიმნები ითხოვენ კუთვნილ ხელფასებს და სტაბილურ შრომის ანაზღაურებას.