
ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება, ის “ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს. როგორც საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს პრეცენდენტი მიანიშნებს გუნდის სიძლიერეზე.
"ჩემი აზრით, ისეთი პრეცედენტი, როგორიც დღეს დაფიქსირდა ქართულ პოლიტიკაში, მიანიშნებს გუნდის სიძლიერეზე, როდესაც წარმატებული ლიდერი, რომელიც თავის დროზე იყო აღმასრულებელი საქმიანობით დაკავებული ბრუნდება გუნდში პირნათელი და ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ დგება. უფრო მეტიც, ამ ადამიანს შეუძლია ძალიან თამამად იტვირთოს ლიდერის ფუნქცია იმ გუნდში, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი თავად იყო, გააგრძელოს პარტიული საქმიანობა, გააძლიეროს პარტია და მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის განვითარებაში.
ღარიბაშვილის დაბრუნება მიუთითებს ამ ადამიანის სიძლიერეზე და მის პიროვნულ თვისებებზე. ვფიქრობ, ირაკლი ღარიბაშვილი სხვა ადამიანებთან და განახლებულ გუნდთან ერთად, რომლებიც პერიოდულად შემოემატებიან პარტიას, ძველი მებრძოლების და ახალი წევრების სინთეზი უზრუნველყოფს ჩვენი ქეყნის კიდევ უფრო განვითარებას",- განაცხადა მდინარაძემ.