„ელმავალმშენებელი" ქარხნის თანამშრომლები ანაზღაურებას სავარაუდოდ 17 მარტის შემდეგ მიიღებენ, - დღეს გამართულ აქციაზე მუშები კუთვნილი ხელფასების გაცემის მოთხოვნით შეიკრიბნენ. პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა მათ აქციაზე კომპანიის წარმომადგენლის წერილი გააცნო, სადაც ნათქვამია, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ ხდებოდა ფულის გადარიცხვა, რაც არანაკლებ 2 კვირაში გამოსწორდება.
„კომპანია logo Trans Company LTD, სს ელმავალმშენებელი ქარხნის აქციების 87%-იანი წილის მფლობელი ინფორმირებულია ქარხნის შრომითი კოლექტივის წინაშე 2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბრის თვეში სახელფასო ვალის შესახებ. მოცემული ვალის დაფარვის ფულადი სახსრები გამოიძებნა და უნდა ჩარიცხულიყო ქარხნის ანგარიშზე 2019 წლის თებერვალში. თუმცა გადახდის პროცესში ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს, უფრო ზუსტად, მოხდა იმ ანგარიშის დაბლოკვა, საიდანაც იგეგმებოდა ფულის გადარიცხვა.
კომპანია loco Trans Company LTD-მ ძალისხმევა არ დაიშურა საკითხის სასწრაფოდ გადასაწყვეტად, მაგრამ ანგარიშის განბლოკვის პროცედურა გრძელდება არანაკლებ ორი კვირისა. ფულის სს „ელმავალმშენებლის" ანგარიშზე დარიცხვის სავარაუდო თარიღია 2019 წლის 17 მარტი", - ვკითხულობთ წერილში.
LIVE ► „ელმავალმშენებელი" ქარხნის თანამშრომლები აქციას მართავენ
„ელმავალმშენებელი" ქარხნის თანამშრომლების თქმით, მათ ხელფასი 6 თვის განმავლობაში არ მიუღიათ. დღეს გამართულ აქციაზე მათ სახელფასო დავალიანების გასტუმრება მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით, პროტესტის სხვა ფორმებს მიმართავენ.