მე ვერ დავადასტურებ, რომ [C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა] ხისტად შეწყდება, მაგრამ ამის რისკი, ალბათ, არსებობს”, - ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს კომენტარს „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
„ფორმალურად კონტრაქტში ასეა - ელიმინაციის მიზნები 2020 წლამდეა გაწერილი. ფარმაცევტულ კომპანიასთან ხელშეკრულება უფრო ხანგრძლივია, მაგრამ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად მეტი ადამიანი ჩაერთვება, რომ 2020 წლისთვის მკაფიო შედეგები გვქონდეს. მე ვერ დავადასტურებ, რომ ეს ხისტად შეწყდება, მაგრამ ამის რისკი, ალბათ, არსებობს”, - განაცხადა სერგეენკომ.
მისი თქმით, 2020 წლისთვის, განკურნებული პაციენტების რაოდენობა 125 000 უნდა იყოს.
„პროექტი წარმატებულად მიმდინარეობს, მაგრამ დღის განმავლობაში ჩართული პაციენტების რაოდენობასთან დაკავშირებით არის შესაძლებლობა, რომ 3-ჯერ ან 4-ჯერ მეტი იყოს, რომ ეს პროექტი სწორად და გართულებების გარეშე დავამთავროთ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას, რომ ეს შესაძლებლობა გამოიყენონ. მიზნები არის, რომ მათ 90%-ს ჩაუტარდეს სკრინინგი და მინიმუმ 90% სკრინინგში ჩაერთოს. ვინც ჩაერთვება, მათგან მინიმუმ 95% გამოჯანმრთელდეს. გამოჯანმრთელების ბოლო მაჩვენებელი 98%-ია, ანუ ბევრად უფრო კარგი. ჩართულობის მიხედვით გამოდის, რომ დაახლოებით, 125 000 ადამიანს უნდა ვუმკურნალოთ, ახლა დაახლოებით 50 000-მდე გვყავს, ვისაც მკურნალობა სჭირდება, ადრეული სტადია აქვთ და სიმპტომები არ აწუხებთ, ამიტომ ნაკლებად ერთვებიან პროგრამაში”,- განაცხადა სერგეენკომ.
შესწორება:
მასალაში თავდაპირველად აღნიშნული იყო, რომ მინისტრ დავით სერგეენკოს თქმით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში უკვე 125 000-მა პირმა იმკურნალა.
„ლიბერალი“ ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა მონაცემების გადასამოწმებად. როგორც უწყებაში განმარტეს, მინისტრმა კომენტარის დროს მექანიკური შეცდომა დაუშვა - „უკვე ვუმკურნალეთ“ ნაცვლად უნდა ეთქვა „უნდა ვუმკურნალოთ“.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, მკურნალობაში ამ დრომდე ჩაერთო 53 000 ადამიანი. აქედან მკურნალობა უკვე დაამთავრა დაახლოებით 49 000-მა.
განკურნების მაჩვენებელი არის 98%. რაც შეეხება ნახსენებ 125 000 ადამიანს, ეს 2020 წლისთვის სტრატეგიით გათვალისწინებული, განკურნებული პაციენტების რაოდენობაა. „რამაც გაიჟღერა, ეს არის ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი, რომელიც 2020 წლის ბოლომდე უნდა მივიღოთ ქვეყანაში... მკურნალობაში კიდევ უნდა ჩავრთოთ დაახლოებით 60-65 ათასი ადამიანი, მომავალი 2 წლის განმავლობაში“, - ამბობს გამყრელიძე.
-
შეგახსენებთ, რომ:
ეროვნული სტრატეგიით, საქართველო 2020 წლისთვის მიზნად ისახავს:
- C ჰეპატიტით ინფიცირებულთა 90%-ის გამოკვლევას;
- C ჰეპატიტის ქრონიკული ფორმის მქონეთა 95%-ის მკურნალობას;
- მკურნალობის შედეგად 95%-ის განკურნებას.
2015 წელს ჩატარებული კვლევით, საქართველოში 150 000 პაციენტს აღენიშნება ქრონიკული C ჰეპატიტი. ელიმინაციის მიზნის მისაღწევად საჭირო იქნება დაახლოებით 135 000 პაციენტის დიაგნოსტირება, 128 000 პაციენტის მკურნალობა და 122 000-ის განკურნება.
C ჰეპატიტის პროგრამაში პაციენტთა ჩართვის მაჩვენებელი დაბალია - რა სახელდება ბარიერად