„დავით ბაგრატიონ-მუხრანელი თავს საქართველოს სამეფო სახლის მეთაურს უწოდებს, რეალურად კი ეს წოდება და ტიტული მას არ ეკუთვნის“, - ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სასამართლოში „საქართველოს სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობისთვის“ უჩივიან. მუხრანელების შტო კი გრუზინსკების სამეფო წარმომავლობას ეჭვის თვალით უყურებს და დნმ-ის ანალიზს მოითხოვს.
თბილისის საქალაქო სასამართლო დავას კოლეგიური - სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს.
„რუსთავი 2-თან“ ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატმა განაცხადა, რომ მუხრანელების მოთხოვნის შესრულება ტექნიკურად შეუძლებელია და ეს მხოლოდ მისი წინაპრების ექსჰუმაციით არის შესაძლებელი, რაზეც სამეფო ოჯახი თანახმა არ არის.
„ჩვენ მივმართეთ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, ხელში მიჭირავს მათი პასუხი, რომლითაც დადასტურებულია, რომ დნმ ანალიზის შედეგად განსაზღვრული მისი ჰაპლოტიპის რომელიმე ჰაპლოჯგუფისადმიმიკუთვნების გზით ნათესაური კავშირის დადგენა არ ხდება. ეს არის ზუსტად ის, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით. იგი გვეპატიჟება მოგზაურობაში, რომლითაც პირთა შორის ნათესაური კავშირის დადგენა არ ხდება, ამიტომ ამ ტიპის ექსპერტიზას სჭირდება, როგორც პეტრე ალექსანდრეს ძის, ისე პეტრე პეტრეს ძის ექსჰუმაცია. მისი ჭორების გამო, იმისთვის, რომ საზოგადოებაში ეჭვი გაჩნდა, სვეტიცხოვლიდან ორ გვამს ეგზჰუმაციას ვერ გავუკეთებთ,“ - განაცხადა ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატმა, ლევან გორელაშვილმა.