დღეს, 17:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში მედიაციის ფარგლებში სოციალურ მუშაკებთან, გაფართოებული შეხვედრა გაიმართება. შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე სოციალურმა მუშაკებმა ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ შეხვედრის პარალელურად სამინისტრო „მედიაციის პროცესის გვერდის ავლით ავალდებულებს რაიონული სერვისცენტრებიდან სოციალურ მუშაკებს, დაესწრონ სავალდებულო შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრთან, ზუსტად იმავე დროს - მედიაციის შეხვედრის პარალელურად“.
მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სოციალურ მუშაკებთან ორ პარალელურ შეხვედრასთან დაკავშირებით არასწორია.
„შეხვედრა არის ერთი, მხოლოდ მედიაციის ფარგლებში, რომელსაც დავესწრები მე, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღანელობა, როგორც დამსაქმებელი, მედიატორი და ყველა ის სოციალური მუშაკი, რომელიც ჩართულია მედიაციის პროცესში“ - აცხადებს თამარ ბარკალაია.
სამინისტროში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ პარალელური შეხვედრა უწყებაში დაგეგმილი არ ყოფილა.
უწყებაში აცხადებენ, რომ მედიაციის ფარგლებში გაფართოებულ შეხვედრას დღეს სოც.მუშაკები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან დაესწრებიან.
სოცმუშაკები: ჯანდაცვის სამინისტრო მედიაციის პროცესისთვის ხელის შეშლას ცდილობს